შეკითხვები გამოგზავნეთ საკონტაქტო გვერდის საშუალებით.

რისთვის გამოიყენება ტარო?

ტარო თანამედროვე ცხოვრებაში მრავალი მიზნით გამოიყენება. მისი საშუალებით მკითხაობენ, მედიტირებენ, უწევენ კონსულტაციას ადამიანებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ატარებენ მაგიურ რიტუალებს, აკეთებენ რაიმეს დიაგნოსტირებას, მაგალითად, ჯანმრთელობის. ტაროს წარმატებით იყენებენ ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპიაშიც. გარდა ამისა, თითოეული ტაროლოგი დამოუკიდებლად ამუშავებს ტაროს გამოყენების ინდივიდუალურ ტექნიკებს.

მსურს ტაროს შესწავლა. როგორ მოვიქცე?

ტაროლოგიის შესწავლა დიდ დროს, ენერგიას და რაც მთავარია, ენთუზიაზმს მოითხოვს. ამისთვის მხოლოდ სურვილის ქონა არ არის საკმარისი. თუ ნამდვილად გსურთ, რომ ჩაწვდეთ არკანების სიბრძნეს, იკითხეთ წიგნები და სტატიები ამ თემის შესახებ, იკონტაქტეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ტაროლოგია აინტერესებთ. დროთა განმავლობაში ისწავლით ინფორმაციის გაფილტვრასაც, რადგან აღმოაჩენთ, რომ ბევრი რამ ტაროლოგიაში პირადად თქვენთვის არ მოქმედებს და საჭიროა ისეთი ტექნიკების შემუშავება, რაც მხოლოდ თქვენ გამოგადგებათ. ტარო ყველა ადამიანისთვის განსხვავებულად მუშაობს, ამიტომ ეცადეთ, არ მოექცეთ ჩარჩოებში და იმოქმედოთ თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე. რაც მთავარია, თქვენი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეთ, რადგან მხოლოდ პრაქტიკით შეძლებთ, რომ მაქსიმალურად დაეუფლოთ ტაროლოგიას.

შეიძლება თუ არა ტაროს დამოუკიდებლად შესწავლა?

დიახ, შეიძლება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პიროვნებაზე. ზოგს მასწავლებელი სჭირდება, ზოგი კი ამას მარტოც ახერხებს. მცდარია მოსაზრება, რომ ტაროლოგიის შესწავლა რჩეულთა ხვედრია და ამისთვის საჭიროა, გაგაჩნდეს თანდაყოლილი ნიჭი. თუკი ადამიანს არ აქვს პრობლემები ჩაკრებთან დაკავშირებით და ტაროლოგია მისი სისტემაა, სწავლას აუცილებლად შეძლებს.

როგორ უნდა გავიგო, არის თუ არა ტაროლოგია ჩემი სისტემა და მაქვს თუ არა ნიჭი ტაროლოგიაში?

ამის გაგება მარტივია. თუკი გაქვთ ძლიერი ინტერესი, სწრაფად ითვისებთ ინფორმაციას არკანების შესახებ, ხოლო პრაქტიკაში ადვილად და სწორად ახერხებთ თქვენი ცოდნის გამოყენებას, ე.ი. ტაროლოგია თქვენი სისტემაა. ცოდნის სწორად გამოყენებას მოაქვს სასურველი შედეგები. თუკი, მაგალითად, გაშლის დროს ძირითადად სწორ პასუხებს იღებთ, ე.ი. გაქვთ უნარი, ტაროლოგიაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოთ. თუკი გიადვილდებათ არკანებზე მედიტაცია, ესეც იმის ნიშანია, რომ ტაროლოგია თქვენი სისტემაა. ზოგადად კი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამის შესახებ. ენდეთ თქვენს ინტუიციას და პასუხს თავად მიხვდებით.

რომელი დასტით დავიწყო ტაროს შესწავლა?

დამწყებებისთვის მეტწილად მისაღებია კლასიკური დასტები, მაგალითად, “რაიდერის ტარო”, რომელიც დაგეხმარებათ არკანების არსის შეცნობაში. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ტაროს სხვა სისტემებიც, სადაც აღნიშნული დასტა არ გამოგადგებათ. უმჯობესია, თავდაპირველად დაათვალიეროთ “რაიდერის ტარო”, “თოთის ტარო” და “მარსელის ტარო”. სამივე მათგანი სხვადასხვა სისტემას მიეკუთვნება და საშუალება გექნებათ, პირადად თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოთ.