იცით, როგორ “მოვიდა” ჩემთან ვერა სკლიაროვას “აჩრდილების ტარო”?

არა, ის არ უჩუქებია ჩემთვის არავის. არც შთამომავლობით გადმომეცა. არც ონლაინ მაღაზიიდან გამომიწერია. მსგავსი არაფერი მომხდარა. საერთოდაც, 2012 წელს ამ დასტაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა, რადგან ორიგინალი ვერსია ფაქტიურად აღარ იშოვებოდა მაღაზიებში, ხოლო სადაც იშოვებოდა, ღირდა საკმაოდ ძვირი და თან საქართველოში არ აგზავნიდნენ.

ამიტომ ამოვბეჭდე. სახლში. ჩემს პრინტერზე. და შემდეგ ხელით დავამუშავე – გამოვჭერი და სქელ ქაღალდზე დავაწებე სათითაოდ.

ეს იყო ჩემი მე-2 ტაროს დასტა. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი. მინდოდა, დღეში ასჯერ გამეშალა ეს ტარო სხვადასხვა თემებზე, გამეკეთებინა მომავლის პროგნოზები ჩემთვის და ყველასთვის, ვინც კი ამაზე დამთანხმდებოდა, განმეხილა მნიშვნელოვანი საკითხები, მიმეღო რჩევები და ა.შ. თუმცა, პრობლემა ის იყო, რომ “აჩრდილების ტარო” ძალიან ვიწრო სპეციალობაზეა გათვლილი – ნეგატივის ამოცნობაზე. ეს თავიდანვე ვიცოდი. ვიცოდი, რომ გარკვეული სირთულეების გადალახვა მომიწევდა ამ დასტასთან მუშაობის პროცესში და არც შევმცდარვარ.

პირველი, რაც თავიდანვე შევამჩნიე, იყო ძალიან მწირი ინფორმაცია არკანების შესახებ. როგორც ვერა სკლიაროვა ამბობს, “აჩრდილების ტარო” მე-15 არკანის ვრცელი ვარიანტია და მისი საშუალებით აღწერს ”ეშმაკის” 78 სახეს, გამოვლინებას.

თითქოს, ყველაფერი გასაგებია, წიგნშიც წერია რაღაც ასე თუ ისე, მაგრამ როცა რეალურად იწყებ ამ დასტის გამოყენებას, სვამ საკმაოდ მნიშვნელოვან კითხვას და პასუხად 2-3 წინადადებას იღებ, ეს რაღაცნაირად გბოჭავს. ფაქტიურად, იმისთვის, რომ სრულყოფილი პასუხები მიიღო, წიგნის კი არა, საკუთარი ცოდნის და ინტუიციის იმედზე უნდა იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არაერთხელ მიმიღია გასაგები, პირდაპირი და დამცინავი პასუხებიც კი.

თვითონ დასტა დიდი სილამაზით არ გამოირჩევა. სურათები ფანქრით ნახატს ჰგავს და ღია ფერებშია შესრულებული. ერთი შეხედვით, არ არის გაყოფილი მაღალ და დაბალ არკანებად და წარმოადგენს ერთ მთლიანობას. განსხვავება მხოლოდ მაშინ ჩანს, თუ ნომრებს დააკვირდებით – მაღალი არკანები რომაულად არის დანომრილი, დაბალი არკანები კი – არაბულად. დასტა მოიცავს დემონების, მითიური პერსონაჟების, 7 მომაკვდინებელი ცოდვის, პლანეტარული ღმერთების, მცენარეების, მაგიური ატრიბუტიკის და სიმბოლოების გამოსახულებებს. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ ტაროს გარკვეულწილად შეესაბამება, მე ვფიქრობ, რომ ეს ტარო კი არა, ორაკულია.

ამ ტაროს გაშლა თეორიულად ყველა საკითხზე შეიძლება, პრაქტიკულად კი მხოლოდ ისეთი ინფორმაციის მისაღებად გამოდგება, რაც უკავშირდება რაიმე უარყოფითს. ამიტომ მისი საშუალებით შესანიშნავად გამოდის:

  • მაგიური ნეგატივის დიაგნოსტიკა (ჯადო, წყევლა, გათვალვა და ა.შ.)
  • რჩევების მიღება იმაზე, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს თავდაცვა ნეგატივისგან
  • იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მაღალია ვინმესგან თავდასხმის საფრთხე
  • ადამიანის ფარული ზრახვების გაგება

ბედნიერი მომავლის დასანახად ეს ტარო არ გამოდგება. ზოგადად ამ დასტაში საკმაოდ ცოტაა პოზიტივი. თუმცა, მე ძალიან მიყვარს. მიყვარს იმიტომ, რომ გაშლის დროს აშკარად ჩანს ხოლმე ბევრი რამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიაგნოსტიკას ვატარებ. და რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, არის ის, რომ მისი გაშლა ისეთ საკითხებზე შეიძლება, რაზეც კლასიკური დასტები არ ან ვერ იშლება (თუნდაც იგივე ნეგატივის დიაგნოსტიკა რომ ავიღოთ).

სხვათა შორის, არსებობს სპეციალურად “აჩრდილების ტაროსთვის” შექმნილი გაშლის სხვადასხვა მეთოდები, მაგრამ პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ უმჯობესია, დასტასთან კონტაქტი მოხდეს დიალოგის დონეზე და არა – წინასწარ მოფიქრებული შეკითხვებით. ასევე, აღმოვაჩინე საინტერესო რამ: ზოგჯერ არკანები უაზრო პასუხებს იძლევიან, მაგრამ როცა ამ პასუხებს ერთად ვალაგებ, ვხვდები, რომ ისინი სულ სხვა თემის შესახებ მაწვდიან ინფორმაციას. ამიტომ ადამიანი, ვისაც ამ დასტით დიაგნოსტიკის სურვილი აქვს, მზად უნდა იყოს როგორც უსიამოვნო პასუხების მოსასმენად, ასევე იმისთვის, რომ შეიძლება, არკანებმა დასმული შეკითხვა არ “გაითვალისწინონ” და იმაზე “ალაპარაკდნენ”, რაზეც ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული. გარდა ამისა, როდესაც დასტას რაღაც მნიშვნელოვანი აქვს “სათქმელი”, ის ამას აუცილებლად “ამბობს” – რამდენჯერმე ზედიზედ ამოდის ერთი და იგივე არკანა. ამიტომ სანამ მის გაშლას დავიწყებდე, ყოველთვის ვეუბნები – “მითხარი, რისი თქმა გინდა ჩემთვის”. სხვათა შორის, ამართლებს.

“აჩრდილების ტაროსთან” დაკავშირებით სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება არსებობს, რომლებიც შემდეგ მითებად ან ჭორებად ყალიბდება. მაგალითად, ამბობენ, რომ ეს დასტა დიდი რაოდენობით ენერგიას ართმევს ტაროლოგს. პირადად მე მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. იმასაც ამბობენ, რომ თუ “აჩრდილების ტაროს” იყენებ, სხვა დასტის გამოყენება უნდა გამორიცხო, მაგრამ ესეც მორიგი სისულელეა. საერთოდაც, ასეთი მოსაზრებების გავრცელება ისევ და ისევ ვერა სკლიაროვას “დამსახურებაა”. ალბათ, ეს მისი მარკეტინგული გათვლა იყო. რეკლამირების და პროდუქტის გაყიდვის მიზნით დასტას მისტიკური და საშიში სახელი შეუქმნა, მე-2 გამოცემისთვის კი მოიფიქრა წესები, რომლებიც “აჩრდილების ტაროსთან” მუშაობის დროს უნდა დავიცვათ. ეს წესები შემდეგში მდგომარეობს:

  • ტაროლოგს უნდა ეცვას შავი ფერის ტანსაცმელი ღილების, სამაგრების და ქამრის გარეშე.
  • ტაროლოგს არ უნდა ეკეთოს არანაირი სამკაული ან აქსესუარი, განსაკუთრებით ჯვარი.
  • მაგიდაზე გადაფარებული უნდა იყოს შავი ქსოვილი.
  • დასტა უნდა “მოჭრას” კლიენტმა მარცხენა ხელით.
  • ტაროლოგმა თავის გარშემო უნდა შექმნას წრე, თუნდაც ჰაერში მოხაზოს.
  • აუცილებელია 2 შავი სანთლის გამოყენება, თუ სეანსი ტარდება ღამის 12:00 სთ-ის შემდეგ.
  • სეანსის დასრულების შემდეგ ოთახი უნდა გაიწმინდოს ნაკურთხი წყლით, მაგრამ სეანსამდე ნაკურთხი წყლის ოთახში გაჩერება არ შეიძლება.
  • თუ მუშაობა ხდება 2 დასტით ერთმანეთის პარალელურად, იმავე წესების დაცვაა აუცილებელი.
  • თუ გაშლის პროცესში ტაროლოგი ან კლიენტი განიცდის შიშს ან ისმის სხვადასხვა ხმები, სეანსის შეწყვეტა აუცილებელია შემდეგი სიტყვებით: “განვედ! განვედ! განვედ!”.
  • ყოველი სეანსის შემდეგ უნდა გაიწმინდოს არკანები სანთლის ალზე. სანთლების ჩაქრობა უნდა მოხდეს სპეციალური ჩასაქრობით და არავითარ შემთხვევაში – სულის შებერვით. სანთლების შენახვა საჭიროა შავ ქსოვილში დასტის გვერდით.
  • პირჯვარის გადაწერა სეანსების ჩატარების დროს არ შეიძლება.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის დაცვა აბსოლუტურად ზედმეტია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც “აჩრდილების ტარო” პირველად გამოუშვეს, მსგავსი წესები არ არსებობდა. თუმცა, თუ ვინმეს ეს წესები რამეში ეხმარება, ალბათ, იცავს კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ ტაროლოგების ნაწილი “აჩრდილების ტაროს” აბსოლუტურად ყველა სფეროსთან სამუშაოდ იყენებს, ჩემთვის ეს დასტა მაინც ნეგატივზე მუშაობასთან ასოცირდება. ამ მხრივ თავის საქმეს იდეალურად ასრულებს და სწორედ ამიტომ არ მაქვს სურვილი, რომ სხვა დასტით ჩავანაცვლო.