არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომელთა მიხედვითაც ტაროს გაშლისას ხდება დროის განსაზღვრა. ეს მეთოდები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და შემუშავებულია საკმაოდ გამოცდილი და სტაჟიანი ტაროლოგების მიერ. ამიტომ სანამ დამწყები ტაროლოგი დაახლოებით მაინც მიხვდება, რამდენად სწორად იწინასწარმეტყველა დრო, მანამდე საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება უნდა დააგროვოს.
ზოგადად მიჩნეულია, რომ ტაროთი არ ხდება დროის განსაზღვრა, ანუ არკანები კონკრეტულ პერიოდზე არ მიანიშნებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ასწავლიან დამწყებ ტაროლოგებს და ეს ყველასთვის ცნობილია, ვინც ტაროს გაშლის ათვისებას ცდილობს, თუმცა, არსებობს 1 ფაქტორი, რაც სიტუაციას რადიკალურად ცვლის.
საქმე იმაშია, რომ როცა საჭირო ხდება კონკრეტული დროის ან თუნდაც დროის მონაკვეთის განსაზღვრა, ერთი და იგივე არკანა სხვადასხვა ტაროლოგების მიერ სხვადასხვანაირად განიმარტება. მაგალითად ავიღოთ ”კვერთხების 2”. ტაროლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს აღნიშნავს 2 დღეს, ნაწილი კი – პერიოდს 21 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით. როგორც ხედავთ, განსხვავება საკმაოდ შესამჩნევია, განსაკუთრებით მაშინ, როცა, დავუშვათ, შემოდგომაზე შლით ტაროს და მარტამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.
ზოგადად ასეთი განმარტებები არაა სანდო, მაგრამ რადგან ტაროლოგების ნაწილი ამას მიმართავს, ე.ი., ამართლებს კიდეც. უბრალოდ, სხვა საკითხია – რამდენად ხშირად…
სწორედ ამ არასანდოობის გამო ტაროლოგებმა მოძებნეს საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეფექტური გამოსავალი. ეს გამოსავალი საშუალებას იძლევა, მიიღონ მაქსიმალურად ზუსტი პასუხი იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ესა თუ ის მოვლენა. ამისთვის საჭიროა, სწორად დაისვას შეკითხვა, რომელიც ორიენტირებულია დროის ამოცნობაზე.
მაგალითად, იმის მაგივრად, რომ იკითხონ:
“როდის მოხდება “ეს” მოვლენა?”
კითხულობენ შემდეგს:
”რამდენად დიდი შანსია, რომ მოხდეს “ეს” მოვლენა “ამ” დროს?”
როგორც ხედავთ, მეთოდი ძალიან მარტივია და საშუალებას იძლევა, განისაზღვროს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოხდეს კონკრეტული მოვლენა წინასწარ მითითებულ დროში (3 თვე, 6 თვე, 1 წელი და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში ტაროს გაშლის დროს კლიენტი დაზღვეულია გაურკვეველი პერიოდით ლოდინისგან. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით საკმაოდ ბევრი ტაროლოგი სარგებლობს და ითვლება, რომ მაშინაც კი, როცა არკანებიდან დროის განსაზღვრა ვერ ხერხდება, არსებობს საშუალება ასეთი პრობლემის გამოსასწორებლად.
თუკი თქვენ გსურთ, მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვროთ დრო, დასვით შეკითხვა სწორად – თავად მიუთითეთ პერიოდი ტაროს გაშლისას იმის მაგივრად, რომ არსებული შედეგებიდან სხვების გამოცდილების საფუძველზე არც თუ ისე სარწმუნო დასკვნები გამოიტანოთ. მერწმუნეთ, ამით საგრძნობლად გაამარტივებთ არკანებიდან ინფორმაციის მიღებას.