ტოტემი წარმოადგენს წმინდა სულს, ენერგიას, რომლის არსებობისაც უძველესი დროიდან მოყოლებული სჯეროდათ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს. ტოტემი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოველიც, მცენარეც და ბუნების სტიქიაც. მას ეთაყვანებოდნენ, ჰქონდა მაგიურ-რელიგიური დატვირთვა და სწამდათ, რომ ის იცავდა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს (მაგ., ოჯახს ან კლანს).
ტოტემები უამრავი სახის არსებობდა. მაგალითად, ინდიელების ტოტემს წარმოადგენდა კამეჩი, დათვი, თახვი, აფრიკელებისას – გველი და ა.შ.
იმ ცხოველის მოკვლა, რომელიც ტოტემად ითვლებოდა, სასტიკად აკრძალული იყო. გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენდა შიმშილობა, როცა ხალხს სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. ამ დროს ისინი გლოვობდნენ საყვარელი ცხოველის სიკვდილს და თვლიდნენ, რომ საკუთარი ხელით მოკლეს მეგობარი. თუ ერთი კლანის წარმომადგენელი მოკლავდა მეორე კლანის ტოტემს, შურისძიება გარდაუვალი იყო. აღსანიშნავია, რომ მცენარე ტოტემების შემთხვევაშიც ამგვარი დამოკიდებულება არსებობდა.
თანამედროვე მაგიაში ტოტემად უმეტესად ცხოველებს თვლიან. დღევანდელ ცხოვრებაში ბევრად უფრო რთულია საკუთარი ტოტემის განსაზღვრა, ვიდრე ადრე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პრაქტიკაში იყენებს მაგიის სხვადასხვა მეთოდებს, არ მიეკუთვნება არცერთ მაგიურ დაჯგუფებას. შესაბამისად, თავად უწევს იმ ცხოველის ამოცნობა, რომელიც მას საკრალურ ენერგიას გადასცემს. გასათვალისწინებელია, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ტოტემის კულტი დღესდღეობით უკვე აღარ ნიშნავს კერპთაყვანისმცემლობას. მას ენიჭება დამცავი და გამაძლიერებელი ფუნქცია.
ტოტემის განსაზღვრისთვის მიმართავენ მედიტაციას, ვიზუალიზაციას, ასტროლოგიას, ასევე არსებობს სხვადასხვა სახის კალენდრები (დაბადების თვის და რიცხვის, დაბადების წლის ან დაბადების მთლიანი თარიღის გათვალისწინებით), ცალკეული სიმბოლური დატვირთვები, ტესტებიც კი, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ტოტემის დამოუკიდებლად განსაზღვრა. ტოტემის ამოცნობისთვის ადამიანმა საკუთარ თავს უნდა უსმინოს. საჭიროა დაფიქრება. დაუსვით თქვენს თავს კითხვები:
- რომელი ცხოველია თქვენთვის ყველაზე მისაღები და საყვარელი და რომელი იწვევს თქვენში აღფრთოვანებას?
- გაქვთ თუ არა საერთო თვისებები და რამდენად დიდია თქვენს შორის მსგავსება?
- ხედავთ თუ არა მასში რაიმე სახის ენერგეტიკას და როგორს – დადებითს თუ უარყოფითს?
- რომელი ცხოველი გესიზმრებათ ან გესიზმრებოდათ ხშირად ან სულაც – შთამბეჭდავად?
- არსებობს თუ არა ცხოველი, რომლისაც ძალიან გეშინიათ?
- რომელი ცხოველი გაინტერესებდათ ყოველთვის (ადრეც და ახლაც)?
გასათვალისწინებელია, რომ ადამიანი კი არ ირჩევს ტოტემს, არამედ პირიქით – წმინდა ცხოველი ან ცხოველის სახით მოვლენილი წმინდა სული ირჩევს თავად მას. რას ნიშნავს ეს? გაიხსენეთ, ხომ არ ყოფილა ცხოველების მხრიდან თავდასხმის მცდელობა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ხდება ადამიანის ძალის გამოცდა, რის შემდეგაც იგი დაჯილდოვდება მფარველი ცხოველის ენერგეტიკით; ან ხომ არ გინახავთ სიზმარში ცხოველი, რომელიც გიახლოვდებათ, რომელსაც ეხებით, გრძნობთ, რომ ის თქვენ არაფერს დაგიშავებთ, უცნაური და დადებითი შეგრძნება გეუფლებათ? ან იქნებ, იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სიტუაცია, რომელიც ცხოველს უკავშირდება? საერთოდ, როცა ადამიანის და ტოტემის კავშირი საკმაოდ მყარია, ნიშნავს, რომ წმინდა ცხოველი ნამდვილად სწორადაა ამოცნობილი.
მას შემდეგ, რაც განსაზღვრავენ ცხოველს, ხდება სიმბოლოს შერჩევა. სიმბოლოს წარმოადგენს როგორც ცოცხალი ცხოველი, ასევე ნებისმიერი სახის სამკაული, ნახატი ან ფიგურა მისი გამოსახულებით. გარდა ამისა, თუ ადამიანის ტოტემია შინაური ცხოველი, შეიძლება, რომ ის სახლშიც მიიყვანოს. რაც შეეხება აკრძალვებს: არ შეიძლება ტოტემის დახატვა ტატუს სახით, ასევე ტოტემად არჩეული ცხოველის საკუთარი ხელით მოკვლა, დანაწევრება და მისი სხეულის ნაწილების (ბეწვი, ბრჭყალები, კბილები) გამოყენება. ხშირად ასეთ ქმედებებს უარყოფითი შედეგები მოაქვს. აღასანიშნავია, რომ უარყოფითი შედეგებით არასწორად შერჩეული ტოტემებიც გამოირჩევიან (მაგალითად, თუ ადამიანი მშვიდი ხასიათისაა და ტოტემად ვეფხვი წარმოუდგენია, დროთა განმავლობაში სულიერ წონასწორობას კარგავს).
ზოგიერთი თვლის, რომ ტოტემი აუცილებლად გარეული ცხოველი უნდა იყოს, რაც არასწორია. ცხენი, კატა და ხარი შინაურ ცხოველებს მიეკუთვნებიან, მაგრამ ისინი სულაც არ არიან გარეულ ცხოველებზე ნაკლები. ნებისმიერ ცხოველს საკუთარი სპეციფიკური და განუმეორებელი ენერგეტიკა აქვს, რის გამოც მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
და როგორ გავიგოთ, ზუსტად მივაგენით თუ არა ტოტემს? თუ გრძნობთ, რომ ცხოველის ამოცნობის შემდეგ ის თვისებები გაგიძლიერდათ, რაც მას აქვს, ე.ი., სწორი არჩევანი გაგიკეთებიათ. წაიკითხეთ სხვადასხვა ინფორმაცია სასურველ ცხოველზე და გაიგეთ მისი ხასიათის თავისებურებები. აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს მხოლოდ 1 ტოტემი ჰყავს. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა მფარველად და ძალის გადამცემად 2 ან 3 ცხოველი მიაჩნიათ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ტოტემის ამოცნობა ვიზუალიზაციის გზით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა იმის გასაგებად, თუ რომელი ცხოველის ენერგეტიკითაა ადამიანი დაჯილდოვებული. შეგიძლიათ, ასეთი ვიზუალიზაცია პრაქტიკაში თავადაც გამოსცადოთ.
1-ელი მეთოდი
დაჯექით ან დაწექით, წელში გაიმართეთ და მოდუნდით. მთავარია, თავი მოხერხებულად იგრძნოთ. წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ გამოქვაბულში. წადით წინ ნელა, აუჩქარებლად. მიუახლოვდით გამოქვაბულის მეორე ბოლოს და გამოდით დიდ მინდორზე, ველზე ან სხვა ღია სივრცეში. მიმოიხედეთ გარშემო, შეიგრძენით ბუნების სიმშვიდე და სილამაზე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ შორს გამოჩნდა ცხოველი. კარგად დააკვირდით, როგორ ნელ-ნელა გიახლოვდებათ. დააკვირდით მის მოძრაობებს, რეაქციებს, დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. დააკვირდით ასევე თქვენს ემოციებს მისი დანახვის დროს. ეცადეთ, გონებით ესაუბროთ. სთხოვეთ, რომ 1 კვირის მანძილზე რეალურ ცხოვრებაშიც გამოგეცხადოთ. გადაუხადეთ მადლობა, შემობრუნდით გამოქვაბულში, აუჩქარებლად გაუყევით იმ გზას, რომელიც მედიტაციის დასაწყისში გამოიარეთ და დაუბრუნდით საწყის წერტილს. 4-5-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, თვალები გაახილეთ და ვიზუალიზაცია დაასრულეთ.
მე-2 მეთოდი
სანამ ამ ვიზუალიზაციას დაიწყებდეთ, მაქსიმალურად დადებითი განწყობა შეიქმენით – მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, დალიეთ ჩაი, ჩაეხუტეთ თქვენს შინაურ ცხოველს, წაიკითხეთ წიგნი, მიიღეთ სურნელოვანი აბაზანა და ა.შ. შემდეგ განმარტოვდით ოთახში და მოეწყვეთ კომფორტულად. დაჯექით ან დაწექით და თვალები დახუჭეთ. წარმოდგინეთ, რომ დგახართ შუაგულ ტყეში. გარშემო უამრავი ხეა, ხშირი და ხასხასა მწვანე ფოთლებით. შეიგრძენით შიშველი ფეხისგულებით მიწის სინოტივე, ხის ქერქი, ტოტების პატარა ნამტვრევები, ხავსი, კენჭები. გადადგით რამდენიმე ნაბიჯი და ხელებით შეეხეთ მაღალი მუხის უხეშ, ხავსიან ზედაპირს. ღრმად ჩაისუნთქეთ და შეიგრძენით დილის წვიმის გამაგრილებელი სურნელი თქვენს გარშემო. მიმოიხედეთ გარშემო, რომ დაინახოთ დილის მბრწყინავი ცვარი ბალახზე. ჩაისუნთქეთ ფიჭვის, არყის ხის, კედრის, მუხის, სველი ქერქის და ნამიანი მიწის სურნელი, შეიგრძენით სხეულით ნიავი და სიგრილე. აიხედეთ მაღლა და დაინახეთ ხეების კენწეროები. დაინახეთ ცისფერი ცა ფოთლებს შორის და პატარა, ფაფუკი, თეთრი ღრუბლები. დაინახეთ, როგორ ანათებს მზე მთელ ტყეს და როგორ ბრწყინავს ცვარი მზის სინათლეზე. დაიხედეთ მიწაზე და დაინახეთ პატარა, სუფთა, გამჭვირვალე გუბურა. დაიხარეთ, ტუჩებით შეეხეთ წვიმის წყალს, შეიგრძენით მისი სიგრილე და გემო. მოუსმინეთ ქარის ხმას, ფოთლების შრიალს, ჩიტების ჭიკჭიკს, ბაყაყების ყიყინს. შეიგრძენით ტყე, შეიგრძენით ქარი, წყალი, მიწა და მზე, შეიგრძენით ბუნების მშვენიერება, რომელიც თქვენს გარშემოა. იგრძენით თავი ტყის ნაწილად. წამოდექით და წადით წინ, რომ დაინახოთ ბილიკი, თქვენი სულის შეცნობის ბილიკი. როცა დაინახავთ, გაუყევით მას და იარეთ მანამდე, სანამ არ მიაღწევთ არყის ხეების ხეივანს. შეხედეთ მაღალ ხეებს, რომლებიც მზის სინათლეზე თეთრად ბზინავენ. შემდეგ გაიხედეთ წინ. ხეივნის ცენტრში გამოჩნდება ტბორი ღრმა, სუფთა და კამკამა წყლით, რომლის გარშემოც ულამაზესი ყვავილები ხარობენ. ასევე მის გარშემო დაინახავთ 9 დიდ ქვას. დააკვირდით, როგორ კაშკაშად ანათებს მზე ტბორს. შეიგრძენით მთელი ხეივნის სილამაზე. შემდეგ წადით იმ მხარეს, საითკენაც გული გაგიწევთ – ტბორისკენ, ყვავილებისკენ, ქვებისკენ… როდესაც მიხვალთ, დახუჭეთ თვალები და შეიგრძენით მზის თბილი სხივები სახეზე, გრილი ნიავი თმებში, ნამი და კენჭები ფეხქვეშ. დაჯექით და მოუსმინეთ ყველანაირ ხმას, რომელიც გარშემო ისმის, განსაკუთრებით კი – ცხოველებისას. იფიქრეთ, რომ ძალიან გსურთ ამ მშვენიერ ადგილზე თქვენი მოკავშირე ცხოველის ნახვა. ჩუმად იჯექით, იფიქრეთ და ხმებს უსმინეთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნაბიჯების ხმას გაიგონებთ ხეივანში – ჯერ შორიდან, შემდეგ ხმას უფრო უკეთესად გაარჩევთ. თქვენს წინ თქვენი ცხოველი დადგება. წამოდექით, მადლობა გადაუხადეთ და გონებით ესაუბრეთ მანამდე, სანამ გაქრება. შემდეგ გაახილეთ თვალები და ვიზუალიზაცია დაასრულეთ.
თუ ვიზუალიზაციის დროს ზუსტად თქვენი ტოტემი გამოგეცხადათ და ეს არ იყო უბრალოდ წარმოსახვა, მომდევნო დღეებში მას რეალურ ცხოვრებაშიც ნახავთ – მაგალითად, ტელევიზორში, ჟურნალში, სურათზე და ა.შ., რაც მთავარია – სრულიად შემთხვევით და არა – თქვენივე სურვილით.