თანამედროვე ცხოვრებაში ტაროს დანიშნულება საკმაოდ ვრცელია. არკანების ენერგეტიკა საშუალებას იძლევა, თითოეული მათგანი გამოყენებული იქნას არამარტო მანტიკაში, არამედ, სხვადასხვა მაგიური სახის პრაქტიკებშიც.
არკანებით შესაძლებელია როგორც რიტუალების ჩატარება, ასევე, თილისმების შექმნა. ასეთი მიზნებისთვის, როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება ტაროს კლასიკურ დასტას, რომელიც სპეციალურად მაგიური მიზნებისთვის არის განკუთვნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი დასტით არ მკითხაობენ და არც მედიტირებენ. აღსანიშნავია, რომ გარდა კლასიკურისა, ზოგიერთი რიტუალის ჩასატარებლად საჭიროა სპეციფიკური თემატიკის ტაროს დასტა.
ტაროს მაგიაში სწორედ არკანები წარმოადგენენ მთავარ ფიგურებს, ხოლო დამატებითი ატრიბუტიკა ზოგჯერ საჭიროც კი არაა. რიტუალის შემდეგ გამოყენებულ არკანებს ან დასტაში აბრუნებენ, ან წვავენ, ან ისე იქცევიან, როგორც კონკრეტულ მომენტშია აუცილებელი. გამოყენებული არკანების დატოვების შემთხვევაში აუცილებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ (მაგალითად, როცა რიტუალით შედეგის მიღება მოხდება) იგი ცეცხლით გაიწმინდოს. წმენდა ხდება ბანქოების ცეცხლის ალზე სწრაფად გადატარებით.
აღსანიშნავია, რომ ტაროს მაგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარმოსახვის უნარსაც. ეს გარკვეულწილად მედიტაციის და ვიზუალიზაციის კომბინაციას ჰგავს, როდესაც საჭიროა შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და სასურველი შედეგის წარმოდგენა.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ გააჩნია მაგიური პრაქტიკებისთვის განკუთვნილი ტაროს დასტა, არსებობს გამოსავალი: საჭიროა არკანის ამოჭედვა, რამდენიმე დღის მანძილზე მისი თან ტარება და საკუთარი ენერგიით დამუხტვა.
გაითვალისწინეთ, რომ თუ კარგად ერკვევით არკანების მნიშვნელობებში, ასეთი რიტუალების მოფიქრებას თავადაც შეძლებთ.