საკმაოდ ვრცელი და საინტერესო მასალის მოძიებაა შესაძლებელი სეფიროტების და არკანების ურთიერთკავშირზე, მაგრამ მე ჩემი თეორიები მაქვს, რომლებიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც დავიწყე სეფიროტის ხის შესწავლა და მისი დაკავშირება ტაროსთან.

ჩემი თეორიების მიხედვით, არსებობს 10 არკანა, რომელიც თავის არსით ძალიან ჰგავს 10 სეფიროტს და უფრო მეტიც – მათი იდენტურია:

კეტერი – სულელი

კეტერი სუფთა ენერგიის სეფიროტია. ეს არის ყველაფრის საწყისი, ღვთიური ენერგიის მატარებელი. ფაქტიურად იგივეს წარმოადგენს “სულელი” – ყველაფერი მისგან იწყება და თავის თავში მოიცავს სუფთა, ღვთიურ ენერგიას.

ხოხმა – ჯადოქარი

ხოხმას ენერგია დინამიურია, ნათელი, მამაკაცური და უკავშირდება ინტელექტუალურ მონაცემებს. “ჯადოქრის” ენერგიაც მამაკაცურია, დინამიური და პირდაპირ კავშირშია ინტელექტთან.

ბინა – ქურუმი ქალი

ბინა ბნელი, ქალური ენერგიის სეფიროტია, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი სამუშაოების მოქმედებაში მოყვანას. თავიდან ვფიქრობდი, რომ ბინა დაკავშირებული იყო “იმპერატორ ქალთან”, მაგრამ მისი ენერგია “ქურუმი ქალის” ენერგიას უფრო ჰგავს. “ქურუმი ქალის” ენერგიაც ბნელია, ქალური და ისიც ინტელექტზე, ცნობიერებაზეა ორიენტირებული, ისევე, როგორც ბინას შემთხვევაში, რადგან ბინა იმყოფება სეფიროტის ხის ზედა ნაწილში და მიეკუთვნება გონების სეფიროტებს.

ხესედი – იმპერატორი ქალი

ხესედი უკავშირდება პიროვნულ სიყვარულს, თანაგრძნობას, გულმოწყალებას, შემოქმედებას. ეს სეფიროტი იღებს ენერგიას უმაღლესი ძალებისგან და შემდეგ ახდენს მის მატერიალიზებას. “იმპერატორი ქალის” არკანაც სიყვარულს, მზრუნველობას, შემოქმედებას, ხელოვნებას მოიცავს. თუმცა, თავიდან ამ სეფიროტს გარკვეულწილად “შეყვარებულების” არკანასაც ვუკავშირებდი.

გებურა – კოშკი

გებურას ენერგია საკმაოდ უხეში და ცეცხლოვანია, ანადგურებს ყველაფერს, რასაც აღარ მოაქვს სარგებელი. თავიდან ვფიქრობდი, რომ შეიძლება, თავის არსით ის უკავშირდებოდა როგორც “კოშკს”, ასევე “იმპერატორს”, მაგრამ იმის გამო, რომ გებურას ენერგია ფორმირდება 2 ურთიერთსაპირისპირო ძალად (გულმოწყალებად და შეუბრალებლობად), ხოლო ამ ენერგიის გამოვლენის საბოლოო მიზანი უკავშირდება წმენდას და ადამიანისთვის ახალი გზების გახსნას, ვფიქრობ, “კოშკის” არსი უფრო ახლოსაა მასთან. “კოშკიც” განადგურებაა, ყოველივე ზედმეტის მოშორება, რასაც ვერ ვიტყვი “იმპერატორის” არკანაზე.

ტიფერეტი – შეყვარებულები

ტიფერეტს თავიდან ვაკავშირებდი როგორც “შეყვარებულებთან”, ასევე, “ეშმაკთან”, რადგან ის არის ეგოს გამოვლენა და უფრო მეტად მატერიალურ სფეროს ასახავს, ვიდრე სულიერს, თუმცა, ჩემი აზრით, მასზე უფრო მეტად “შეყვარებულების” არკანის გავლენა იგრძნობა, ვიდრე “ეშმაკის”, რადგან უკავშირდება მშვენიერებას და სრულყოფილებას.

ნეცახი – ეშმაკი

აი, ნეცახის ენერგიას კი პირდაპირ ვუკავშირებ “ეშმაკის” არკანას, რადგან ეს სეფიროტი არის ადამიანური ინსტინქტების, ვნებების და ემოციების მომცველი ისევე, როგორც “ეშმაკის” არკანა.

ჰოდი – მართლმსაჯულება

იმის გამო, რომ ჰოდი ინტელექტის, რაციონალური აზროვნების, ლოგიკის, მიზანდასახულობის მომცველი სეფიროტია, თავიდან გარკვეულწილად “ჯადოქრის” არკანას ვუკავშირებდი, თუმცა, ეს ყველაფერი გაცილებით უკეთ აისახება “მართლმსაჯულებაში”. გარდა ამისა, ჰოდთან დაკავშირებულია სიტყვები, ტექსტები, წერილები და ზოგადად ყველაფერი ის, რაც კარგად ჩანს “მართლმსაჯულების” გამოვლინებაში.

იესოდი – მთვარე

იესოდი თავის არსით ინტუიციას, სიზმრებს, ხილვებს, ასტრალურ სამყაროებს უკავშირდება. ამ ყველაფერს იდეალურად ასახავს არკანა “მთვარე”. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იესოდის პლანეტად მიჩნეულია მთვარე, უფრო საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება მასსა და აღნიშნულ არკანას შორის.

მალკუტი – სამყარო

და ბოლოს, მალკუტი, ანუ სეფიროტი, რომელიც იმ სამყაროს ასახავს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. შესაბამისად, მე მას სწორედ არკანა “სამყაროს” ვუკავშირებ. ისევე, როგორც “სამყარო”, მალკუტიც სტაბილური, მშვიდი ენერგიის მატარებელია და მოიცავს ყველაფერს, რაც არსებობს მატერიალურ დონეზე – ყველაფერს, რასაც შეიძლება შევეხოთ და რაც ჩვენს გარშემო იმყოფება. ისევე, როგორც “სამყარო”, მალკუტიც აერთიანებს თავის თავში სხვა სეფიროტების (არკანების) ენერგიას და აღნიშნავს ერთიანობას, მთლიანობას და სრულყოფილებას.

ზოგადად კი ბევრი საინტერესო პარალელის გავლებაა შესაძლებელი სეფიროტებს და არკანებს შორის.