სურვილების რუქა ფენ-შუის მიხედვით


სურვილების რუქა წარმოადგენს ფენ-შუის ერთ-ერთ ატრიბუტს, რომლის საშუალებითაც ხდება სხვადასხვა სახის სურვილების ასრულება.

ეს არის ქაღალდი, რომელზეც აწებებენ საკუთარი სურვილების ამსახველ სურათებს. მაგალითად, ადამიანს სურს, რომ ჰქონდეს სახლი, მანქანა, იმოგზაუროს რომელიმე ქვეყანაში, ჩამოაყალიბოს მტკიცე კავშირი საყვარელ ადამიანთან, მიაღწიოს კარიერულ წარმატებას და ა.შ. ის იღებს სასურველი მანქანის, სახლის, ქვეყნის ფოტოს და აწებებს სურვილების რუქაზე. სურვილების რუქის დამზადება ძალიან ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ ფენ-შუის თავის წესები აქვს და სწორედ ამ წესების დაცვაზეა დამოკიდებული, ასრულდება თუ არა კონკრეტული სურვილი. თუმცა, მანამდე, სანამ წესებს შევეხებოდეთ, საჭიროა, ზოგადი წარმოდგენა გაგაჩნდეთ სახლში არსებულ ენერგეტიკულ ზონებზე.

ფენ-შუის მიხედვით, სახლის ენერგეტიკული ზონები იყოფა 9 ნაწილად:

  1. სიმდიდრის ზონა
  2. დიდების ზონა
  3. სიყვარულის ზონა
  4. ოჯახის ზონა
  5. ჯანმრთელობის ზონა
  6. შემოქმედების ზონა
  7. ცოდნის ზონა
  8. კარიერის ზონა
  9. მეგობრების ზონა

სიმდიდრის, იგივე ბედის საჩუქრების ზონა მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. შეესაბამება იისფერი და მწვანე ფერი. მისი სტიქიაა პატარა ხე. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს არამარტო ფულის, არამედ, მატერიალური კეთილდღეობის ნებისმიერი სახით მოზიდვას.

დიდების, იგივე რეპუტაციის ზონა მდებარეობს სამხრეთ მხარეს. შეესაბამება წითელი ფერი. მისი სტიქიაა ცეცხლი. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს ინდივიდუალიზმის განვითარებას, თვითრეალიზაციას, საზოგადოებაში კარგი რეპუტაციის მოპოვებას და ა.შ.

სიყვარულის, იგივე ქორწინების ზონა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს. შეესაბამება ვარდისფერი, ჩალისფერი და ყვითელი ფერი. მისი სტიქიაა დიდი მიწა. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს ურთიერთობების გამტკიცებას, სექსუალურ სფეროში ჰარმონიის დამყარებას, პრობლემური ურთიერთობების გამოსწორებას, სასურველი პარტნიორის მოზიდვას, მარტოობისგან თავის დაღწევას და ა.შ.

ოჯახის, იგივე უფროსი თაობის ზონა მდებარეობს აღმოსავლეთ მხარეს. შეესაბამება ყავისფერი და მუქი მწვანე ფერი. მისი სტიქიაა დიდი ხე. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის ჩამოყალიბება-გაძლიერებას.

ჯანმრთელობის, იგივე ერთიანობის ზონა მდებარეობს ცენტრში. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს ძლიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებას და დაავადებებისგან განკურნებას.

შემოქმედების, იგივე ბავშვების ზონა მდებარეობს დასავლეთ მხარეს. შეესაბამება ვერცხლისფერი, ოქროსფერი და თეთრი ფერი. მისი სტიქიაა პატარა ლითონი. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს იდეების და გეგმების განხორციელებას, წინსვლას, შემოქმედებითი უნარის გაძლიერებას, ბავშვების კეთილდღეობას და ა.შ.

ცოდნის, იგივე ინტელექტის ზონა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს. შეესაბამება ჩალისფერი და ყვითელი ფერი. მისი სტიქიაა პატარა მიწა. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს ცოდნის მიღებას, ინფორმაციის სწრაფად ათვისებას, ინტუიციის გაძლიერებას, წარმატების მიღწევას ინტელექტუალურ საკითხებში, საღი აზროვნების უნარის გამომუშავებას და ა.შ.

კარიერის, იგივე ცხოვრებისეული გზის ზონა მდებარეობს ჩრდილოეთ მხარეს. შეესაბამება ლურჯი და შავი ფერი. მისი სტიქიაა წყალი. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს კარიერულ წინსვლას, სირთულეების გადალახვის და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარის გაძლიერებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და ა.შ.

მეგობრების, იგივე მოგზაურობის ზონა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. შეესაბამება ვერცხლისფერი, ოქროსფერი და თეთრი ფერი. მისი სტიქიაა დიდი ლითონი. ამ ზონის სწორად გამოყენება ხელს უწყობს დახმარების მსურველი ადამიანების და ახალი ნაცნობების მოზიდვას, მეგობრებთან მტკიცე ურთიერთობის ჩამოყალიბებას, უსაფრთხო მგზავრობას, სასურველ ქვეყნებში მოგზაურობას და ა.შ.

როგორც წესი, ამ ენერგეტიკული ზონების განსაზღვრისთვის იყენებენ ბაგუას რუქას. მასვე იყენებენ სურვილების რუქის შექმნის პროცესში.

სანამ სურვილების რუქის შექმნას დაიწყებდეთ, საჭიროა, კონკრეტულად და გარკვევით ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები. რაზე ოცნებობთ? რისი მიღება გსურთ სამყაროსგან? ჩამოწერეთ ყველაფერი და შემდეგ მოძებნეთ ინტერნეტში ან ჟურნალ-გაზეთებში თქვენი ოცნებების ამსახველი ფოტო-მასალა. ამობეჭდეთ ან გამოჭერით და ცალკე დაალაგეთ. შემდეგ შეარჩიეთ აღმავალი (ზრდადი) მთვარის პერიოდი და გადადით უშუალოდ რუქის დამზადებაზე.

სურვილების რუქისთვის დაგჭირდებათ სქელი ქაღალდი. მისი ზომა განსაზღვრული არ არის და შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. სანამ სურათების ჩაწებებას დაიწყებთ, მანამდე შეგიძლიათ, ქაღალდი თქვენი გემოვნების მიხედვით გააფორმოთ, გააფერადოთ ფანქრებით, ფლომასტერებით ან საღებავებით. მას შემდეგ, რაც ქაღალდსაც მოამზადებთ და გამოჭრილ სურათებსაც, სურვილების რუქა ბაგუას შესაბამისად 9 ნაწილად გაყავით ფანქრით ან წარმოსახვით.

აიღეთ სურათები და შესაბამის განყოფილებებში ჩააწებეთ. პირველი მათგანი აუცილებლად თქვენი ფოტო უნდა იყოს, რომელსაც ცენტრში, ჯანმრთელობის ზონაში განათავსებთ. ასევე აუცილებელია, რომ ეს ფოტო თქვენში დადებით ემოციებს იწვევდეს. თუ არ მოგწონთ რომელიმე დეტალი და თვლით, რომ ზედმეტი წონა გაწუხებთ, ან გრძელი ცხვირი გაქვთ, ან გამონაყარი გაუშნოვებთ და ა.შ., ფოტო რომელიმე პროგრამით დაამუშავეთ, შეიქმენით ისეთი გარეგნობა, როგორსაც ისურვებდით და სურვილების რუქაზე თამამად გადაიტანეთ. ასეთი ქმედება სავსებით დაშვებულია.

რამდენიმე იდეა იმის შესახებ, თუ რა სურათების ჩაწებება შეგიძლიათ რუქაზე განთავსებულ თითოეული ზონაში:

სიმდიდრის (ბედის საჩუქრების) ზონა: ფული, ნამდვილი კუპიურა, სახლი, მანქანა, ძვირფასი ქვები, მდიდრული აქსესუარები, სასურველი სამოსი, ტექნიკა.

დიდების (რეპუტაციის) ზონა: მაღალი თანამდებობა, გამარჯვების ამსახველი ფოტო-მასალა, ხელები, რომლებიც ტაშს უკრავენ, ცნობილი და წარმატებული პიროვნების ფოტო.

სიყვარულის (ქორწინების) ზონა: ფოტო საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან ერთად, ბეჭდები, გულები, საქორწილო ყვავილების თაიგული, საქორწილო კაბა, ორი თეთრი მტრედი, ორი თეთრი გედი.

ოჯახის (უფროსი თაობის) ზონა: საოჯახო ფოტო; ფოტო, რომელზეც ბედნიერი მომენტი გაქვთ დაფიქსირებული ოჯახის წევრებთან ერთად.

ჯანმრთელობის ზონა: თქვენი ყველაზე საყვარელი ფოტო, რომელიმე პროგრამით დამუშავებული თქვენი ფოტო.

შემოქმედების (ბავშვების) ზონა: თქვენი შემოქმედების ამსახველი ფოტო, მოლბერტი, ფოტოაპარატი, ფუნჯი, პალიტრა, საქსოვი ძაფები, მძივები, ჩვილი ბავშვი, ბავშვები.

ცოდნის (ინტელექტის) ზონა: წიგნი, კომპიუტერი, ბიბლიოთეკა.

კარიერის (ცხოვრებისეული გზის) ზონა: სასურველი ფირმის ლოგო, იმ პიროვნების ფოტო, რომელმაც თქვენი აზრით, არნახულ წარმატებას მიაღწია, კარიერული კიბე გრაფიკის სახით, ფული, თქვენი ხელფასიდან აღებული ნამდვილი კუპიურა.

მეგობრების (მოგზაურობის) ზონა: თქვენი მეგობრების ფოტო, სასურველი ქვეყნის ფოტო.

თუ 1 განყოფილებაში 2 ან უფრო მეტი სურათის ჩაწებება გსურთ, ჩააწებეთ, მაგრამ ეცადეთ, ზონებს შორის არსებული ზღვარი რაც შეიძლება ნაკლებად დაარღვიოთ. სურათების დამატებას მომავალშიც შეძლებთ, მაგრამ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მთვარის ფაზებს – უკვე გამზადებულ რუქაზე ახალი სურვილის დამატება მხოლოდ ახალმთვარეობაზე შეიძლება. სურვილის უფრო სწრაფად ასრულებისთვის ყველა სურათს მიაწერეთ ე.წ. “ფრაზები აქტივაციისთვის” ან აფირმაციები, რომ თქვენი სურვილი მაქსიმალურად სწორად იქნას გამოთქმული, მაგალითად, “მე დიდი სიამოვნებით და მადლიერებით ვიღებ სამყაროსგან საჩუქარს ახალი მანქანის სახით” ან “მე ვუყვარვარ ჩემს სასურველ პიროვნებას”. მოერიდეთ ისეთი ფრაზების დაწერას, რომლებშიც შედის სიტყვები “არა”, “არ მინდა”, “დაავადება” და ა.შ. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ დაწეროთ “აღარ მინდა, გულის დაავადებით ვიტანჯებოდე”, დაწერეთ “მე ჯანმრთელი გული მაქვს”.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მიმართავენ რუქის აქტივაციას. ამ შემთხვევაში რუქაზე აწებებენ ისეთ სურათს, რომლის ასრულებაც ძალიან მარტივია და ამის გაკეთება თავადაც შეუძლიათ. მაგალითად, ადამიანს სურს შოკოლადის ფილა. ის აწებებს შოკოლადის ფილის ფოტოს, მიდის მაღაზიაში, ყიდულობს და სურვილს ისრულებს. თვლიან, რომ რუქა უკვე აქტივირებულია და მზადაა სხვა სურვილების შესასრულებლად. თუმცა, მოიქცეთ თუ არა ასე, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

მას შემდეგ, რაც სურვილების რუქას დაამზადებთ, შეარჩიეთ ადგილი, სადაც შეინახავთ. ამ შემთხვევაში ისევ ბაგუათი იხელმძღვანელეთ – განსაზღვრეთ, თქვენს სახლში ან საძინებელ ოთახში სად მდებარეობს შემოქმედების ან დიდების ზონა და რუქა სწორედ იქ მოათავსეთ. გაითვალისწინეთ, რომ სურვილების რუქა სტუმრებმა არ უნდა ნახონ (გამონაკლისების გარდა), ამიტომ არ ღირს მისი გამოსაჩენ ადგილზე განთავსება. იდეალურია, თუ ტანსაცმლის კარადა სწორედ შემოქმედების ან დიდების ზონაში დგას. ამ შემთხვევაში რუქა კარადის კარის შიდა მხარეს გააკარით. ეცადეთ, ისე შეინახოთ, რომ მისი არსებობა არ დაგავიწყდეთ და კარგ განწყობაზე მყოფმა ყოველდღე შეხედოთ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალის გათვალისწინება შეგიძლიათ: სურვილის შემთხვევაში რუქა კომპიუტერში დაამზადეთ და შემდეგ ამობეჭდეთ, ან კომპიუტერში დატოვეთ, ან სულაც მობილურ ტელეფონში გადაიტანეთ. არჩევანი თქვენზეა.

რაც შეეხება სურვილების ასრულებას: როგორც წესი, ეს ხდება 1 კვირიდან 3 წლამდე პერიოდში. სურვილების ნაწილი მალე სრულდება, ნაწილი კი – შედარებით გვიან. ყოველი სურვილის ასრულების შემთხვევაში სამყაროს გულწრფელი მადლობა გადაუხადეთ. ასრულებული სურვილების ამსახველი სურათები რუქიდან მოაშორეთ და მათ ადგილას ახალი სურათი მიაწებეთ. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა რომელიმე სურვილმა აქტუალობა დაკარგა და აღარ გაინტერესებთ, აგისრულდებათ თუ არა. თუ არ გაქვთ კონკრეტული ზონის შესაბამისი სურვილი, სურათი თავის ადგილას დატოვეთ. საჭიროა, რომ რუქაზე ყველა ზონა შევსებული იყოს. 3 წლის შემდეგ რუქა უნდა დაწვათ, ფერფლი კი ქარს გაატანოთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s