შეკითხვები გამოგზავნეთ საკონტაქტო გვერდის საშუალებით.

რა არის ტაროს მაგია?

ტაროს მაგია მოიცავს ისეთ მაგიურ პრაქტიკებს, რომელთა ჩატარებაც შესაძლებელია ტაროს არკანებით. ასეთ მაგიურ პრაქტიკებში არკანები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება რიტუალების ჩატარება, თილისმების შექმნა/დაპროგრამება, ნივთების დამუხტვა და ა.შ. მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, იხილოთ ეს ბლოგ-პოსტი.

სახიფათოა თუ არა ტაროს მაგიური რიტუალების ჩატარება?

ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ რიტუალზე და იმ ადამიანზე, ვინც რიტუალს ატარებს. ცალსახად “სახიფათო” ან “არასახიფათო” რიტუალი არ არსებობს. თუ გაქვთ ცოდნა არკანების შესახებ, ასევე პრაქტიკული გამოცდილება მაგიის რომელიმე სფეროში, ადვილად შეძლებთ სიტუაციის კონტროლს და თავიდან აირიდებთ მოსალოდნელ გართულებებს. ხოლო თუ თქვენ ხართ დამწყები, უმჯობესია, შეარჩიოთ ისეთი რიტუალები, რომლებიც ორიენტირებულია რაიმე დადებითზე და დაკომპლექტებულია პოზიტიური არსის მქონე არკანებით (მაგალითად, “ვარსკვლავი”, “თასების 2”, “პენტაკლების ტუზი”, “კვერთხების 6” და ა.შ.).

რა დროა საჭირო, რომ ტაროს მაგიით შედეგი მივიღო?

პერიოდი, როდესაც შესაძლებელია, რომ რიტუალმა მოგცეთ შედეგი, არის ძალიან ინდივიდუალური. როგორც წესი, დროის განსაზღვრა ხდება რიტუალის ჩატარების პროცესში. ზოგადად კი რიტუალმა შედეგი შესაძლოა მოგცეთ ჩატარებიდან რამდენიმე წუთებშიც და ასევე – რამდენიმე თვის შემდეგაც.

როგორ მივხვდე, რომ ტაროს რიტუალმა შედეგი ვერ გამოიღო?

თუკი რიტუალის ჩატარების დროს მითითებული ვადა ისე იწურება, რომ მცირედ ცვლილებებსაც ვერ ატყობთ, ეს პირდაპირ მიუთითებს წარუმატებლობაზე. თუკი არის მცირედი ცვლილებები, შესაძლოა, მითითებული ვადა გახანგრძლივდეს და საბოლოო შედეგი ოდნავ მოგვიანებით მიიღოთ. თუკი რიტუალის ჩატარების პროცესში მითითებული არ იყო ვადა, ასეთ დროს გაქვთ შემდეგი არჩევანი:

  • ჩაატაროთ დიაგნოსტიკა და გაიგოთ, ისევ მოქმედებს თუ არა რიტუალი.
  • დაელოდოთ შედეგს 3 ან უკიდურეს შემთხვევაში 6 თვე.
  • დაარღვიოთ რიტუალი და ჩაატაროთ ხელახლა.

იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ვითარდება თქვენს საწინააღმდეგოდ და მოვლენები აბსოლუტურ შეუსაბამობაში მოდის თქვენს მიერ ჩატარებულ რიტუალთან, შესაძლოა, გაქვთ უკუშედეგი. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს რიტუალის დარღვევა. რიტუალის დარღვევა შესაძლებელია იმ ნივთების/ატრიბუტიკის განადგურებით ან წმენდით, რაც გამოყენებული იქნა მიზნის მისაღწევად (მაგალითად, არკანები, სიმბოლოები, სანთლები, ბუნებრივი ქვები და ა.შ.).

შემიძლია შევქმნა ტაროს მაგიური რიტუალი?

დიახ, შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა, კარგად ერკვეოდეთ არკანების არსში, იცოდეთ მათი განმარტებებში და შესაბამისობები (ფერები, სიმბოლოები, ასტროლოგიური მახასიათებლები, სტიქიები და ა.შ.) და წარმოდგენა გქონდეთ მაგიის პრინციპებზე, რომ თქვენი ცოდნით სწორად შეარჩიოთ ისეთი დეტალები, როგორებიცაა კონკრეტული არკანები, მთვარის ფაზები და დამატებითი ატრიბუტიკა (სანთლები ფერების მიხედვით, სტიქიები, სიმბოლოები, ბუნებრივი ქვები). ასევე, აუცილებელია, რომ სწორი მიმდევრობა დაიცვათ რიტუალის შედგენის დროს და მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოება.