იმბოლკის დღესასწაული


ყოველ წელს, 1-2 თებერვალს მაგიური სამყარო იმბოლკს ზეიმობს.

ამ დღესასწაულის სახელწოდება მოდის ძველი ირლანდიური სიტყვისგან Mblec, რაც ნიშნავს “რძეს”, სხვა ვერსიით კი – კელტური სიტყვისგან Oimelc, იგივე “ცხვრის რძე” ან Imbfolc – Imb – “გამწმენდი”, Folc – “თავსხმა წვიმა”. ეს არის დრო, როდესაც იწყება გამოღვიძება ზამთრის ძილისგან, განახლება და განწმენდა. ეს დღესასწაული სიმბოლურად ზამთრის დასრულებას აღნიშნავს და დაკავშირებულია წმინდა ცეცხლთან, რომელიც დედამიწას წმენდს, ხელს უწყობს ნაყოფიერებას და აღვიძებს მზეს ზამთრის ძილისგან. ამ დღეს ყველა ბანაობს (ზოგჯერ დილის ნამით ან თოვლით), აბანავებენ შინაურ ცხოველებსაც, სახლს განსაკუთრებულად ალაგებდნენ და რთავენ. იმბოლკი ქალღმერთ ბრიგიდის გამოჯანმრთელების დღესასწაულია. სწორედ იმბოლკის დღესასწაულზე გადიან ინიცირებას ახალგაზრდა ჯადოქრები.

ლეგენდის თანახმად, ქალღმერთი ბრიგიდი იმბოლკის დღესასწაულზე ისვენებს სულების მიწაზე, იგივე ავალონზე ან ანონზე, და იკრებს ძალას, რადგან ჯერ კიდევ სამჰაინზე შვა ღმერთი. დადგა მისი დედობის პერიოდი, ზრდის ღმერთს და კვებავს თავის რძით, ხოლო სხვადასხვა სულები ეხმარებიან მას ჩვილის გაზრდაში და ზღაპრებით და სიმღერებით ართობენ ახალგაზრდა დედას.

შოტლანდიის მთიან სოფლებში XIX – XX საუკუნის პერიოდში იმბოლკს უწოდებდნენ “ბრიჯის საწოლს” და ასე აღნიშნავდნენ: უკანასკნელად მოთიბული თივისგან ქალები ამზადებდნენ თოჯინა ბრიჯოგს (Brídeóg), რომელიც ქალღმერთს განასახიერებდა. ამ თოჯინას უკეთებდნენ ლენტებს, პატარ-პატარა მძივებს, აცმევდნენ მოსასხამს. იმავე თივისგან ცალკე ამზადებდნენ “ქალღმერთის ლოგინს”, აპკურებდნენ რძეს, აფარებდნენ თეთრი ბეწვის ქსოვილს და ბრიჯოგს დასაწოლად ეპატიჟებოდნენ. თოჯინას ლოგინზე აწვენდნენ და მთელი ღამის მანძილზე საწოლთან ანთებულ სანთელს და ახლადმოწველილ რძეს ტოვებდნენ. ზოგჯერ რომელიმე ქალი თოჯინასთან მთელი ღამე რჩებოდა. ამ რიტუალით ქალღმერთს თავიანთ სახლებში ეპატიჟებოდნენ. ზოგჯერ თოჯინის მაგივრობას გოგონა სწევდა. მასაც ლამაზად აცმევდნენ, სამკაულებს უკეთებდნენ, შემდეგ კი გოგონა სათლით ხელში მთელ სოფელში დადიოდა და მიჰყავდა ძროხა, როგორც ნაყოფიერების და ბარაქის სიმბოლო. ყველაზე დიდ და მდიდარ სახლში ან ფერმაში მისთვის თივისგან ლოგინს აკეთებდნენ, აპკურებდნენ რძეს, გოგონა კი წვებოდა და ლოცავდა ყველას, ვინც მასთან მივიდოდა და პატარა საჩუქარს მიუტანდა – ფულს, ყვავილების თაიგულს და ა.შ.

იმბოლკის ღამეს ანთებენ რაც შეიძლება ბევრ სანთელს, რომ ცეცხლმა მთელი სახლი გაანათოს და განწმინდოს. მთავარ ოთახში კი ანთებენ 1 დიდ, თეთრ სანთელს. ამზადებენ ბრიგიდის ჯვრებს, რომელიც იცავს სახლს და შინაურ ცხოველებს. სანთლებს მზის ამოსვლამდე ტოვებენ. სანთლების გარდა ზოგიერთ რიტუალში იყენებენ ჩირაღდნებსაც – მინდორს მოატარებენ ცეცხლს და ამით სიმბოლურად გამოსახავენ მზეს.

ამ დღეს ურევენ კარაქში რძეს და კარაქიანი პურის ნაჭერთან ერთად უძღვნიან ბრიგიდს. გარდა ამისა, ქალღმერთს მსხვერპლად სწირავდნენ ქათამს ან წიწილას და მარხავდნენ წყაროს, ნაკადულის, მდინარის გვერდით. იმბოლიკის ღამეს ლოგინს და ზღურბლს აპკურებდნენ ახლადმოწველილ რძეს, შემდეგ კი სახლის წინ თხრიდნენ პატარა ორმოს და ცოტაოდენ რძეს მასშიც ასხამდენ. მკითხაობდნენ მომავალზე, მოსავალზე და საბედოზე. ადამიანებისთვის ამ დღეს ჩატარებულ რიტუალებს მოაქვთ ემოციური, სულიერი და გონებრივი სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი. ზოგიერთ ერებში მიღებულია, რომ ეს დღე სეირნობაში და მხიარულებში გაატარონ, იმბოლკის შემდეგ კი გარკვეული პერიოდის მანძილზე თავი შეიკავონ ზედმეტი საკვების მიღებისგან და მიმართონ განწმენდას.

იმბოლკის დროს არ შეიძლება ლუდის სმა, სქესობრივი კავშირის დამყარება, რაიმე ხელსაქმით დაკავება. პირიქით, ასეთ მასალას (საქსოვს, საქარგავს, საკერავს და ა.შ.) საკუჭნაოში ინახავდნენ. ასევე არ შეიძლება სხვა სოფელში წასვლა და დღესასწაულის იქაურ მაცხოვრებლებთან ერთად აღნიშვნა ან მზადებაში დახმარება.

იმბოლკის დღესასწაულისთვის საკურთხეველზე ალაგებენ სანთლებს, თეთრ ყვავილებს, რკოებს, ბრიგიდის ჯვარს, ბრიჯოგს და მის ლოგინს, მზის სიმბოლოებს.

ამ დღესასწაულის სუფრის ტრადიციული შემადგენელი ნაწილია რძე (როგორც ჩვეულებრივი, ასევე შედედებული), რძით მომზადებული სასმელები და ფაფები, მაგრამ არა – მჟავე გემოს მქონე რძის პროდუქტები. ასევე ცხვრის და თხის ახალი ყველი, ჩირი, ქიშმიში, თხილეული, ცხელი და ცივი სასმელები, რძიანი და ბალახეულის ჩაი, პური (მათ შორის ტკბილიც), ორცხობილა, ცხვრის ხორცი, წიწაკა, ნიორი, ხახვი, ტკბილი ღვინო.

იმბოლკის ფერებია თეთრი, შავი, წითელი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ლავანდისფერი, ყავისფერი.

იმბოლკის ქვებია ამეთვისტო, ჰელიოტროპი, ძოწი, ლალი, ონიქსი, აქატი, ოპალი, გამჭვირვალე კვარცი, მთვარის ქვა.

იმბოლკის სიმბოლოებია თოჯინა ბრიჯოგი, ბრიგიდის ჯვარი, ცოცხი, თეთრი ყვავილები, სანთლები, ცეცხლი, ბრიგიდის ლოგინი, ცხვარი, თხა.

იმბოლკის მცენარეებია თივა, გვირილა, ბაბუაწვერა, რეჰანი, ანგელოზა, დაფნა, როზმარინი, დარიჩინი, მაყვალი, ქრისტესისხლა, გვირილა, სამყურა, ზაფრანა, კამა, მანანა, ია, ჭინჭარი, ლოტოსი, ჟასმინი, ველური ცირცველი, ფურისულა, შროშანი.

იმბოლკის საკმეველია ვანილი, მური, როზმარინი, ჟასმინი.

იმბოლკს ხშირად აიგივებენ ქენდლმასთან (Candlemas), რომელიც სწორედ 2 თებერვალს აღინიშნება და რომელმაც თავად იმბოლკი ჩაანაცვლა, მაგრამ ქენდლმასი თავის არსით ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია და იმბოლკისგან გარკვეული დეტალებით განსხვავდება. მაგალითად, იმბოლკი ქალღმერთ ბრიგიდს უკავშირდება, ქენდლმასი კი – მარიამ ღვთისმშობელს; იმბოლკის დროს არ სვამენ ლუდს, ქენდლმასის აღსანიშნად კი სწორედ ამ სასმელს იყენებენ და ა.შ.

რისი გაკეთება შეგიძლიათ იმბოლკზე?

იმბოლკზე შეგიძლიათ, დაამზადოთ სანთლები, ისეირნოთ ბუნებაში, იმხიარულოთ მეგობრებთან ერთად, იქეიფოთ, დაალაგოთ სახლი, ჩაატაროთ განწმენდის, რაიმეს დაწყების, გაახალგაზრდავების, იღბალის და ბარაქის მოზიდვის რიტუალები, იმკითხავოთ მომავალზე, მიმართოთ სანთლების მაგიას, გააჩუქოთ თქვენთვის უსარგებლო ნივთები და ტანსაცმელი, დაეხმაროთ ღარიბ ადამიანებს, შეაგროვოთ ყვავილები, თეთრი და ყვითელი ლენტებით მორთოთ სახლი და საკურთხეველი, დამუხტოთ სუფთა კვარცი თქვენი დადებითი ენერგიით და მომავალში როდესაც ახალ მცენარეებს დათესავთ, მათთან ერთად დამარხოთ. ასევე შეგიძლიათ, როგორც კი მზე ჩავა, მთელ სახლში ცოტა ხნით ჩააქროთ სინათლე, შემდეგ კი ყველა ოთახში სანთლები აანთეთ, კონცენტრაცია მოახდინოთ ცეცხლის ენერგიაზე და სთხოვოთ, შემოიტანოს სინათლე თქვენს სახლში, განდევნოს ნეგატიური ენერგია და მოიზიდოს ბედნიერება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s