ადამიანი ხშირად ექცევა სხვადასხვა ნეგატიური ენერგიის გავლენის ქვეშ. ნეგატიური ენერგია, შეიძლება, წამოსული იყოს ადამიანისგან, შეიძლება – გარემოსგან, ან სულაც ასტრალური არსებებისგან. მისი გავლენა ინდივიდუალურად აისახება პიროვნებაზე: რიგ შემთხვევებში თავისუფლად ხდება ასეთი სახის უარყოფით ზემოქმედებასთან გამკლავება, თუმცა, ზოგჯერ ნეგატივი იწვევს სხვადასხვა სახის პრობლემებს (მაგალითად, ფიზიკურს ან მენტალურს). სწორედ ამგვარი შემთხვევებისგან თავდასაცავად იყენებენ ენერგეტიკულ ფარებს.

ენერგეტიკული ფარები წარმოადგენენ დამცავებს, რომელთა შექმნაც ხდება გონებით, წარმოსახვით, აზრობრივად. თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იქნას დახუჭული თვალებით, თუმცა, ხანდახან ფარის შესაქმნელად და უკეთესი ეფექტის მისაღებად თვალების დახუჭვა რეკომენდირებული არ არის. ზოგიერთი ფარი გათვლილია მხოლოდ თავდაცვაზე, ზოგიერთი კი ირეკლავს უარყოფით ენერგიას და მიმართავს იმ ადამიანისკენ, ვისგანაც წამოვიდა. არსებობს ენერგეტიკული ფარების სპეციფიკური სახეობებიც, რომლებიც ორიენტირებულია მოწინააღმდეგისგან ენერგიის მიღებაზეც. ასეთ ფარებს წარმატებით იყენებენ საბრძოლო მაგიაში ენერგოვამპირიზმის მიმართულებით.

ენერგოფარები 2 სახისაა: აქტიური და პასიური. აქტიური მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ მომენტში, წარმოიქმნება ძლიერი წარმოსახვის შედეგად და საჭიროებს დიდ ენერგიას. შესაბამისად, ასეთი ფარები გაცილებით უკეთ იცავენ ადამიანს. რაც შეეხება პასიურ ფარს, იგი მოქმედებს რამდენიმე წუთის, საათის, დღის, კვირის, თვის მანძილზე, მაგრამ ზოგადად არ არის რეკომენდირებული მისი ხანგრძლივად გამოყენება, რადგან რთულდება სამყაროსთან კონტაქტი ენერგეტიკულ დონეზე. პასიური ენერგოფარების არსებობის დრო ძირითადად დამოკიდებულია შესაქმნელად გამოყენებული ენერგიის რაოდენობაზე და ნეგატიური ენერგიის გავლენის სიხშირესა და სიძლიერეზე.

ენერგეტიკული ფარები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ისინი, შეიძლება, იყვნენ როგორც 4 სტიქიის, ასევე, აურის ტიპის, სარკისებრი, ქვიშისებრი და ა.შ. ყველაფერი ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტურად ყველა ფარი მოქმედებს, მთავარია, მის შესაქმნელად მაქსიმალური წარმოსახვა და კონცენტრაცია იყოს გამოყენებული.

მაგალითისთვის გთავაზობთ რამდენიმე ენერგეტიკული ფარის შექმნის მეთოდს.

ენერგოფარი “კედელი”

ეს ფარი მხოლოდ დამცავია და არა – ამრეკლავი. შედის აქტიური ენერგოფარების კატეგორიაში, ამიტომ როგორც კი ვიზუალიზაციას ან კონცენტრაციას შეწყვეტთ, ფარი გაქრება. დადექით მოწინააღმდეგის პირისპირ (სასურველია, დახუჭოთ თვალები) და წარმოიდგინეთ თქვენს შორის აღმართული კედელი. საჭიროა, წარმოსახვითი კედელი მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალურთან. ამ ენერგოფარის პლიუსი ის არის, რომ მარტივი შესაქმნელი და ეფექტურია. გარდა ამისა, იხარჯება მცირე რაოდენობით ენერგია. რაც შეეხება მინუსს, თუ მოწინააღმდეგე თქვენზე ძლიერია, ამ კედელს ადვილად ”დაამსხვრევს”.

ენერგოფარი “პირამიდა”

პირამიდა აქტიური ამრეკლავი ფარია. როცა გრძნობთ, რომ თქვენსკენ უარყოფითი ენერგია მოდის, კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ და წარმოსახვის უნარი მოიშველიოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იმყოფებით ოქროსფერი პირამიდის ცენტრში, რომელიც თავის ნათებით ირეკლავს თქვენსკენ მომავალ უარყოფით ენერგიას. შეგიძლიათ, დაჯდეთ ან დაწვეთ კიდეც. მთავარია, თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ. ასეთი პირამიდა არამარტო ნეგატიური ენერგიისგან თავდაცვაში დაგეხმარებათ, არამედ, შინაგან ძალას შეგმატებთ.

ენერგოფარი “ცეცხლოვანი კედელი”

ეს ენერგოფარი შედის აქტიური ფარების კატეგორიაში. მისი შექმნისას არ შეიძლება გადაადგილება და იხარჯება დიდი ენერგია, თუმცა, ეფექტურია. დასაწყისისთვის ხელი მიწისკენ გაიშვირეთ და თქვენსა და მოწინააღმდეგეს შორის წარმოსახვითი უსწორმასწორო ხაზი გაავლეთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ხაზი დიდ ნაპრალად გადაიქცა. ორივე ხელი მაღლა ასწიეთ და ამ ნაპრალიდან ძლიერი ცეცხლი ”ამოიყვანეთ”. ცეცხლოვანი კედელი თქვენზე მაღალი უნდა იყოს და მთლიანად გფარავდეთ. დროდადრო ისევ გაავლეთ უსწორმასწორო ხაზები და ცეცხლის ახალი ნაკადები აღმართეთ, რომ შესუსტებული ალი გააძლიეროთ. თუ იმყოფებით ისეთ გარემოში, სადაც მოძრაობა შეზღუდულია ან არ გსურთ ყურადღების მიქცევა, ხელების მოქმედებები შეცვალეთ მზერით – მზერით შექმენით ნაპრალი და ასევე, მისი საშუალებით აღმართეთ ცეცხლის ალი.

ენერგოფარი “შავი ფარი”

შავი ფარი აქტიური ფარების კატეგორიაში შედის. მისი წარმოდგენის დროს კონცენტრირება უნდა მოახდინოთ იმაზე, რომ არ დაიშალოს. საკმაოდ საიმედო თავდაცვის საშუალებაა, მაგრამ მისი შექმნის დროს ვერ ხერხდება მოწინააღმდეგეზე ენერგეტიკული თავდასხმის განხორციელება. დახუჭეთ თვალები და თავი ცოტათი დახარეთ. მიიღეთ ისეთი პოზიცია, თითქოს მოწინააღმდეგეს წარბების ქვემოდან უყურებთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გარშემო არსებული სივრცე ნელ-ნელა იდღაბნება, იღვენთება და იქცევა შავ მასად, რომელიც გარს გეკვრით. ეს შავი მასა მუდმივად განიცდის ცვლილებებს, განაგრძობს ჩამოღვენთვას, მაგრამ ნაღვენთი ისევ ზემოთ ადის და წარმოსახვით დამცავ ბარიერს საშუალებას არ აძლევს, დაიშალოს. წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი სახის ენერგია, რაც ამ შავ ფარს შეეხება, თავადაც შავ მასად იქცევა და ფარს სისქეს უმატებს. ვიზუალიზაცია განაგრძეთ მანამდე, სანამ ამის საჭიროება არსებობს. ფარის გაქრობას შეძლებთ მისი სისქის გათხელებით და შავი ფერის მასის გაუფერულებით.

ენერგოფარი “სტიქიები”

ამ ფარის შექმნა უმჯობესია ბუნებაში, რადგან ენერგიის წყაროდ მცენარეები, ჰაერი, მზის სხივები და წყალი იქცევა. მისი შექმნა ხდება შედარებით დიდხანს, მოწინააღმდეგეზე თავდასხმა კი ვერ ხერხდება. დახუჭეთ თვალები და შეიგრძენით, როგორ ქრის ქარი თქვენს გარშემო, წრიულად. ქარის სიჩქარე ნელ-ნელა იზრდება და ქარბუქად გადაიქცევა. თქვენ ქარბუქის ცენტრში იმყოფებით. უცებ ჰაერის ნაკადი დიდი ძალით ეშვება მიწაში და ხეთქავს მას – ზედაპირსაც და სიღრმესაც. მიწის ნაწილაკები ქართან ერთან ტრიალებს თქვენს ირგვლივ. გახეთქილი მიწა ნელ-ნელა უფრო ღრმავდება, ნაპრალიდან კი ამოდის სუფთა, ცივი წყალი, რომლის წვეთებიც ქარის და მიწის მსგავსად იწყებს თქვენს გარშემო ბრუნვას. წვეთების რაოდენობა იზრდება, წარმოსახვით ფარს ემატება და თანდათან იქცევა წყლის ძლიერ ნაკადად. თქვენ 3 ფენა გაკრავთ გარს – ქარის, მიწის და წყლის. დროა, მიუმატოთ მე-4 ფენაც – ცეცხლის სტიქია. წარმოიდგინეთ, რომ მიწის ნაპრალი უფრო და უფრო ღრმავდება, ცოტა ხანში კი დედამიწის გულიდან ამოდის ცხელი მაგმა, რომელიც გარს გეკვრით. მას შემდეგ, რაც 4 ფენიან ფარს შექმნით, გაქვთ 2 არჩევანი: ან დატოვოთ ფარი ასეთ მდგომარეობაში, ან ოთხივე ფენა ერთმანეთში აურიოთ და აქციოთ სქელ მასად. სტიქიური ფარი ძალიან ძლიერ დაცვას ქმნის, მაგრამ შეიძლება, ეფექტი შედარებით სუსტი იყოს, თუ ბუნებაში არ იქნებით.