ვოინიჩის მანუსკრიპტი


“ვოინიჩის მანუსკრიპტი” წარმოადგენს ილუსტრირებულ ხელნაწერს, რომელიც დაწერილია უცნობ ენაზე უცნობი დამწერლობით. ეს არის წიგნი, რომელიც უამრავ შეკითხვას ბადებს, თუმცა, ამ შეკითხვებზე პასუხები ჯერაც არაა ნაპოვნი.

წიგნი ატარებს ვილფრედ ვოინიჩის სახელს, რომელმაც ხელნაწერი 1912 წელს მონდრაგონის ციხე-სიმაგრეში აღმოაჩინა და შეიძინა. მანუსკრიპტის ისტორია საიდუმლოებებითაა მოცული და არსებობს მხოლოდ ვარაუდები მისი შექმნის, ავტორის და მფლობელების თაობაზე. იგი კრიპტოგრაფიის უამრავი მოყვარულისა თუ პროფესიონალის მიერ იქნა შესწავლილი, მაგრამ მისი ნაწილის გაშიფრვაც კი ვერ მოხერხდა.

“ვოინიჩის მანუსკრიპტი” შეიცავს ილუსტრაციებს, რომლებიც ხელითაა დახატული თხელ პერგამენტზე. გვერდების რაოდენობა 240-ია, მაგრამ თავდაპირველად 272 იყო. თითოეული გვერდი დანომრილია და მიჩნეულია, რომ გვერდები წიგნის შექმნიდან გაცილებით დიდი ხნის შემდეგ დანომრეს, თუმცა, გვერდების ნაწილი დაკარგული იყო მანამდე, სანამ თავად ვილფრიდ ვოინიჩი შეიძენდა. თვითონ ყდაზე აბსოლუტურად არაფერია გამოსახული. წიგნის ზომებია: სიგრძე 23,5 სმ, სიგანე 16,2 სმ, ხოლო სისქე 5 სმ. დადგენილია, რომ ტყავი, რომელიც წიგნის შემადგენელი ფურცლების როლს ასრულებს, დამზადებულია 1404-დან 1438 წლების შუალედში. ასეთი დასკვნა გაკეთდა არიზონის უნივერსიტეტის ქიმიკოსის და არქეომეტრისტის – გრეგ ჰოჯინსის მიერ წიგნის 4 ფრაგმენტის ანალიზის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ეს ჯერ კიდევ არ იძლევა იმის საფუძველს, რომ წიგნის შექმნის თარიღად აღნიშნული პერიოდი დასახელდეს, რადგან შესაძლებელია, მანუსკრიპტი გაცილებით გვიან იყოს დაწერილი.

წიგნი დაწერილია ბატის ბუმბულით და მელნით, რომლის შემადგენლობაშიც შედის გალის მჟავა. ამავე მელნითაა შესრულებული ილუსტრაციებიც, თუმცა, თავად ილუსტრაციები გაფერადებულია ფერადი საღებავებით, რომლებიც, ერთერთი ვერსიის თანახმად, წიგნის დაწერის შემდეგაა გამოყენებული. ტექსტები მარცხნიდან მარჯვნივაა დაწერილი. დიდი პარაგრაფები სექციებადაა დაყოფილი. კალიგრაფიის სისუფთავის საფუძველზე ჩნდება აზრი, რომ მწერალს კარგად ესმოდა დღესდღეობით უცნობი დამწერლობა, რომელიც საერთო ჯამში 20-30 ასოს მოიცავდა. გამონაკლისს წარმოადგენს განსაკუთრებული სიმბოლოები, რომლებიც არაუმეტეს 1-2-ჯერ მეორდება და მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულია. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში პუნქტუაციის წესები დაცული არ არის. ტექსტში შესული სიმბოლოების რაოდენობა 170 000-ს აღემატება და ერთმანეთისგან უმცირესი მანძილითაა დაშორებული, ხოლო უფრო ფართო დაშორებები აცალკევებს დაახლოებით 35 000 სიტყვას. ზოგიერთი სიტყვა მეორდება მთელ ტექსტში, ზოგიერთი – მხოლოდ რამდენიმე გვერდზე, ზოგიერთი კი – მხოლოდ 1 გვერდზეა მოცემული. ვოინიჩის მანუსკრიპტში თითქმის არ მოიპოვება სიტყვა, რომელიც 10-ზე მეტი ასოსგან შედგება.

ვოინიჩის მანუსკრიპტი 7 ნაწილადაა დაყოფილი. ისინი ერთმანეთისგან შემადგენლობით განსხვავდებიან. აქედან 6 ილუსტრირებულია :

  • ბოტანიკური
  • ასტრონომიული
  • ბიოლოგიური
  • კოსმოლოგიური
  • ფარმაცევტული
  • რეცეპტული

ხოლო უკანასკნელი განყოფილება მხოლოდ ტექსტს შეიცავს.

ბოტანიკურ განყოფილებაში გვხვდება მცენარეების სურათები – თითო გვერდზე 1, ზოგჯერ 2 სურათი, და რამდენიმე აბზაცისგან შედგენილი ტექსტი. ამ განყოფილებაში განთავსებული სურათების ნაწილი აღებულია ფარმაცევტული განყოფილებიდან, მაგრამ უფრო მეტადაა გადიდებული და გაცილებით უფრო მკვეთრად ჩანს. მცენარეების ილუსტრაციები, რომლებიც წიგშია მოცემული, რეალურად არსებული მცენარეების ანალოგია. გარდა ამისა, ბოტანიკური განყოფილების მცენარეებს, რომლებიც შეესაბამებიან ფარმაცევტული განყოფილების ილუსტრაციებს, დამატებული აქვთ ისეთი ნაწილები, რაც ჩვეულებრივ არ გააჩნიათ. მაგალითად, ერთი მცენარის ფოთლებს დამატებული აქვს მეორე მცენარის ფესვები და მესამე მცენარის ყვავილები. 2014 წელს სწავლულებმა შეძლეს 37 მცენარის იდენტიფიცირება 303-დან.

ასტრონომიული განყოფილება მოიცავს მრგვალ დიაგრამებს. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია მთვარესთან, მზესთან და ვარსკვლავებთან. სავარაუდოდ ასეთი სურათები კავშირშია ასტროლოგიასთანაც. ერთ-ერთი სურათი, რომელზეც 12 დიაგრამაა გამოსახული, შეიცავს ზოდიაქალური თანავარსკვლავედების ტრადიციულ სიმბოლოებს. თითოეული სიმბოლო გარშემორტყმულია ქალის 30 მინიატურული ფიგურით. ქალების უმეტესობა შიშველია და ხელში წარწერიანი ვარსკვლავი უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ამ განყოფილების ბოლო 2 გვერდი, რომლებიც თეორიულად თხის რქას და მერწყულს უკავშირდება, დაკარგულია, ხოლო ვერძი და კურო დაყოფილია 4 დიაგრამად – თითოეულზე 15 ვარსკვლავით. ამ დიაგრამების ნაწილი გამოსახულია ჩამატებულ გვერდებზე. თუმცა, ასტრონომიულ განყოფილებაში ვერ იქნა აღმოჩენილი პლანეტების კლასიკური გამოსახულებები.

ბიოლოგიურ განყოფილებაში შედის ადამიანების გამოსახულებები, ძირითადად შიშველი ქალების, რომლებიც ტბორებში და მდინარეებში ბანაობენ. ზოგიერთ ქალს თავზე გვირგვინი ადგას, ხოლო ტბორები და მდინარეები ერთმანეთთან სპეციალური არხებითაა დაკავშირებული, რომლებიც ადამიანის ორგანოების ფორმებს იღებენ. ერთერთი ვარაუდის თანახმად წყალსაცავები და არხები შეიძლება უკავშირდებოდეს ალქიმიას, თუმცა, ამ ვარაუდის საპირისპირო მოსაზრებაც არსებობს: ალქიმიურ წიგნებში მაგიური ელექსირების და ნარევების შემადგენელი მასალა გამოისახებოდა სხვადასხვა სიმბოლური სურათით ან ტექსტური სიმბოლოებით.

კოსმოლოგიური განყოფილების დიაგრამები გაურკვეველი მნიშვნელობებისაა. ამ განყოფილებაშიც მოიპოვება ჩამატებული გვერდები. ერთ-ერთი მათგანი 6 გვერდის ზომისაა და ჰგავს რუქას 9 „კუნძულით“, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვაგვარადაა დაკავშირებული (ციხე-სიმაგრეებით, ვულკანებით და ა.შ.).

ფარმაცევტულ განყოფილებაში გამოსახულია მცენარეების ნაწილები და აფთიაქარის ჭურჭელი. გარდა ამისა, რამდენიმე აბზაცის შემცველი ტექსტი შესაძლებელია, წარმოადგენდეს რეცეპტსაც.

რეცეპტული განყოფილება შედგება მოკლე აბზაცებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან ვარსკვლავების ან ყვავილების გამოსახულებებითაა დაშორებული.

რაც შეეხება ბოლო განყოფილებას, არსებობს ვარაუდი, რომ ეხება შუა საუკუნეების ან უფრო ადრინდელი პერიოდის მედიცინას და წარმოადგენს სხვადასხვა ფარმაცევტული შემადგენლობის ასლებს. თუმცა, ილუსტრაციები, რომლებიც მთელ წიგნშია მოცემული, იწვევს უამრავ ეჭვს ამ ვარაუდთან დაკავშირებით.

არანაკლებ საინტერესო და საიდუმლოებებით მოცულია მანუსკრიპტის ისტორიაც. იეზუიტი სწავლულის – ათანასიუს კირჩერის წერილის მიხედვით, რომელიც 1666 წელს დაიწერა, შესაძლებელია, მანუსკრიპტი ეკუთვნოდეს რომის იმპერატორ რუდოლფ II-ს (1555-1612). არსებობს დაუდასტურებელი ვარაუდი, რომ იმპერატორმა წიგნი 600 დუკატად შეიძინა.

უკვე დადასტურებული ფაქტის მიხედვით წიგნის შემდეგი მფლობელი იყო პრაღელი ალქიმიკოსი გეორგ ბერეში (1585-1662), რომელიც თავის სიცოცხლის განმავლობაში მანუსკრიპტის გაშიფრვით იყო დაკავებული. როდესაც ბერეშმა გაიგო, რომ ათანასიუს კირჩერმა გამოაქვეყნა კოპტური ანბანი, გააკეთა ხელნაწერის ასლები და კირჩერს 2-ჯერ გაუგზავნა რომში. ბერეში სთხოვდა მას, გაეშიფრა მანუსკრიპტის საიდუმლოება. კირჩერი დაინტერესდა გვერდების ასლებით და სცადა, დაერწმუნებინა ბერეში, რომ მთლიანი წიგნი გაეგზავნა მისთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მაგრამ ბერეშმა წიგნის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

ბერეშის გარდაცვალების შემდეგ მანუსკრიპტი ხელში ჩაუვარდა მის მეგობარს – იოჰან მარკუს მარცის. სწორედ მისი წერილი აღმოაჩინა ვოინიჩმა წიგნში, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ მარცი მანუსკრიპტის ერთერთი მფლობელი იყო. ამ წერილში მარცი წერდა, რომ მისი მეგობარი შეპყრობილი იყო ხელნაწერის გაშიფრვის იდეით და ამ საქმიანობას მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

არსებობს ვარაუდი, რომ წიგნი მარციმ კირჩერს გადასცა და იგი სწორედ მის ბიბლიოთეკაში ინახებოდა მანამდე, სანამ არ აღმოჩნდა მონდრაგონში. წიგნის მონდრაგონში გადატანა უკავშირდება ეკლესიის კონფისკაციას, როდესაც 1870 წელს ვიქტორ ემანუილ II-მ დაიპყრო ქალაქი. დაპყრობის შემდეგ ეკლესიას ჩამოერთვა დიდძალი ქონება, მათ შორის ბიბლიოთეკა. წიგნები გადაეცათ უნივერსიტეტის თანამშრომლების ბიბლიოთეკებს. იეზუიტების ორდენის ხელმძღვანელის და უნივერსიტის რექტორის – პეტრუს ბეკსის პირადი ბიბლიოთეკა კი, რომელშიც მანუსკრიპტი მოხვდა, გადატანილი იქნა მონდრაგონში.

1912 წელს რომაულმა კოლეგიამ გადაწყვიტა, ფარულად გაეყიდა საკუთარი ქონების ნაწილი. მონდრაგონში სკივრების გადარჩევის დროს ვილფრედ ვოინიჩმა აღმოაჩინა მანუსკრიპტი. მთლიანად მან 30 ხელნაწერი შეიძინა, მათ შორის ეს საიდუმლოებებით მოცული წიგნი. მანუსკრიპტის ასლები ვოინიჩმა რამდენიმე სპეციალისტსაც გაუგზავნა, რათა შეძლებოდათ მისი გაშიფრვა.

ქიმიური ანალიზის შედეგად წიგნის პირველ გვერდზე გამოჩნდა სახელი Jacobj’a Tepenece. არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება, საუბარია იაკობ ჰორჩიცკიზე, ლათინურად Jacobus Sinapius – მცენარეული მედიცინის სპეციალისტზე. იგი რუდოლფ II-ის პირადი მკურნალი და მისი ბაღის მეთვალყურე იყო, რომელსაც თავისუფლად შეეძლო, ესარგებლა იმპერატორის ბიბლიოთეკითაც. ვოინიჩს მიაჩნდა, რომ მანუსკრიპტი ბერეშამდე ეკუთვნოდა სწორედ იაკობ ჰორჩიცკის, ხოლო ზოგიერთი თვლიდა, რომ წიგნის ავტორი თავად ჰორჩიცკი იყო. თუმცა, მოგვიანებით ამ ვარაუდსაც გამოუჩნდა საწინააღმდეგო აზრი, რადგან ვერ იქნა აღმოჩენილი ჰორჩიცკის ხელმოწერასა და წიგნში მოცემული ტექსტის კალიგრაფიებს შორის რაიმე სახის მსგავსება, ხოლო ვოინიჩი ტექსტის პირველ გვერდზე აღმოჩენილი სახელის გაყალბებაში დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გეორგ ბერეში ფიგურირებს მხოლოდ და მხოლოდ 3 წერილში, რომლებიც კირჩერისადმია გაგზავნილი. სხვა რაიმე დოკუმენტი, რომ ეს ადამიანი რეალური პიროვნება იყო, არ არსებობს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მარცის და კირჩერის მიმოწერა სრულდება 1665 წელს იმ წერილით, რომელიც ვოინიჩმა აღმოაჩინა მანუსკრიპტში. გარდა ამისა, პალეობოტანიკის ექსპერტმა სერჯიო ტორეზელამ აღნიშნა, რომ შესაძლოა, მანუსკრიპტი წარმოადგენდა ყალბ ხელნაწერს გამოგონილი სურათებით, რათა მის შარლატან ავტორს ხალხზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ იტალიაში არსებობდა სპეციალური სახელოსნო, სადაც ამგვარ წიგნებს ამზადებდნენ. მართალია, ასეთი წიგნები ვოინიჩის მანუსკრიპტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა როგორც სტილით, ასევე ფორმატით და რაც მთავარია – დამწერლობით, მაგრამ ხელმოსაჭიდი ფაქტების არარსებობის და უამრავი ვარაუდის გამო ჩნდება ეჭვი, რომ მანუსკრიპტის საიდუმლოება თავად ვოინიჩის მიერაა შეთხზული.

1961 წელს ბუკინისტმა ჰანს კრაუსმა “ვოინიჩის მანუსკრიპტი” ვილფრედის მემკვიდრისგან – ეთელ ვოინიჩისგან 24 500 ამერიკულ დოლარად შეიძინა და 1969 წელს საჩუქრად გადასცა იელის უნივერსიტეტის ბეინეკის იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკას. დღესდღეობით “ვოინიჩის მანუსკრიპტი” სწორედ ამ ბიბლიოთეკაში ინახება.

ილუსტრაციები “ვოინიჩის მანუსკრიპტიდან”

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s