ტაროლოგთა საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეთიკის ნორმებს, რომლებიც გათვლილია კლიენტებთან მუშაობაზე და მოიაზრებს ორივე მხარისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანას.

წესების ძირითად ნაწილი, რომლებსაც ტაროლოგები კლიენტებთან ურთიერთობის დროს იცავენ, უმეტესად დაუწერელ კანონებს წარმოადგენს და მას პრაქტიკოსები თავიდანვე სწავლობენ თავიანთი მასწავლებლებისგან ან სხვა წყაროების მიხედვით. თუმცა, ოფიციალურ კომპანიებს, გაერთიანებებს, სკოლებს და სხვა ტაროლოგიურ დაწესებულებებს ასეთი წესები საკმაოდ გარკვევით და მკაცრად აქვთ ჩამოყალიბებული. მაგალითისთვის, ამერიკის ტაროს ასოციაციას (American Tarot Association, იგივე ATA) გააჩნია ეთიკის კოდი, რომელიც შემუშავებულია პროფესიონალების მიერ და ასე ჟღერს:

  • მე საუკეთესოდ მოვემსახურები ჩემი კლიენტების ინტერესებს ჩემი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ზიანის მიყენების ან ზიანის გამოწვევის გარეშე.
  • მე ჩემს ყველა კლიენტს მოვეპყრობი თანაბარი პატივისცემით მიუხედავად მათი წარმომავლობისა, რასისა, აღმსარებლობისა, სქესისა, ასაკისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
  • მე პატიოსნად წარვადგენ ჩემს ტაროლოგიურ კვალიფიკაციას, მათ შორის დიპლომებს, სერტიფიკაციის დონეებს და გამოცდილებას.
  • მე დავიცავ კონფიდენციალურობას კლიენტების სახელების და ყველანაირი ინფორმაციის შესახებ, რაც გაზიარებული ან განხილული იქნება ტაროს გაშლის პროცესში, თუ თავად კლიენტი არ მოითხოვს საპირისპიროს ან არ იქნება ეს ინფორმაცია სასამართლოს მიერ მოთხოვნილი.
  • მე კლიენტებს გავუწევ რეკომენდაციას, გაიარონ კონსულტაცია იურიდიული, ფინანსური, სამედიცინო ან ფსიქოლოგიური სახის ლიცენზირებულ პროფესიონალებთან რჩევისთვის, თუკი მე არ ვარ კვალიფიცირებული აღნიშნულ საკითხებში. თუ მე ჩამოთვლილთაგან რომელიმე სფეროში ცოდნა მაქვს მიღებული, მკაცრად გავმიჯნავ ტაროს გაშლას და ნებისმიერ პროფესიონალურ რჩევას, რომელსაც გავცემ.
  • მე განვიხილავ და დავეთანხმები ყველანაირ ჰონორარს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩემს კლიენტებთან ერთად. თუკი კლიენტს სურს, გადაიხადოს თავდაპირველ შეთანხმებულზე უფრო მეტი, ყველანაირი დამატებითი ჰონორარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილული და შეთანხმებული უნდა იყოს ორივე მხარის მიერ მანამდე, სანამ დაიწყება მუშაობა.
  • მე პატივისცემით მოვეპყრობი ჩემი კლიენტების უფლებას, უარი თქვან ან შეწყვიტონ გაშლის პროცესი ნებისმიერ დროს წინასწარი შეთანხმების გარეშე.
  • მე ვაღიარებ, რომ ATA-ს ყველა წევრს გააჩნია ერთნაირი უფლებები და ვალდებულებები, და მე ყოველთვის პატივისცემით მოვეპყრობი და პატივს მივაგებ სხვა წევრებს.

ასევე, მაგალითისთვის, ასეთი ეთიკის ნორმები გააჩნია ტაროლოგ ჯეიმს რიკლეფს:

  • კონფიდენციალურობა: მე არ გავამჟღავნებ კლიენტის ნათქვამს მისი წერილობითი თანხმობის გარეშე. მე კონფიდენციალურად შევინახავ კლიენტთან ყველანაირ წერილობით და ვერბარულ კომუნიკაციას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაცია.
  • პატიოსნება: მე საუკეთესოდ გავუკეთებ ინტერპრეტირებას გაშლას ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და პატიოსნად ვაღიარებ, თუკი ვერ შევძლებ რამის ახსნას. მე ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, მაგრამ არ მოვახვევ კლიენტს თავზე ინფორმაციას, რომ მან მკაფიოდ განსაზღვროს, რისი ცოდნის სურვილი არ აქვს და რისი გამოძიება სურს სიღრმისეულად.
  • უარი განსჯაზე: მე ყოველთვის გავაკეთებ გაშლებს თანაგრძნობით და არ განვსჯი კლიენტს.
  • კომპეტენტურობა: მე არ გავცემ რჩევებს იმ სფეროებში, რომლებშიც არ ვარ კვალიფიცირებული. თუკი კლიენტს სურს სამედიცინო, ფსიქოლოგიური, იურიდიული, ფინანსური, საბუღალტრო ან ნებისმიერი სხვა პროფესიული სერვისი, რაშიც არ გამაჩნია კვალიფიკაცია, მე შევთავაზებ მას, რომ მოძებნოს მსგავსი სერვისი ვინმესთან, ვინც კვალიფიცირებულია ამ სფეროში, და შესაძლებლობის შემთხვევაში გადავამისამართებ შესაბამის პირთან.
  • პასუხისმგებლობა: ჩემი მიზანი, როგორც ტაროლოგისთვის, არის ის, რომ კლიენტებს საშუალება მივცე, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა თავიანთ გადაწყვეტილებებთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, და მოიქცნენ საკუთარი შეხედულებების მიხედვით.
  • გაძლიერება: მე ჩემს კლიენტებს ავუხსნი, რომ მომავალი არ არის ქვაზე ამოტვიფრული და ამიტომ მათ აქვთ ძალა, შეცვალონ თავიანთი მომავალი! მე ვეცდები, დავეხმარო ჩემს კლიენტებს, რომ ტაროს გაშლის შემდეგ თავი ძლიერად იგრძნონ, რათა პრაქტიკული, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მიიღონ.
  • განკურნება: მე საკუთარ თავს საშუალებას მივცემ, ვიყო შუამავალი, როდესაც ღვთიური სული კურნავს ჩემი კლიენტის სულს, გონებას, სხეულს და გარემოს იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციას მივიღებთ გაშლიდან.
  • ამაღლება: მე ვეცდები, ყოველი გაშლა იყოს წყალობა ყველა კლიენტისთვის. მე გავამხნევებ და დავუტოვებ ჩემს კლიენტებს განახლებული შინაგანი ძალის და იმედის შეგრძნებას. ასევე, ვეცდები, რომ ყოველი გაშლა, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს, პოზიტიურად დავასრულო, გამამხნევებელ ნოტზე.
  • დამოუკიდებლობა: მე არ მივცემ საშუალებას კლიენტებს, რომ მთლიანად ჩემს სერვისებზე გახდნენ დამოკიდებულები, ასევე, არ ვაიძულებ, რომ ისევ დაბრუნდნენ გაშლისთვის.
  • გადახდა: მე არ მივიღებ თანხას მანამდე, სანამ ჩემი კლიენტი არ იქნება კმაყოფილი გაშლის შედეგით. მე უფლებას ვიტოვებ, უარი ვუთხრა ნებისმიერ კლიენტს გაშლაზე, მაგრამ ავუნაზღაურებ გადახდილ თანხას.
  • პროფესიონალური ქცევა: იმის გამო, რომ მომავალი ყოველთვის ცვალებადია, მე არასდროს შევაშინებ კლიენტს რაიმე გარდაუვალობის ან ფიზიკური სიკვდილის პროგნოზირებით. მე არ გავაკეთებ გაშლას, რომ ვნახო, რას აკეთებს ან გრძნობს ადამიანი, თუ ის არ არის ჩემი კლიენტი. მე ყოველთვის ჩამოვაყალიბებ ეთიკურ და პროფესიონალურ ურთიერთობას ჩემს კლიენტებთან. მე ბოროტად არ გამოვიყენებ კლიენტის ნდობას და დაუცველობას ჩემი პირადი სარგებელისთვის. მე ვისწავლი იმას, რაც ჩემს პროფესიონალურ განვითარებაში წინ წამწევს და დამეხმარება უკეთესი გაშლების გაკეთებაში. მე არ გადავამისამართებ კლიენტს სხვა პროფესიონალ ტაროლოგთან რაიმე კომპენსაციის სანაცვლოდ. მე ჩემს პროფესიონალ კოლეგებს პატივისცემით მოვეპყრობი.

რა თქმა უნდა, რეალურად ტაროლოგთა ეთიკის ნორმები გაცილებით ფართო სპექტრისაა, მაგრამ არსებობს ძირითადი წესები, რასაც ფაქტიურად ყველა ტაროლოგი ითვალისწინებს:

  • ტაროლოგი პატივს სცემს თავის კლიენტებს, როგორც რეალურს, ასევე პოტენციურს და ზოგადად ყველა ადამიანს, ვინც დაინტერესებულია მისი საქმიანობით.
  • ტაროლოგის მიზანია, კლიენტს არამარტო პრობლემის არსი დაანახოს, არამედ, მისცეს რჩევები ამ პრობლემიდან თავის დაღწევისთვის.
  • ტაროლოგი კლიენტს არ ახვევს საკუთარ აზრებს თავზე. ის შლის ტაროს და არკანებიდან აწვდის მაქსიმალურად ობიექტურ ინფორმაციას იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, თავად სრულიად საპირისპირო რამეს ფიქრობდეს. შესაბამისად, ტაროლოგი კლიენტს არაფერს ურჩევს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა კლიენტი თავად ითხოვს ტაროლოგისგან აზრის გამოთქმას.
  • ტაროლოგი არ ერევა კლიენტის გადაწყვეტილებებში ტაროს გაშლის პროცესში და გაშლის შემდეგ.
  • ტაროლოგს შეუძლია, მოტივაცია მისცეს კლიენტს მოქმედებისთვის, მაგრამ არ უნდა მოაქციოს საკუთარი გავლენის ქვეშ.
  • ტაროლოგმა კლიენტს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ისეთი ფორმით, რომ არ გამოიწვიოს კლიენტის დათრგუნვა. ასევე, ტაროლოგი ვალდებულია, არ შეუქმნას კლიენტს ცრუ იმედები.
  • ტაროლოგმა არ უნდა მიაყენოს კლიენტს რაიმე სახის ზიანი.
  • ტაროლოგმა არ უნდა განსაჯოს კლიენტი, არ უნდა მოეპყროს უპატივცემულოდ, არ უნდა აგრძნობინოს თავი დამცირებულად. პირიქით, თუკი ხედავს, რომ კლიენტი მის წინაშე გარკვეულ დისკომფორტს განიცდის, უნდა შეუქმნას მშვიდი ატმოსფერო (ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ტაროლოგი სახლში იღებს კლიენტებს).
  • ტაროლოგი არ აშინებს კლიენტებს “ჯადოთი”, “ავი თვალით”, “წყევლით” და მსგავსი საკითხებით. ასეთ დროს საჭიროების შემთხვევაში ხდება სპეციალური დიაგნოსტირება, რომ შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე ტაროლოგმა კლიენტს ან რჩევები მისცეს, ან თავის სერვისები შესთავაზოს და ან სხვასთან გადაამისამართოს.
  • ტაროლოგი არ აიძულებს კლიენტს, რომ შეიძინოს მისი სერვისები. ის მხოლოდ სთავაზობს ამ სერვისებს, რომ კლიენტმა თავად გააკეთოს არჩევანი, აირჩიოს რომელიმე ან უარი თქვას.
  • ტაროლოგსაც და კლიენტსაც შეუძლიათ, უარი თქვან თანამშრომლობაზე თავიდანვე ან გაშლის პროცესში და ყველანაირი ახსნის გარეშე შეწყვიტონ ერთობლივი საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში კლიენტს უბრუნდება სრული თანხა ან თანხის ნაწილი, რაც გამომდინარეობს მათივე საერთო შეთანხმებიდან.
  • ტაროლოგი ვალდებულია, დაიცვას თავის კლიენტების კონფიდენციალურობა და არსად გაავრცელოს არამარტო მათი პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ფოტო, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი და ა.შ.), არამედ, ის საკითხებიც, რაზეც მოხდა ტაროს გაშლა.
  • ტაროლოგი მუდმივად ვითარდება, მუდმივად სწავლობს და ამუშავებს ახალ მეთოდებს, რაც ასევე აისახება მის კვალიფიკაციაზე და რიგ შემთხვევებში მის მიერ დაწესებულ საფასურზე.
  • ტაროლოგს შეუძლია, უარი უთხრას კლიენტს თანამშრომლობაზე, თუკი კლიენტი მოითხოვს ტაროს გაშლას არასამუშაო საათებში და დღეებში. სამუშაო დროს თავად ტაროლოგი აწესებს.
  • ტაროლოგი სხვა პროფესიონალთან ამისამართებს კლიენტს, თუკი თავად არ შეუძლია დახმარების აღმოჩენა ან კონსულტაციის გაწევა.
  • ტაროლოგს გააჩნია ისეთი თემების ჩამონათვალი, რომლებზეც არ აკეთებს გაშლებს. ხშირ შემთხვევაში ეს თემები უკავშირდება სიკვდილის პროგნოზირებას, დაავადების აღმოჩენას, მე-3 პირის განხილვას და ა.შ.
  • ტაროლოგი პატივს სცემს სხვა ტაროლოგებს და არასდროს მოიხსენიებს მათ ცუდად.

გარდა ზემოთ აღნიშნული წესებისა, არსებობს ეთიკის სხვა ნორმებიც, რომლებიც ტაროლოგებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და მათ ყველა არ ეთანხმება:

  • თუკი ტაროლოგი თავს ცუდად გრძნობს ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად, უარი უნდა თქვას კლიენტის მიღებაზე და გადაავადოს ტაროს გაშლა – მიზეზი უკავშირდება იმას, რომ ტაროლოგების ნაწილი პირად პრობლემას კლიენტთან მუშაობის დროს ივიწყებს და მთლიანად საქმეზეა ორიენტირებული, ხოლო ნაწილისთვის პრიორიტეტული საკუთარი კეთილდღეობაა და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებს საქმეზე კონცენტრირებას.
  • თუკი ტაროლოგი ხედავს, რომ კლიენტი არ ითვალისწინებს მის რჩევებს, შეუძლია, უარი თქვას მომავალში თანამშრომლობაზე – ტაროლოგების ნაწილს სურს, რომ კლიენტმა რეალური სარგებელი მიიღოს გაშლისგან, ხოლო როცა კლიენტი არ ითვალისწინებს რჩევებს და მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ტაროლოგი ვეღარ ხედავს ამ კონკრეტულ კლიენტთან თანამშრომლობის გაგრძელების აზრს. თუმცა, ტაროლოგების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი არ არის მისგან წასული კლიენტის ცხოვრებით დაინტერესება და ტაროს გაშლა მისთვის მხოლოდ თანამშრომლობასთან ასოცირდება, სადაც იგი თავის მომსახურებას ყიდის შესაბამის ფასად და გაშლის დასრულებისთანავე სრულდება ეს თანამშრომლობაც.
  • ტაროლოგი უარს აცხადებს ტაროს გაშლაზე იმ შემთხვევაში, თუკი კლიენტი ითხოვს ინფორმაციის მიღებას სხვა ადამიანზე ან ადამიანებზე – ტაროლოგების ნაწილისთვის აღნიშნული საკითხი ყველაზე დიდ ამორალობას და არაეთიკურობას წარმოადგენს, თუმცა, სხვებისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, თუკი გაშლა სხვა ადამიანებსაც შეეხება.
  • ტაროლოგი უარს აცხადებს ტაროს გაშლაზე იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება მისი აზრით ამორალური და არაერთიკური საკითხების განხილვას – ზოგიერთი ტაროლოგი წინ აყენებს თავის მორალურ და ეთიკურ პრინციპებს და არ შლის ტაროს ისეთ საკითხებზე, რაც მისთვის მიუღებელია (მაგალითად, ღალატი, ქურდობა და ა.შ.), მაგრამ ზოგიერთი ტაროლოგისთვის ასეთი საკითხები უბრალოდ კლიენტების პრობლემებს უკავშირდება და მზადაა მათი განხილვისთვის.
  • ტაროლოგი უარს აცხადებს ტაროს გაშლაზე, თუკი მისი კლიენტი არის 18 წლის ქვემოთ – ტაროლოგების ნაწილს არ აქვს სურვილი, რომ არასრულწლოვანებთან იმუშავოს, ზოგს ამისთვის მშობლის თანხმობა სჭირდება, ხოლო ზოგისთვის ასაკობრივი ბარიერი ფაქტიურად არ არსებობს.
  • ტაროლოგი უარს აცხადებს ტაროს გაშლაზე, თუკი არ აქვს საკმარისი გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით – ტაროლოგების ნაწილი უარს ამბობს ასეთი საკითხების განხილვაზე, რათა გაშლის პროცესში შეცდომა არ დაუშვას. ნაწილი ასეთ გაშლებს ფასდაკლებით, ნახევარ ფასში ან სრულიად უფასოდაც აკეთებს, ხოლო ნაწილისთვის სრულიად ნორმალურია, თუკი მისთვის აქამდე უცნობ თემაზე გაშლის ტაროს. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი საკითხები უკავშირდება ჯანმრთელობის სფეროს, რაში შეცდომის დაშვების სურვილიც ბევრ პრაქტიკოსს არ გააჩნია და სურს, რომ მისმა კლიენტმა რეალური დახმარება კომპეტენტური პირებისგან მიიღოს.
  • კლიენტი ან უნდა დათანხმდეს ტაროლოგის მიერ შეთავაზებული საფასურის გადახდას ტაროს გაშლის სანაცვლოდ, ან უარი უნდა თქვას მასთან მუშაობაზე. ვაჭრობა, თხოვნა ფასის დაკლებაზე ან სხვა რამის შეთავაზება არ განიხილება – ტაროლოგების ნაწილს საკმაოდ გარკვევით აქვს ჩამოყალიბებული თავიანთი სერვისების ფასები და არ თანხმდებიან სხვა შემოთავაზებებს, მაგრამ ტაროლოგების ნაწილი თანახმაა, განიხილოს ალტერნატიული ვარიანტები ან დაუკლოს ფასს სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგალითად, თუკი ამას მუდმივი კლიენტი სთხოვს ან პირიქით, ახალი კლიენტი უკავშირდება).

საბოლოო ჯამში ყველა ტაროლოგი თავად ქმნის ეთიკის იმ ნორმებს, რომლებსაც თავადვე ემორჩილება. ნებისმიერი წესი, რომელსაც ტაროლოგი ემორჩილება, გამომდინარეობს მისივე შეხედულებებიდან. შესაბამისად, ის, რაც მიღებულია ერთისთვის, შეიძლება მიუღებელი იყოს მეორესთვის. თუმცა, ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ტაროლოგებს საერთო წესები აერთიანებდეთ.