ინტუიცია, ტელეპათია და ფსიქოკინეზი ის უნარებია, რომელთა განვითარებისთვისაც ადამიანი საუკუნეების განმავლობაში მიმართავდა სხვადასხვა საშუალებებს. ასეთი საშუალებები დღესდღეობით უამრავი სახითაა წარმოდგენილი – უმარტივესი სავარჯიშოებიდან დაწყებული ურთულესი პრაქტიკებით დამთავრებული. ერთერთ მათგანს წარმოადგენს ზენერის ბანქოები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება აღნიშნული უნარების გაძლიერებისა და განვითარებისთვის.

ეს მეთოდი გამოიგონა ფსიქოლოგმა კარლ ზენერმა 1930-იან წლებში. მან შექმნა დასტა 25 ბანქოთი, რომლებზეც გამოსახული იყო 5 ფიგურა (თითოეული მათგანი 5-5 ბანქოზე): წრე, ჯვარი, ტალღა, კვადრატი და ვარსკვლავი, და დაამუშავა სხვადასხვა ტესტები სპეციფიკური უნარების განვითარებისთვის.

იმისთვის, რომ შეძლოთ ზენერის ტესტების პრაქტიკაში გამოყენება, თავდაპირველად სწორედ ეს ფიგურები დახატეთ სქელ ქაღალდზე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ დასტაში შედის არა 25, არამედ 30 ბანქო. დამატებით 5 ცალზე არაფერია გამოსახული. თუმცა, უმჯობესია, თუკი დასაწყისისთვის 5 ფიგურით შემოიფარგლებით.

შემდეგ შეარჩიეთ სასურველი უნარის გასაძლიერებელი ტესტი და მიმართეთ მას პრაქტიკაში.

ინტუიცია

დაჯექით მაგიდასთან. აუცილებელია, იმყოფებოდეთ მშვიდ გარემოში და თქვენი აზრები მხოლოდ ტესტისკენ იყოს მიმართული. კარგად აურიეთ დასტა, მოიმარჯვეთ ქაღალდი და საწერი კალამი, შემდეგ შეარჩიეთ ამ 2 ტესტიდან ერთერთი და დაიწყეთ ინტუიციის გავარჯიშება.

მეთოდი 1

დაალაგეთ ბანქოები ამ სქემის მიხედვით. კონცენტრაცია მოახდინეთ პირველ ბანქოზე. ეცადეთ, გამოიცნოთ, რომელი ფიგურა არის გამოსახული მასზე. ენდეთ ინტუიციას. შემდეგ ამოაბრუნეთ ბანქო. გადადით მე-2-ზე, იგივე გაიმეორეთ და ა.შ. ყოველი გამოცნობის შემდეგ შედეგები ჩაიწერეთ ფურცელზე.

მეთოდი 2

დადეთ დასტა თქვენს წინ ნახატებით ქვემოთ, მოახდინეთ მასზე კონცენტრაცია და სცადეთ იმის გამოცნობა, თუ რომელი ფიგურაა პირველ ბანქოზე გამოსახული. ამოაბრუნეთ. თუ სწორად გამოიცნობთ, გადადეთ მარჯვნივ, თუ არა – მარცხნივ. დათვალეთ შედეგები და ჩაიწერეთ.

ტელეპათია

ეს მეთოდი მოიაზრებს ტესტში 2 ადამიანის მონაწილეობის მიღებას. სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრს, მეგობარს, ახლობელს და ა.შ. დასხედით ისე, რომ ერთმანეთს ვერ ხედავდეთ, მაგალითად, ზურგებით მიეყრდენით ერთმანეთს. დამხმარემ კარგად უნდა აურიოს დასტა და ამოიღოს 1 ბანქო, დააკვირდეს, მთელი კონცენტრაცია ფიგურაზე მოახდინოს და შედეგი ქაღალდზე ჩაიწეროს. შემდეგ მან გარკვეული სიგნალი უნდა მოგცეთ (მაგალითად, მაგიდაზე დააკაკუნოს), რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მზადაა, აზრობრივად მოგაწოდოთ ფიგურის სახელი. სიგნალის შემდეგ თქვენ უნდა გამოიცნოთ ფიგურა, შედეგი კი ქაღალდზე ჩაიწეროთ. შემდეგ თქვენ უნდა მისცეთ სიგნალი დამხმარეს, რომ მან მომდევნო აზრი მოგაწოდოთ და ა.შ. ბოლოს ორივე შედეგი ერთმანეთს შეადარეთ და დაითვალეთ სწორად გამოცნობილი ფიგურების რაოდენობა.

ფსიქოკინეზი

წინა მეთოდებისგან განსხვავებით ეს ტესტი ტარდება შემდეგნაირად: აიღეთ დასტა, კარგად აურიეთ და ჩაიფიქრეთ ფიგურა, რომელიც გინდათ, რომ ამოვიდეს. თქვენი სურვილი და აზრები გადაეცით დასტას და ამოიღეთ 1 ბანქო. შედეგები ქაღალდზე ჩაიწერეთ.

ზენერის ტესტების მიხედვით, ადამიანი სწორად იცნობს საშუალოდ 5-დან 1 ფიგურას, რაც გამართლებაზეა დამოკიდებული და ეს არ არის ძლიერი ინტუიციის/ტელეპათიის/ფსიქოკინეზის უნარის მაჩვენებელი. შესაბამისად, თუკი 25 ბანქოდან 5 ან ნაკლები ფიგურა გამოიცანით, თქვენი უნარი სუსტია. 5-დან ზემოთ უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ეს უნარი ნორმალურ დონეზეა განვითარებული. 9 ბანქოდან ზემოთ უკვე იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული უნარი ძლიერადაა გამოხატული. იმისთვის, რომ შეცდომები და გამართლებები გამორიცხოთ, საჭიროა ცდის ხელახლა გაიმეორება. მაგალითად, თუ თქვენ ერთ ცდაზე მიიღებთ 10-12 სწორ პასუხს, მომდევნო ცდებზე კი – 5-6-ს, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ გაგიმართლათ. ამის დასადგენად ვარჯიში 25-100-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

გაითვალისწინეთ, რომ ინტუიციის, ტელეპათიის და ფსიქოკინეზის განვითარებისთვის საჭიროა რეგულარული ვარჯიშები, ამიტომ მხოლოდ დროდადრო შესრულებული ზენერის ტესტები დიდად ვერ დაგეხმარებათ. სასურველი შედეგის მისაღებად ვარჯიშს დღეში არანაკლებ 15 წთ უნდა დაუთმოთ.