2020 წელი ტაროლოგიური თვალსაზრისით უკავშირდება არკანას “იმპერატორი”.
წლევანდელი ენერგია მიმართული იქნება ყველაფრის იერარქიების მიხედვით დალაგებასა და სტრუქტურირებაზე, ამიტომ სასურველია, რომ ამ წელს თქვენი ძალებიც მიმართოთ ისეთი საკითხებისკენ, რაც უკავშირდება საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მოპოვებას და რეპუტაციის ამაღლებას.
წლის მანძილზე წინ წამოიწევს ფინანსური და კარიერული სფეროები. იმის გამო, რომ “იმპერატორი” უკავშირდება წესრიგს, აღნიშნული სფეროები მაქსიმალურად უნდა მოაწესრიგოთ – აწარმოეთ ბიუჯეტი, აკონტროლეთ თქვენი ფული, დააბრუნეთ და დაიბრუნეთ ვალები, იზრუნეთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მოძებნეთ ისეთი სამსახური, სადაც მაქსიმალურად გამოავლენთ საკუთარ თავს. შეგიძლიათ, დაიწყოთ კერძო ბიზნესი, აწარმოოთ საქმიანი მოლაპარაკებები, იმუშავოთ საინტერესო პროექტებზე. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ არამარტო სტაბილურობა მოიპოვოთ, არამედ, მიაღწიოთ არნახულ წარმატებასაც.
სამაგიეროდ, უნდა მოერიდოთ სპონტანურ მოქმედებებს. პირიქით, ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, გააანალიზეთ, მოიფიქრეთ. სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და იმოქმედეთ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ასე უფრო გაგიადვილდებათ წინსვლა, ვიდრე არაორგანიზებული მოქმედებებით.
თუ ხედავთ, რომ რაღაც არ გამოგდით, თავს ნუ მიანებებთ დაწყებულ საქმეს. ამის მაგივრად პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგით წინ თუნდაც ნელა და აუჩქარებლად. ეს დაგეხმარებათ, რომ დასახულ მიზანს თითქმის 100% შემთხვევაში მიაღწიოთ. საერთოდაც, ნაკლებად გქონდეთ იმის იმედი, რომ რაღაც ძალიან სწრაფად და მარტივად გამოგივათ. უმჯობესია, ნებისყოფის გაძლიერებაზე იზრუნოთ და არ დანებდეთ.
“იმპერატორი” გვასწავლის, რომ სტრატეგიული მოქმედებებით და ლიდერის თვისებების გამოვლენით ნებისმიერი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. ის გონიერია, დგამს ჭკვიანურ ნაბიჯებს და სრული კონტროლი აქვს აღებული არამარტო თავის ცხოვრებაზე, არამედ, იმ ხალხზეც, ვისაც მფარველობს. თქვენც შეგიძლიათ, “იმპერატორის” სიბრძნე ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა საშუალებებით გამოიყენოთ, მაგალითად, დღის დაგეგმვით, წესრიგის დაცვით, ახლობლებზე პასუხისმგებლობის აღებით, საყვარელ ადამიანებზე ზრუნვით, ვინმეს დაცვით, სამსახურში საკუთარ თავზე დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებით, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებით და ა.შ.
შეგიძლიათ, ამ წელს გამოყოთ 4 სფერო, რომლის დახვეწაზეც იზრუნებთ და რომლებშიც მთელ თქვენს ძალისხმევას ჩადებთ. ეს სფეროები შეიძლება იყოს კარიერა, ფინანსები, სასიყვარულო ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობები, ჯანმრთელობა, ჰობი, შემოქმედება, სულიერება, მოგზაურობა, ქველმოქმედება და ა.შ. არჩევანი თქვენზეა. მთავარი პირობაა, რომ აქცენტი 4 სფეროზე გააკეთოთ – “იმპერატორის” რიცხვზე.
2020 წელს სხვადასხვა მიზნების მიღწევაში და წარმატების მოპოვებაში ბუნებრივი ქვებიც დაგეხმარებათ – ჰემატიტი, ძოწი, ლალი, ვეფხვის თვალი და წითელი იასპი. მათი ტარება საშუალებას მოგცემთ, გააძლიეროთ “იმპერატორის” არკანის გავლენა თქვენზე და თქვენს ცხოვრებაზე.
წარმატებულ წელს გისურვებთ!