შეკითხვები გამოგზავნეთ საკონტაქტო გვერდის საშუალებით.

რომელ წიგნებს მირჩევთ ტაროს შესასწავლად?

ტაროს შესასწავლად დღესდღეობით უამრავი კარგი წიგნია გამოცემული. “ტაროს სალონის” ბლოგშიც განთავსებულია წიგნი სახელწოდებით “ტაროს ანბანი”, რომლის გადმოწერაც უფასოდ შეგიძლიათ. გარდა ამისა, სასურველია, გაეცნოთ ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან ბარბარა მური, ჰაიო ბანცჰაფი, მერი გრირი, ენტონი ლიუისი, რუთ ემბერსთოუნი, ტრეისი პორტერი, რეიჩელ პოლაკი, ტერეზა მიხელსენი და ა.შ.

რისთვის არის საჭირო ტაროს გაშლის ვარიანტების/მეთოდების გამოყენება? შემიძლია, რომ ამის გარეშე გავშალო ტარო?

ტაროს გაშლის მეთოდების ძირითადი ნაწილი შედგენილია იმისთვის, რომ მოხდეს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება 1 კონკრეტულ საკითხზე. თითოეული მეთოდი შეიცავს რამდენიმე შეკითხვას, რაც ტაროს გაშლას აადვილებს. რა თქმა უნდა, გაშლის მეთოდების გამოყენების გარეშეც შეგიძლიათ ტაროსგან ინფორმაციის მიღება. ამისთვის თავად უნდა მოიფიქროთ შეკითხვები და სათითაოდ დაუსვათ ეს შეკითხვები ტაროს.

არ მომწონს ტაროს კლასიკური დასტები. შემიძლია, რომ ტარო სხვა დასტით შევისწავლო?

ტაროს გაშლის სწავლა არკანებიდან ინფორმაციის მიღების მიზნით ნებისმიერი დასტით არის შესაძლებელი. ამისთვის სულაც არაა აუცილებელი, რომ “რაიდერის”, “თოთის” ან “მარსელის ტაროთი” იხელმძღვანელოთ. თუმცა, კლასიკური დასტების გარეშე ტაროლოგიის არსის შეცნობა გაგიჭირდებათ, რადგან სწორედ ასეთი დასტები შეიცავენ ისეთ სიმბოლოებს, რაზეც მთელი ტაროლოგიაა დაფუძნებული.

როგორ გავიგო, როდის მოხდება კონკრეტული მოვლენა?

იშვიათი შემთხვევების გარდა არკანები არ აჩვენებენ კონკრეტულ დროს. ამისთვის საჭიროა, თქვენ თავად დაასახელოთ სასურველი პერიოდი ტაროს გაშლის დროს, მაგალითად, უახლოესი 3 თვე. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ამ ბლოგ-პოსტს.

შეიძლება, რომ ტაროს საშუალებით სიზმარი განვმარტო?

დიახ, შესაძლებელია როგორც კლასიკური, ასევე, თემატური დასტებით, რომლებიც სიზმრებზეა ორიენტირებული (მაგალითად, “Dreams Tarot” ან “Tarot Of Metamorphosis”). სასურველია, რომ სწორად დასვათ შეკითხვები და მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ინტუიციასაც. ეს გაგიადვილებთ ინფორმაციის მიღებას ან სწორი მიმართულების მოცემას.