ტაროს თითოეული არკანა მოიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაციას. როდესაც გაშლის დროს ვიყენებთ ამობრუნებულ არკანებსაც, ეს ინფორმაცია ფაქტიურად ორმაგდება.

ამობრუნებული არკანების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს ტაროლოგებს შორის: მათი ნაწილი პრაქტიკაში ასეთ არკანებს თავისუფლად იყენებს, ნაწილი მხოლოდ სწორ მდგომარეობაში მყოფი არკანებით შემოიფარგლება, ნაწილი კი კონკრეტული სიტუაციის/გაშლის შესაბამისად იქცევა.

არსებობს თეორია, რომ “ჩამოკიდებული კაცი” წარმოადგენს მინიშნებას არკანების ამობრუნების შესაძლებლობაზე. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ამ შესაძლებლობას გამოიყენებთ თუ არა.

რას უკავშირდება ამობრუნებული არკანები?

ზოგადად ამობრუნებული არკანა ასახავს არკანის ძირითადი არსის საპირისპირო მნიშვნელობას. მაგალითად, თუკი “იმპერატორი” აღნიშნავს ძლიერ, ლიდერის თვისებების მქონე ადამიანს, მისი ამობრუნებული ვერსია შესაძლოა, რომ მიანიშნებდეს სუსტ, სხვების დაქვემდებარებაში მყოფ პიროვნებას. ასევე, თუკი “კვერთხების 6” აღნიშნავს გამარჯვებას და წარმატების მოპოვებას, ამობრუნებულ შემთხვევაში შეიძლება, უკავშირდებოდეს დამარცხებას და წარუმატებლობას, და ა.შ.

ასეთი მიდგომა საშუალებას მოგცემთ, რომ გაგიმარტივდეთ სწავლის პროცესი და ადვილად დაიმახსოვროთ მნიშვნელობები.

თუმცა, ზოგჯერ ამობრუნებული არკანები უკავშირდება არა საპირისპირო მნიშვნელობებს, არამედ დაფარულ, ჩახშობილ ან გაუცნობიერებელ ემოციებს/მოქმედებებს ან რაიმე მოვლენის დაგვიანებას და გადადებას. ასეთ დროს არ იკარგება არკანების ძირითადი მნიშნველობა, უბრალოდ, ის ან ჩახშობილია და ან დაგვიანებით გამოავლენს თავს. მაგალითად, თუკი თქვენ სვამთ კითხვას: “რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ მუშაობა დავიწყო უახლოესი 1 თვის განმავლობაში?” და პასუხად ამოდის ამობრუნებული “მზე”, ეს შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ მუშაობას აუცილებლად დაიწყებთ, მაგრამ 1 თვე არ იქნება ამისთვის საკმარისი დრო და სავარაუდოდ ოდნავ დაგვიანებით მოხდება თქვენი სურვილის ასრულება – 2, 3 ან 4 თვეში.

ნებისმიერ შემთხვევაში მუდმივი პრაქტიკა უკეთ დაგანახებთ, პირადად თქვენთვის როგორ მუშაობს თითოეული ამობრუნებული არკანა – რაზე მიგანიშნებთ და რა ინფორმაციას გაწვდით.

როგორ ჯობია მოქცევა?

თუ თქვენ დამწყები ხართ და ჯერ კიდევ არ იცით არკანების ძირითადი განმარტებები, შეიძლება, გაგიადვილდეთ მხოლოდ სწორ მდგომარეობაში მყოფი არკანებით ტაროს გაშლა. ეს საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაერკვიოთ არკანების ძირითად არსში, დაიმახსოვროთ მათი მნიშვნელობები და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ საპირისპირო განმარტებების შესწავლაზე. თუმცა, სულაც არ არის საჭირო, თავი აიძულოთ, რომ საპირისპირო განმარტებების ათვისება დაიწყოთ მაშინ, როდესაც რეალურად ამის სურვილი არ გაგაჩნიათ. ყველა ტაროლოგი არ არის ორიენტირებული ამობრუნებული არკანების მნიშვნელობების შესწავლაზე. ძალიან ბევრ მათგანი ამას კვირების, თვეების ან წლების შემდეგ იწყებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი დასტა თავიდანვე გათვლილია მხოლოდ სწორ მდგომარეობაში მყოფ არკანებზე. ასეთ შემთხვევაში სასურველია, თუკი არკანებს არ ამოაბრუნებთ გაშლის დროს.

რეალურად კი არ არსებობს არკანების გამოყენების “სწორი” ფორმა. თითოეული ტაროს პრაქტიკოსი თავად განსაზღვრავს, გამოიყენოს თუ არა ამობრუნებული არკანები. ტარო ნებისმიერ შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას თავის მფლობელს.