ტაროს არკანებით (განსაკუთრებით კი, მაღალი არკანებით) მედიტაცია საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. ასეთი მედიტაციის საშუალებით ხდება საკუთარი თავის შეცნობა, კითხვებზე პასუხების მიღება, ახალი იდეების გაჩენა, შინაგანი ძალის მოკრება, შიშების დაძლევა და ა.შ. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ არკანაზე, რადგან თითოეული მათგანით ერთმანეთისგან განსხვავებული მედიტაციები ტარდება.

თავდაპირველად საჭიროა იმ არკანის შერჩევა, რომლითაც გსურთ მედიტირება. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც თქვენი დასტიდან ამოიღოთ არკანა. დაათვალიერეთ დასტები ვირტუალურ სივრცეში (შეგიძლიათ, იხილოთ გალერეაც) და რომელიც მიგიზიდავთ, იმ დასტიდან ამობეჭდეთ სასურველი არკანა.

სანამ მედიტაციას დაიწყებთ, შეიქმენით შესაბამისი განწყობა – ჩააქრეთ სინათლე, გათიშეთ მობილური/ტელევიზორი, აანთეთ სანთლები, დაწვით საკმეველი ან სურნელოვანი ჩხირი, ჩართეთ მუსიკა/ბუნების ხმები. შემდეგ დაჯექით მაგიდასთან ან იატაკზე და დაიდეთ წინ არკანა.

მედიტაცია იწყება ნელა, აუჩქარებლად. შეხედეთ არკანას. თავდაპირველად ნახატი მთლიანობაში აღიქვით, შემდეგ კი ეცადეთ, მის მიღმა გაიხედოთ. არ დააკვირდეთ დეტალებს და არ მოახდინოთ მათზე ფოკუსირება. მაქსიმალურად მოდუნდით. თანდათან ნახატი გაიდღაბნება და გექნებათ ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს არკანაზე გამოსახული პერსონაჟი და გარემო მოძრაობს. დახუჭეთ თვალები და გააგრძელეთ იმის წარმოდგენა, რაც არკანაზე დაინახეთ.

შემდეგი ნაბიჯი არკანაში “გადასვლაა”. დაიწყეთ მოქმედება. თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი წინ და “შეხვიდეთ” ნახატში, რომელიც თქვენს გონებაში დარჩა თვალების დახუჭვის შემდეგ. როცა ამას გააკეთებთ, მიეცით წარმოსახვას თავისუფლება და გააგრძელეთ მოქმედება ისე, როგორც თავად გსურთ – დაელაპარაკეთ პერსონაჟს/პერსონაჟებს, დაუსვით კითხვები, სთხოვეთ რამე, “იარეთ” არკანაში, შეიგრძენით ენერგია, დაათვალიერეთ გარემო და ა.შ.

თუ თავს ცუდად იგრძნობთ, მედიტაცია შეწყვიტეთ და მომავლისთვის სხვა არკანა ან დასტა შეარჩიეთ. მედიტაციის დასრულების შემდეგ შთაბეჭდილებები ჩაიწერეთ ბლოკნოტში ან ტაროს დღიურში.