არსებობს საკითხები, რაშიც ხშირად ვერ თანხმდებიან ტაროლოგები ან ის ადამიანები, რომლებიც ტაროს შლიან. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეხება იმას, თუ რა შემთხვევებში არ არის ტაროს გაშლა რეკომენდირებული.
შეზღუდვების უმეტესობა გამომდინარეობს თავდაცვიდან, ანუ იმისთვის, რომ ტაროლოგი მაქსიმალურად იყოს დაცული, აწესებს კონკრეტულ ზღვარს, რომლის იქითაც აღარ გადადის. აღსანიშნავია, რომ ერთი ადამიანის მიერ დაწესებულ შეზღუდვას ხშირად სხვა ბრმად ემორჩილება (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტაროს გაშლის შესწავლა ახალი დაწყებული აქვს პიროვნებას) და ზოგჯერ ასეთი შეზღუდვები აბსურდამდეც კი მიდის. ასევე, ის, რაც მისაღებია ხალხის ერთი ნაწილისთვის, მიუღებელია მეორესთვის და ორივე მხარე თავის სიმართლეს ამტკიცებს სხვადასხვა არგუმენტებით, თუმცა, თუ დამწყები ყველა ამ შეზღუდვას დაემორჩილება, საბოლოოდ გამოვა, რომ ტაროს დასტა არც კი უნდა აიღოს ხელში.
განვიხილოთ ყველაზე ხშირად გავრცელებული შეზღუდვები:
კვირის კონკრეტული დღეები
ტაროლოგების ნაწილი თვლის, რომ არ შეიძლება ტაროს გაშლა კვირას, ნაწილისთვის კი ეს დღე ორშაბათია. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ქალებისთვის ტაროს გაშლა შეიძლება მხოლოდ ქალურ დღეებში (ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს), მამაკაცებისთვის კი – მამაკაცურ დღეებში (ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს).
მიზეზი: მიჩნეულია, რომ ორშაბათი მთვარის დღეა, მთვარე კი ილუზიებს, ტყუილებს, არასწორ ინფორმაციას უკავშირდება. შესაბამისად, ხდება არასწორი პასუხების მიღება და ადვილდება ადამიანის შეცდომაში შეყვანა. რაც შეეხება კვირას, ამ დღეს ადამიანმა უნდა დაისვენოს, ილოცოს და დრო ღმერთთან კავშირს დაუთმოს. აღსანიშნავია, რომ ასეთ გაუგებრობებს იწვევს ტაროს გაიგივება ფრანგულ ბანქოსთან, რადგან სწორედ ფრანგულ ბანქოსთან მიმართებაში მიაჩნიათ კვირის დღეებთან დაკავშირებული წესების დაცვა აუცილებლად.
გამოსავალი: დააკვირდით, რეალურად მოქმედებს თუ არა კვირის დღეები პირადად თქვენს გაშლებზე. აიღეთ მინიმუმ 1 თვე საცდელად და აწარმოეთ ჩანაწერები.
მთვარის კონკრეტული დღეები
აქ საქმე გაცილებით რთულადაა. მიჩნეულია, რომ არ შეიძლება ჰეკატეს (იგივე სატანურ) დღეებში ტაროს გაშლა. ჰეკატეს დღეებად ითვლება მთვარის მე-9, მე-15, მე-19, 23-ე და 29-ე დღეები. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთვარის მე-15 დღე სავსემთვარეობაა, ამიტომ სავსე მთვარის მიმართაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს – ტაროლოგების და მკითხავების ნაწილი ამ დღეს ტაროს არც კი ეკარება, ხოლო ნაწილი სპეციალურად ამ დღეს ელოდება, რომ ქვეცნობიერიდან მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს.
მიზეზი: ჰეკატეს დღეები ზოგადად ძალიან მძიმე და დაძაბულია, რაც ადამიანებზე დამთრგუნველად მოქმედებს.
გამოსავალი: ტაროს გაშალეთ იმ შემთხვევაში, თუ ვერ გრძნობთ ჰეკატეს დღის უარყოფით გავლენას.
მთვარის ფაზები, მზის და მთვარის დაბნელებები
არსებობს ტაროლოგების და მკითხავების კატეგორია, ვინც სპეციალურად მთვარის აღმავალ ფაზას ელოდება ტაროსთან მუშაობის დასაწყებად. შეზღუდვა ვრცელდება მზის და მთვარის დაბნელებებზეც.
მიზეზი: მზის და მთვარის დაბნელებები ადამიანზე ზოგადად ნეგატიურად აისახება. ისინი, ვისაც გამძაფრებული აქვს შეგრძნებები, გაცილებით რთულ სიტუაციაში იმყოფებიან, ვიდრე სხვა დღეებში. ამის საფუძველზე იზრდება რისკი, რომ ტაროს გაშლის შედეგად მოხდეს ენერგიის კარგვა, გადაღლა და მიღებული ინფორმაციის არასწორად გაშიფრვა.
გამოსავალი: მოერიდეთ ტაროს გაშლას სხვა ადამიანებისთვის. საჭიროების შემთხვევაში გაშალეთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მაგრამ მიმართეთ ისეთ მეთოდს, რაც მოიცავს 1-3 შეკითხვას, რომ არ გადაიღალოთ.
დღის კონკრეტული მონაკვეთი
ზოგი ტაროლოგი მხოლოდ ღამით შლის ტაროს, ზოგი კი – მხოლოდ დილით.
მიზეზი: მიიჩნევენ, რომ ღამე იდეალური დროა ტაროსთან მუშაობისთვის, რადგან ძლიერდება ინტუიცია და ქვეცნობიერთან დაკავშირება მარტივდება, ხოლო დილა ყველაზე უსაფრთხო დროა ტაროსთან მუშაობისთვის, რადგან ღამით აქტიურდება უარყოფითი ენერგია, რომელსაც ადამიანისთვის უბედურება მოაქვს.
გამოსავალი: დააკვირდით, დღის რომელ მონაკვეთში გრძნობთ თავს მხნედ და როდის იღებთ ტაროსგან მაქსიმალურად სწორ და ვრცელ ინფორმაციას. შესაძლოა, თქვენზე არანაირი გავლენა არ ჰქონდეს დღის მონაკვეთს, ამიტომ თავს ნუ შეიზღუდავთ ამ ინფორმაციით.
საეკლესიო დღესასწაულები, მარხვა
ადამიანების ნაწილი ერიდება საეკლესიო დღესასწაულებზე და მარხვის პერიოდში ტაროს გამოყენებას.
მიზეზი: ისინი, ვინც თვლიან, რომ ტაროს გაშლა ცოდვაა და თან თავს ვერ ანებებენ ამ “მავნე” ჩვევას, საკუთარ თავს მსგავს შეზღუდვებს უწესებს.
გამოსავალი: მოიქეცით პირადი შეხედულებების მიხედვით.
მენსტრუაცია, ორსულობა
ტაროლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მენსტრუაციის და ორსულობის დროს ტაროს გამოყენება აკრძალულია.
მიზეზი: მენსტრუაციის დროს ტაროს გაშლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით 2 ძირითადი აზრი არსებობს:
- ასეთ დროს ქალი ენერგეტიკულად დაუცველია და არსებობს იმის საფრთხე, რომ გარკვეული (თუ გაურკვეველი) პრობლემები შეექმნას
- ასეთ დროს ქალი ენერგეტიკულად ბინძურია და აბინძურებს ტაროს დასტასაც
რაც შეეხება ორსულობას, მიაჩნიათ, რომ არამარტო ქალი, არამედ, ბავშვიც დაუცველია ენერგეტიკულად და ორმაგი პასუხისმგებლობაა ტაროს გაშლა ასეთ სიტუაციაში.
გამოსავალი: მენსტრუაციასთან დაკავშირებით საინტერესო ტენდენცია არსებობს: ტაროლოგები, რომლებიც რუსულენოვან ფორუმებში პოსტავენ (უმეტესად რუსები, უკრაინელები და ბელორუსები), მიიჩნევენ, რომ ასეთ დღეებში ქალი დასტას არ უნდა ეკარებოდეს. ინგლისურენოვან ფორუმებში მსგავსი დამოკიდებულების მიმართ მხოლოდ გაკვირვებას გამოხატავენ. ყველაფერი შეგნებიდან გამომდინარეობს, რადგან რეალურად არც ქალს ექმნება პრობლემები და არც ტაროს დასტა ბინძურდება. პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ 2 რამ:
- თუ ქალი თავს ცუდად გრძნობს
- თუ ქალზე ნეგატიურ გავლენას ახდენს კლიენტი
ასეთ დროს უმჯობესია, მოხდეს ტაროს გაშლისგან თავშეკავება.
რაც შეეხება ორსულობას: ტაროს გაშლას რაიმე უარყოფითი და ბოროტი ძალების გამოძახებასთან კავშირი არ აქვს, რომ ორსულს ან ნაყოფს ზიანი მიადგეს, თუმცა, ეს მხოლოდ მომავალი დედის გადასაწყვეტია.
ჯანმრთელობის პრობლემები
მიჩნეულია, რომ როდესაც ტაროლოგს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის არ უნდა შლიდეს ტაროს.
მიზეზი: თუ ადამიანი თავს ფიზიკურად ან ფსიქიკურად ცუდად გრძნობს, არაა საჭირო, დამატებითი დატვირთვა მიიღოს. ასეთ დროს შესაძლოა, ვერც მოახერხოს სწორი ან ვრცელი ინფორმაციის მიღება არკანებისგან.
გამოსავალი: თუ ცუდად ხართ, გადადეთ ტაროს გაშლა. დააყენეთ საკუთარი ჯანმრთელობა პირველ ადგილზე და გაუფრთხილდით თავს.
ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები
არსებობს მოსაზრება, რომ არ შეიძლება ტაროს გაშლა მაშინ, როდესაც ამას ნათესავი ან მეგობარი ითხოვს, მითუმეტეს ოჯახის წევრი.
მიზეზი: თვლიან, რომ თუ ადამიანის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გაგაჩნიათ:
- ეს არკანებიდან სწორი აზრის გამოტანაში ხელს შეგიშლით
- გულთან ახლოს მიიტანთ ახლობლის პრობლემას და არკანების მნიშვნელობებს არასწორად განმარტავთ – ისე, როგორც გაწყობთ ან ისე, რისიც გეშინიათ
გამოსავალი: ერთი მხრივ რთულია, როცა საყვარელი ადამიანი მოდის და რაიმე პრობლემურ საკითხზე გთხოვთ ტაროს გაშლას. ამ დროს შეიძლება, მასთან ერთად განიცდიდეთ არსებულ პრობლემას და არკანები არასწორად განმარტოთ. თუმცა, მეორე მხრივ ტაროლოგს მოეთხოვება, რომ მოიშოროს განცდები და ნებისმიერ სიტუაციას ემოციების გარეშე მიუდგეს. აღსანიშნავია, რომ დამწყებების პირველი “კლიენტები” სწორედ ახლობლები არიან ხოლმე. ეს მათ ცოდნის მიღებაში და პრაქტიკული გამოცდილების გაზრდაში ეხმარება. ამიტომ თუ ხვდებით, რომ ტაროს გაშლას ემოციების გარეშეც მოახერხებთ, უარი არ თქვათ დახმარებაზე.
ბავშვები და არასრულწლოვანები
ტაროლოგების არც თუ ისე მცირე ნაწილს დაწესებული აქვს ასაკობრივი ზღვარი და არ შლის ტაროს ბავშვებისთვის/არასრულწლოვანებისთვის, ან შლის მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში.
მიზეზი: ზოგიერთ ტაროლოგს მიაჩნია, რომ ბავშვები ენერგეტიკულად დაცულები არ არიან, ზოგიერთი თვლის, რომ არ შეიძლება ფსიქიკაზე ზემოქმედება უარყოფითი ინფორმაციით, ზოგს არ სურს საქმიანი ურთიერთობის წარმოება ასაკით (ბევრად) უმცროს ადამიანებთან, ზოგიერთი კი ბავშვის მშობლებთან პრობლემების გაჩენისგან იზღვევს თავს.
გამოსავალი: პრობლემების თავიდან არიდების მიზნით დააწესეთ ასაკობრივი ზღვარი, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ტაროს გაშლაში ფულს ითხოვთ.
სურვილის არქონა
ტაროლოგების ნაწილი უბრალოდ არ შლის ტაროს მაშინ, როდესაც არ სურს და ამ შემთხვევაში სულერთია, კლიენტი რას წარმოადგენს ან რა თანხას იხდის.
მიზეზი: უარის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, თუ კლიენტი არ მოსწონს, თუ კლიენტს არ სჯერა ტაროსი და გასართობად უკავშირდება, თუ სიტუაცია რთულია და მოითხოვს ტაროლოგისგან დიდ დროს და ენერგიას, თუ კლიენტმა არ იცის, რაზე სურს გაშლა და ა.შ.
გამოსავალი: მოუსმინეთ საკუთარ შეგრძნებებს. თუ გრძნობთ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ტარო არ უნდა გაშალოთ, ასეც მოიქეცით.
და ბოლოს, როგორ უნდა განსაზღვროთ, რა შემთხვევაში შეიძლება ტაროს გაშლა პირადად თქვენთვის და რა შემთხვევაში – არა?
განსაზღვრეთ თქვენი პრინციპები, მორალი, ეთიკა; მოუსმინეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებს და ინტუიციას; დააკვირდით, როდის იღებთ ვრცელ ინფორმაციას ტაროსგან, რა პირობებში, დღის რომელ მონაკვეთში. იქნებ, ეს ყველაფერი არც მოქმედებს თქვენზე?
ის, თუ როდის არის ტაროს გაშლა რეკომენდირებული პირადად თქვენთვის, გაიგებთ ისევ საკუთარი გამოცდილებით. სხვა დანარჩენი უბრალოდ რეკომენდაციებად მიიღეთ და გახსოვდეთ ეს რეკომენდაციები, რადგან შესაძლოა, ოდესმე ძალიან დაგეხმაროთ სხვადასხვა სიტუაციებში.