ტაროლოგიის საფუძვლიანად შესწავლის მსურველებს გამოცდილი ტაროლოგები ყოველთვის ურჩევენ, რომ აუცილებლად იქონიონ ტაროს დღიური. ტაროს დღიური არის ჩვეულებრივი რვეული ან ბლოკნოტი, სადაც მოსწავლე წერს ყველაფერს, რასაც ტაროს შესახებ ისწავლის. როგორც წესი, ასეთ რვეულებში და ბლოკნოტებში ძირითადად ტაროს გაშლის შედეგებს და მათ განმარტებებს წერენ, მაგრამ რეალურად ამ დღიურის ფუნქცია გაცილებით უფრო მრავალფეროვანია.
როგორც წესი, ტაროს დღიურის წარმოება იძლევა საშუალებას, რომ მოსწავლის ცოდნა, გამოცდილება და აზრები ერთად იქნას შენახული, ხოლო თვეების და წლების შემდეგ კი, როდესაც წაიკითხავს ძველ ჩანაწერებს, ადვილად მიაგნოს შეცდომებს და იზრუნოს მათ გამოსწორებაზე. თუ გსურთ, რომ აწარმოოთ ტაროს დღიური, სტატიაში მოცემული რჩევები გამოგადგებათ.
თავდაპირველად შეიძინეთ სქელი რვეული ან ბლოკნოტი. გაითვალისწინეთ, მისი გამოყენება ფაქტიურად ყოველდღე მოგიწევთ (თუ, რა თქმა უნდა, შესწავლას სერიოზულად მოეკიდებით), ამიტომ გარეგნულად ის მინიმუმ ნორმალურად უნდა გამოიყურებდეს. თუ ვიზუალურად ის თქვენში სიმპათიებს არ იწვევს, შეიძლება, ტაროლოგიის შესწავლის პროცესში ჩანაწერების გაკეთება შეწყვიტოთ.
შემდეგ დაფიქრდით, რა სახის ჩანაწერებს გააკეთებთ ამ დღიურში. იდეალური ვარიანტია, თუკი ჩაწერთ არკანების ძირითად განმარტებებს, გაშლის მეთოდების აღწერებს, გაშლის შედეგად მიღებული პასუხების ახსნებს, თქვენს აზრებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებს და საერთოდ, ყველაფერს, რასაც ტაროლოგიაში შეისწავლით, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ დღიურის ფურცლების რაოდენობა ამის საშუალებას იძლევა. შეგიძლიათ, აწარმოოთ 2 ან მეტი დღიურიც, მაგალითად, 1-ლი იქნება გაშლებისთვის, მე-2 – თქვენი აზრებისთვის, მე-3 არკანების განმარტებებისთვის და ა.შ., მაგრამ 1 დღიური ყველაზე უფრო მოსახერხებელია სწავლის პროცესში.
ტაროს დღიური ზოგადად უნდა მოიცავდეს შემდეგ კატეგორიებს:
- არკანების განმარტებები
- პირადი სახის ჩანაწერები
- ტაროს გაშლის მეთოდები
- ტაროს გაშლის პროცესები და შედეგები
- მედიტაცია ტაროს არკანებით
- ტაროს მაგია და რიტუალები
- თავისუფალი გვერდები
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
არკანების განმარტებები
ტაროს დასტა წარმოადგენს 78 (იშვიათ შემთხვევაში 79) არკანის ნაკრებს. დამწყებებს ხშირად უჭირთ არკანების განმარტებების დამახსოვრება და თვლიან, რომ საკმაოდ რთულია თითოეული მათგანის განმარტების დამახსოვრება, მაგრამ თუკი 1 არკანისთვის თითო ფურცელს ან მინიმუმ 1 გვერდს გამოყოფთ, ჩანაწერებს აუჩქარებლად და გააზრებულად გააკეთებთ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში არაერთხელ გადაიკითხავთ მათ, სწავლის პროცესი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ. ასეთი ჩანაწერები საშუალებას მოგცემთ, ადვილად შეისწავლოთ თითოეული არკანის ძირითადი განმარტება და როდესაც გაშლის დროს ამოვა კონკრეტული არკანა, უკვე გეცოდინებათ, როგორ უნდა გაშიფროთ.
პირადი სახის ჩანაწერები
პირადი სახის ჩანაწერების პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღებას ნაკლებად აქცევთ სხვების მოსაზრებებს და ხელმძღვანელობთ ძირითადად საკუთარი აღქმებით. ჩაწერეთ დღიურში თქვენი აზრები, შთაბეჭდილებები, დასკვნები, აღმოჩენები ტაროს შესახებ. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიმართულების იქნება თითოეული ჩანაწერი (მაგალითად, გაშლის შედეგებს განიხილავთ პირადი მოსაზრებებით თუ მედიტაციით მიღებულ შთაბეჭდილებებზე დაწერთ). მთავარია, რომ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები. დროთა განმავლობაში შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს თქვენი აღქმები, ხოლო ძველი ჩანაწერების გადაკითხვა საშუალებას მოგცემთ, თვალი ადევნოთ თქვენს განვითარებას.
ტაროს გაშლის მეთოდები
ტაროს გაშლის მეთოდები უამრავი სახისაა. ზოგიერთი შეიძლება გამოგადგეთ, ზოგიერთი – არა. ამიტომ ყურადღებით შეარჩიეთ თითოეული მათგანი და გადაიტანეთ დღიურში. თუ აპირებთ, რომ ბევრი მეთოდი ჩაიწეროთ, დაყავით დღიური პატარა კატეგორიებად, მაგალითად, ცალკე განათავსეთ სასიყვარულო გაშლები, ცალკე – საკუთარი თავის შეცნობის, ცალკე – ფინანსური და ა.შ. სხვა შემთხვევაში მინიმუმ 5 ფურცელი გამოყავით გაშლებისთვის. დასაწყისისთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია.
ტაროს გაშლის პროცესები და შედეგები
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ არანაირი დეტალი, საჭიროა, ჩაწეროთ ყველაფერი, რაც უკავშირდება კონკრეტულად 1 გაშლის პროცესს. სტანდარტული პროცესი მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
- თარიღი, თუ როდის მოხდა გაშლა (რიცხვი, თვე, კვირის დღე, წელი, იშვიათ შემთხვევებში ზუსტი დროც და მთვარის დღეც)
- პიროვნების სახელი, ვისთვისაც ტაროს შლით (თუ ტაროს თქვენთვის შლით, საჭირო არაა ამის დაფიქსირება)
- გაშლის შერჩეული მეთოდის დასახელება (თუკი ეს მეთოდი დღიურში შეტანილი არ გაქვთ, მიუთითეთ პოზიციების შეკითხვები)
- გაშლის დროს ამოსული არკანების დასახელებები და მათი მდგომარეობა (სწორი ან ამობრუნებული)
- მიღებული შედეგის თქვენი ახსნა
- სისწორე – გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაწერთ, თუ რა განმარტეთ სწორად, რა გამართლდა, რა არ გამართლდა, რაში შეცდით და ა.შ.
შეგიძლიათ, ამ მონაცემებს რაიმე დაუმატოთ ან გამოაკლოთ თქვენი სურვილის და შეხედულებების შესაბამისად.
მედიტაცია ტაროს არკანებით
თუკი მედიტირებთ ან გსურთ, რომ პრაქტიკაში გამოსცადოთ ტაროს არკანებით მედიტაცია, დღიურში შეიტანეთ თითოეული მათგანის აღწერა (თუ ფურცლების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, ჩაწერეთ მხოლოდ ის, რომელსაც პრაქტიკაში იყენებთ). გარდა ამისა, დღიურში ჩაწერეთ თქვენი გამოცდილების, აზრების და შთაბეჭდილებების შესახებ, ხოლო როდესაც მედიტაციას გაიმეორებთ, შეადარეთ ძველი და ახალი ჩანაწერები.
ტაროს მაგია და რიტუალები
გამოყავით გვერდები სხვადასხვა მაგიური რიტუალების აღწერისთვის, მაგალითად, ტაროს დასტის განწმენდის, ენერგიით დამუხტვის და სხვა მსგავსი რიტუალების მეთოდების ჩასაწერად. შეგიძლიათ, აწარმოოთ ცალკე გვერდიც, სადაც დააფიქსირებთ თქვენს მიერ ჩატარებული რიტუალის დანიშნულებას და ჩატარების თარიღს.
თავისუფალი გვერდები
თავისუფალ გვერდებზე განათავსებთ სხვადასხვა სახის პატარ-პატარა ინფორმაციებს და ზოგადად ყველაფერ იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლით. ამ მხრივ შეზღუდული არ ხართ.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, შეგიძლიათ, ტაროს დღიურში სურათებიც ჩააწებოთ ან თავად დახატოთ სხვადასხვა დეტალები. ეცადეთ, ისეთი დღიური დაამზადოთ, რომლის გამოყენების სურვილიც ყოველთვის გექნებათ. ასევე, ეცადეთ, ხშირად აკეთოთ ჩანაწერები. რაც უფრო მეტ ჩანაწერს გააკეთებთ, უფრო სწრაფად ისწავლით საკუთარ შეცდომებზე, გააანალიზებთ ყოველ დეტალს და შეძლებთ, ბევრად ადვილად მიიღოთ ცოდნა, ვიდრე ამას დღიურის გარეშე გააკეთებდით. ხოლო თუ არ გიზიდავთ ბლოკნოტები და რვეულები, შეგიძლიათ, ვირტუალური დღიური აწარმოოთ.