ტაროლოგიისა და ნუმეროლოგიის კომბინაციით შესაძლებელია ადამიანის პიროვნული მონაცემების განსაზღვრა. სპეციფიკური გამოთვლებით ხდება იმის გაგება, თუ რა თვისებების მატარებელია კონკრეტული ადამიანი. ამისთვის საჭიროა, გამოვთვალოთ არკანები დაბადების თარიღის მიხედვით.
არკანების გამოთვლა ხდება 3 ეტაპად – დღის არკანა, თვის არკანა და წლის არკანა. მაგალითისთვის მოვიყვანოთ დაბადების თარიღი 27.04.1967.
დღის არკანის გასარკვევად საჭიროა მხოლოდ დაბადების დღის რიცხვის გამოთვლა. მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 22-ში, თქვენი არკანაა “სულელი”, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მოცემული გვაქვს რიცხვი 27. რადგანაც არ არსებობს 27-ე მაღალი არკანა, ამ რიცხვს უნდა უნდა გამოვაკლოთ 22 (მაღალი არკანების სრული რაოდენობა) და მივიღებთ 5-ს, რომელიც შეესაბამება არკანას “ქურუმი”.
თვის არკანის გამოთვლა ხდება დაბადების თარიღის ციფრების შეკრებით. ამ შემთხვევაში უნდა შევკრიბოთ 27.04.1967 შემდეგნაირად: 2 + 7 + 4 + 1 + 9 + 6 + 7 = 36 – 22 = 14. მისი შესაბამისია არკანა “თავშეკავება”.
წლის არკანის გამოთვლას რაც შეეხება, ეს ხდება დაბადების დღის, თვის და წლის ცალ-ცალკე და შემდეგ მთლიანად შეკრებით. თარიღი უნდა შევკრიბოთ ასე:
- 27 – 22 = 5 (დღე)
- 4 (თვე)
- 1 + 9 + 6 + 7 = 23 – 22 = 1 (წელი)
- 5 + 4 + 1 = 10 (ჯამი)
მე-10 არკანას კი შეესაბამება “ბედის ბორბალი”.
საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება:
- დღის არკანა: “ქურუმი”
- თვის არკანა: “თავშეკავება”
- წლის არკანა: “ბედის ბორბალი”
დღის არკანა აღნიშნავს ადამიანის ფიზიკურ სხეულს, ჯანმრთელობას, სექსუალურ ცხოვრებას.
თვის არკანა აღნიშნავს ადამიანის ემოციებს, პირად ცხოვრებას.
წლის არკანა აღნიშნავს სოციალურ ცხოვრებას, სამუშაოს, კარიერას, გონებრივ შესაძლებლობებს.
ქვემოთ მოცემულია თითოეული არკანის მოკლე განმარტება თვისებების განხრით. აღსანიშნავია, რომ ყველა არკანას გააჩნია როგორც ნათელი, ასევე, ბნელი მხარე, ხოლო კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს განავითარებს საკუთარ თავში.
1.ჯადოქარი
- ნათელი მხარე: შემოქმედი, დახელოვნებული, კომუნიკაბელური და ძალიან საინტერესო ადამიანია. ბევრი რამ ეხერხება. ძლიერი მაგიური შესაძლებლობები გააჩნია. არის კარგი მენეჯერი და ადმინისტრატორი. გააჩნია ტაქტის გრძნობა და იცის, როგორ მიუდგეს გარშემომყოფებს დიპლომატიურად.
- ბნელი მხარე: ცბიერი, თაღლითი და მატყუარა ადამიანია. ცხოვრობს სხვის ხარჯზე. შარლატანია და მისი მაგიური შესაძლებლობები სხვა არაფერია, თუ არა კარგად დადგმული მისტიკური სანახაობები. ხშირად არ ჰყოფნის ცოდნა რაიმე საკითხში, თუმცა, ცდილობს, გარშემომყოფებს თავი ყოვლისმცოდნედ მოაჩვენოს.
2.ქურუმი ქალი
- ნათელი მხარე: ნაზი, მგრძნობიარე ადამიანია. ყოველთვის მზადაა სხვების დასახმარებლად. ქალწულის არქეტიპია. გააჩნია მედიუმის შესაძლებლობები, კარგი ფსიქოლოგი და მასწავლებელია. ეხერხება საიდუმლოს შენახვა.
- ბნელი მხარე: არაპროგნზირებადია, რეალობას გაურბის, მუდმივად წუწუნებს და ტირის. ენერგეტიკული ვამპირია და ხშირად მისგან შავი ჯადოქარი დგება. აქვს მენტალური პრობლემები და არ ცდილობს მათგან თავის დაღწევას.
3.იმპერატორი ქალი
- ნათელი მხარე: დედის არქეტიპია. მზრუნველი ადამიანია. მისთვის პირველ ადგილზეა ოჯახი და შვილები. შეუძლია თანხის კარგად გამომუშავება. ძალიან რეალისტია, ამასთან სექსუალურიც. აფასებს სტაბილურობას და ძალიან ერთგულია.
- ბნელი მხარე: უჭირს საკუთარი თავის კონტროლი და სტაბილურობის შენარჩუნება. ზომა არაფერში იცის (ალკოჰოლი, საჭმელი, ნარკოტიკები, სექსი). აქვს დესპოტური ხასიათი და ამას განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან გამოხატავს. მფლანგველია. ის არ არის ოჯახის შესაქმნელად დაბადებული. ხშირად უშვილოა.
4.იმპერატორი
- ნათელი მხარე: აქტიური და ენერგიული ადამიანია. სამსახურში ხშირად მაღალ თანამდებობებს იკავებს, კარგი პოლიტიკოსი და დირექტორია. აფასებს წესრიგს და დისციპლინას ყველაფერში, განსაკუთრებით ოჯახში და სამსახურში. აქვს ლიდერის გამოკვეთილი თვისებები და შეუძლია როგორც ადამიანების, ასევე, საკუთარი პრინციპების დაცვა.
- ბნელი მხარე: ჯიუტი, დესპოტი და აგრესიულია. პედანტი, მომაბეზრებელი და ჩხუბის მოყვარული ადამიანია. გააჩნია ძალიან დიდი ენერგია და როცა ამ ენერგიას ვერ ხარჯავს, აგრესიული ხდება.
5.ქურუმი
- ნათელი მხარე: ღრმა სულის პატრონია, შეუძლია სხვების მოსმენა. კარგი ფსიქოლოგი, მასწავლებელი და მრჩეველია. გააჩნია დიდი შინაგანი რწმენა, არის რელიგიური და ტრადიციების დამცველი.
- ბნელი მხარე: უსულგულოა, მაგრამ ხშირად სულიერებას და იდეალებს ნიღბად იყენებს. მატყუარაა და ცუდი მრჩეველი. ასეთმა ადამიანმა არ იცის, რა უნდა ცხოვრებისგან და რა გზას დაადგეს. უარყოფს ტრადიციებს და მისთვის არაფერია ღირებული, რამაც დროს გაუძლო.
6.შეყვარებულები
- ნათელი მხარე: მგრძნობიარე, კეთილი, ნაზი და ძალიან სექსუალური ადამიანია. კომპანიის სული და გულია, უყვარს ხალხთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობები. მისთვის მთავარი ჰარმონიული დამოკიდებულებებია ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში, ამიტომ ეძებს თანამოაზრეებს და უჭირს მარტო ყოფნა.
- ბნელი მხარე: შებოჭილი და მერყევი ხასიათის ადამიანია. უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. გააჩნია უამრავი კომპლექსი, განსაკუთრებით სექსში. ქორწინებაში მყოფს ხშირად ჰყავს საყვარელიც. სასიყვარულო სამკუთხედი მისთვის უცხო არაა.
7.ეტლი
- ნათელი მხარე: გაბედული, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია. მუდმივად მოძრაობაშია, მუდმივად რაღაცას აკეთებს. ბევრს მოგზაურობს. მისი ცხოვრება სავსეა ცვლილებებით. შეუძლია დასახული მიზნისკენ გაუჩერებლად სწრაფვა და ყურადღებას არ აქცევს დაბრკოლებებს. ზუსტად იცის, რისკენ ისწრაფვის და წინსვლაში ხელს ვერავინ უშლის.
- ბნელი მხარე: ასეთი ადამიანი ან სრულიად უმოქმედო, ზარმაცი და მშიშარაა, ან პირიქით – ძალიან აქტიური და ნერვიულია. დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება მისთვის უცხო არაა. მუდმივად ეცვლება პრიორიტეტები, რის გამოც დიდ დროს, ენერგიას და რესურსს კარგავს.
8.მართლმსაჯულება
- ნათელი მხარე: მოწესრიგებული და გაწონასწორებული ადამიანია. ხშირად დაკავშირებულია იურისპრუდენციასთან, კანონებთან, პოლიციასთან. გააჩნია ნათელი გონება და აზროვნებს საღად, თუმცა, ერთი შეხედვით შეიძლება ცივი ადამიანის შთაბეჭდილებაც დატოვოს. არის ძალიან სამართლიანი და არასდროს არღვევს საკუთარ პრინციპებს.
- ბნელი მხარე: ცხოვრობს საკუთარი კანონებით. აქვს ძალიან დაბალი ღირებულებების მქონე მორალური პრინციპები. არ გააჩნია შინაგანი საყრდენი. მისი კარმა ცოდვებითაა დამძიმებული. უსამართლოა და შეუძლია, საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი გაწიროს.
9.განდეგილი
- ნათელი მხარე: ბრძენია. უყვარს განმარტოვება. მშვიდი და გონიერია. მუდმივად სულიერების და საკუთარი თავის ძიებაშია. მისგან დგება კარგი ფსიქოლოგი, ჯადოქარი და ნათელმხილველი.
- ბნელი მხარე: პირქუში და გაბოროტებული ადამიანია. აქვს ბევრი კომპლექსი. ჩაციკლულია მხოლოდ საკუთარ თავზე, ეგოისტია. აქვს პრობლემები ფსიქიკასთან და სოციალურ ადაპტაციასთან. არ უყვარს ხალხი და ცდილობს, მათგან იზოლირებული იყოს.
10.ბედის ბორბალი
- ნათელი მხარე: ძალიან დადებითი პიროვნებაა, საკმაოდ აქტიური და მოგზაურობის მოყვარული. იღბლიანი და ოპტიმისტია. უყვარს სიახლეები, ცვლილებები და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მრავალფეროვანი ცხოვრებით იცხოვროს.
- ბნელი მხარე: ფატალისტი ადამიანია. აქვს მომავლის შიში, არის ზარმაცი და ელოდება, ბედი როდის გაუღიმებს. მიდის გაუმართლებელ რისკებზე და პრობლემებს ფაქტიურად უმიზეზოდ იქმნის.
11.ძალა
- ნათელი მხარე: ძალიან ენერგიული, სექსუალური და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია. ზუსტად იცის, რა სურს. არის შესანიშნავი ლიდერი, ხშირ შემთხვევაში – ფარული, რომელიც არასდროს ახვევს თავის აზრებს გარშემომყოფებს, მხოლოდ მიმართულებას უჩვენებს და ხალხს მის მიმართ ნდობას უჩენს. მისგან კარგი სპორტსმენი და მოჭიდავე დგება. არის კარგი დიპლომატი და შეუძლია კონფლიქტების გადაწყვეტა.
- ბნელი მხარე: ან ძალიან სუსტია, ან ძალიან აქტიური და აგრესიული. აქვს არასტაბილური ნერვული სისტემა და პრობლემები სექსუალურ სფეროში.
12.ჩამოკიდებული კაცი
- ნათელი მხარე: ბრძენი და აუჩქარებელია. შემოქმედებითი ადამიანია. სწავლობს როგორც საკუთარ, ასევე, სხვის შეცდომებზე. შეუძლია საყვარელი ადამიანების გამო მსხვერპლის გაღება. ალტრუისტია და გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. ცხოვრების დასაწყისში ბევრ გამოცდას გაივლის, მაგრამ მერე ყველაფერი მწყობრში ჩადგება.
- ბნელი მხარე: ყველაფერს უკუღმა ხედავს და იგებს. ილუზიებით ცხოვრობს, ხშირად ავადმყოფობს. შესაძლებელია, იყოს ინვალიდიც. ზარმაცია და მუდმივად წუხს. არასწორ გათვლებს აკეთებს, რაც ხელს უშლის წინსვლაში და პრობლემებს უქმნის.
13.სიკვდილი
- ნათელი მხარე: ძალიან ძლიერი პიროვნებაა, რომელმაც ბევრი სირთულე გამოიარა ცხოვრებაში და მტკიცე ხასიათი გამოიმუშავა. აქვს ძლიერი მაგიური შესაძლებლობები. შესაძლებელია, წარმატებული კარიერა გაიკეთოს სამხედრო სამსახურში. არ აშინებს სიახლეები, შეუძლია ცხოვრების ნულიდან დაწყება და არასდროს მისტირის წარსულს.
- ბნელი მხარე: ან საკუთარ თავს ანადგურებს, ან გარშემომყოფებს და ან ორივეს ერთად. პრობლემები აქვს ფსიქიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლოს. მიდრეკილია ალკოჰოლიზმისკენ, ნარკომანიისკენ და კრიმინალისკენ. უჭირს სიახლეების მიღება და ხშირად ერთ ადგილს ტკეპნის იმის მაგივრად, რომ ნაბიჯი წინ გადადგას.
14.თავშეკავება
- ნათელი მხარე: მშვიდი, თავშეკავებული და ხელოვანი ადამიანია. აქვს რბილი ხასიათი, კეთილია, უყვარს ცხოველები. შემოაქვს ჰარმონია და სიმშვიდე ყველას ცხოვრებაში. არაკონფლიქტურია, გააჩნია უამრავი ჰობი და ცხოვრობს იმისთვის, რომ გაულამაზოს ცხოვრება როგორც საკუთარ თავს, ასევე, გარშემომყოფებს.
- ბნელი მხარე: ან სრული პასიურობა ახასიათებს და მუდმივად ხელიდან უშვებს შანსებს, ან გაუწონასწორებელი და მერყევია, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. უჭირს ოქროს შუალედის შენარჩუნება და ხშირად აქვს განცდა, რომ თავის ცხოვრებით არ ცხოვრობს.
15.ეშმაკი
- ნათელი მხარე: აქვს ფსიქოლოგიის თანდაყოლილი ნიჭი, ძალიან კარგად ცნობს ადამიანებს. გააჩნია მაგიური შესაძლებლობები. მაცდურია. ეხერხება ფულთან და ბანკთან მუშაობა. მშვენიერი მენეჯერ-ორგანიზატორია. არის ძალიან ვნებიანი, სექსუალური და იცის საპირისპირო სქესის დაფასება.
- ბნელი მხარე: ან ძლიერი მანიპულატორია, ცბიერი და ვერაგი სტრატეგი, ან ალკოჰოლიკი და ნარკომანი. მისი ნაკლი ის არის, რომ ადვილად ხდება ნებისმიერ რამეზე დამოკიდებული. არის მოღალატე და მისთვის უცხოა საყვარელი ადამიანის ერთგულება.
16.კოშკი
- ნათელი მხარე: ძალიან აქტიურია, ხშირად იღებს სპონტანურ გადაწყვეტილებებს, ხშირად ცვლის თავის საქმიანობას და ხშირად ეცვლება განწყობა. ემოციური და მგრძნობიარე ადამიანია.
- ბნელი მხარე: აქვს პრობლემები ფსიქიკასთან დაკავშირებით, ძალიან ადვილად სწყინს, აგრესიულია, მიდრეკილია კრიმინალისკენ. ყურადღებით უნდა იყოს მანქანის საჭესთან, რადგან დიდი შანსი აქვს, ავტოკატასტროფაში მოხვდეს. აუცილებლად უნდა მოერიდოს სპორტის ექსტრემალურ და სახიფათო სახეობებს. მიდრეკილება აქვს თვითგანადგურებისკენაც.
17.ვარსკვლავი
- ნათელი მხარე: სულიერი, შემოქმედი და მგრძნობიარე ადამიანია. ნაზი ბუნებისაა. გააჩნია მწერლობის ნიჭი, განსაკუთრებით პოეზიის სფეროში. აქვს ძალიან დიდი შინაგანი რწმენა, ძლიერი ინტუიცია და ბუნებით ოპტიმისტია.
- ბნელი მხარე: ზარმაცია, უყვარს ყველაფრის მეორე დღისთვის გადადება. პირქუშია და მოკლებულია შესაძლებლობას, დაინახოს და შეიგრძნოს მშვენიერება. ხშირად პესიმისტურ განწყობაზე იმყოფება და ადვილად კარგავს მომავლის იმედს.
18.მთვარე
- ნათელი მხარე: მედიუმია. ყველაზე ძლიერად აქვს განვითარებული ექსტრასენსორული შესაძლებლობები. არის შესანიშნავი ფსიქოლოგი, გააჩნია შემოქმედებითი ნიჭი. მისგან კარგი მსახიობი ან მომღერალი დგება. აქვს ძლიერი ინტუიცია და ეხერხება საიდუმლოებების ამოხსნა.
- ბნელი მხარე: გააჩნია დიდი რაოდენობით ილუზიები, შიშები, ფობიები და აქვს პრობლემები ფსიქიკასთან. მიდრეკილია ალკოჰოლიზმისკენ და ნარკომანიისკენ. არაპრაქტიკული ადამიანია.
19.მზე
- ნათელი მხარე: ის არის ადამიანი, რომელიც ყველგან და ყოველთვის ბრწყინავს. მუდამ ყურადღების ცენტრშია. მისი სფეროა ხელოვნება და შოუ-ბიზნესი. უყვარს კომფორტში და ფუფუნებაში ცხოვრება. არის ძალიან პოზიტიური, ყველაფერში დადებითს ხედავს და არ უჭირს გარშემომყოფების კეთილგანწყობის მოპოვება. ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით და მისთვის ერთ ადგილზე გაჩერება ფაქტიურად წარმოუდგენელია.
- ბნელი მხარე: ან ძალიან ეგოისტია და ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, ან საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული, აქვს უამრავი კომპლექსი და შიშები. ადვილად კარგავს ოპტიმიზმს და უჭირს რთულ სიტუაციებთან გამკლავება.
20.სამსჯავრო
- ნათელი მხარე: სულიერი, ძალიან ღრმა და ბრძენი ადამიანია. აფასებს ტრადიციებს, პატივს სცემს წინაპრებს. ახალგაზრდობაში საკუთარი თავის რწმენა აკლია, მაგრამ დროთა განმავლობაში პატივისცემას და აღიარებას აღწევს. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, შესაძლებელია ემიგრაციაც.
- ბნელი მხარე: ზარმაცი ადამიანია, ისწრაფვის ცრუ იდეებისკენ, აქვს ძალიან ცვალებადი ცხოვრება, ყველაფრის გადატანა და გამოცდა საკუთარ თავზე უწევს. აქვს ბევრი კარმული ცოდვა და ძალიან უჭირს წინსვლა.
21.სამყარო
- ნათელი მხარე: აქვს სტაბილური ცხოვრება და ჰყავს ძლიერი მფარველი ანგელოზი. არ აქვს ბევრი ცოდვები და ბედნიერად ცხოვრობს. ადვილად გამოსდის ურთიერთობების ჩამოყალიბება, ადვილად პოულობს თანამოაზრეებს. უყვარს მოგზაურობა და იზიდავს როგორც სიახლეები, ასევე, სიძველეები, განსაკუთრებით თუ ეს ეხება რომელიმე ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს.
- ბნელი მხარე: საკუთარი ძალების რწმენა აკლია, ხელიდან უშვებს შანსებს, ხშირად ცდება. ასევე ზარმაცია. არ ეხერხება მისთვის ძვირფასი ურთიერთობების შენარჩუნება, უჭირს თანამოაზრეების პოვნა და ხშირად თავადაც გაურბის მათ სხვადასხვა კომპლექსების გამო.
22.სულელი
- ნათელი მხარე: ასეთ ადამიანს აქვს ”უხუცესი” სული, გააჩნია უზარმაზარი ექსტრასენსორული თვისებები, არაორდინალურია, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული და აქვს ცხოვრების უჩვეულო გზა. აკეთებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს, მოგზაური და ნოვატორია. არ ეშინია სიახლეების, ზედმეტი ფიქრის გარეშე რისკავს და ცდილობს, მრავალფეროვანი ცხოვრებით იცხოვროს. უყვარს სწავლა და უარს არასდროს ამბობს ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე.
- ბნელი მხარე: სულელი, ექსცენტრიული და ნერვიულია. აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. არ გააჩნია ცხოვრებისეული მიზნები. უშვებს დიდი რაოდენობით შეცდომებს, მაგრამ ამ შეცდომებზე ვერ სწავლობს. უაზროდ რისკავს და წინსვლას საკუთარი საქციელებით აფერხებს.