
იმბოლკის 19 დღიანი რიტუალის 1-ელ დღეს ეწოდება “სიბრძნე”.
ეს დღე შესანიშნავია ცოდნის შეძენისთვის, მედიტაციისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის და ქვეცნობიერთან მუშაობისთვის. შეგიძლიათ, ჩაატაროთ ისეთი რიტუალები, რომლებიც ორიენტირებულია ცოდნის მიღებაზე ან საიდუმლოს გაგებაზე.
წაიკითხეთ წიგნები ან საინტერესო სტატიები და გააკეთეთ დასკვნები წაკითხულის საფუძველზე. ნახეთ დოკუმენტური ფილმები, მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გააფართოვეთ თქვენი თვალსაწიერი.
მოუსმინეთ ასაკოვანი ადამიანების რჩევებს, ენდეთ მათ გამოცდილებას. ასევე, შეიძინეთ ისეთი რამ, რაც უკავშირდება ცოდნის მიღებას – წიგნები, პოდკასტები, დასწრების უფლება რომელიმე საინტერესო სემინარზე და ა.შ.
ყურადღება მიაქციეთ იმ ინფორმაციას, რასაც დღის მანძილზე გაიგებთ. ეს ეხება განსაკუთრებით საიდუმლოებს და დაფარულ თემებს/საკითხებს. გარდა ამისა, ჩაიწერეთ იდეები, რაც დღეს გაგიჩნდებათ. შესაძლებელია, რომ ეს იდეები მომავალში გამოგადგეთ და მათი საშუალებით თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები შეიტანოთ.
სასურველია, დღის მანძილზე ატაროთ შემდეგი ქვებიდან რომელიმე:
- სოდალიტი
- ამაზონიტი
- ქრიზოკოლა
- ლაზურიტი
- პრენიტი
- სერპენტინი
- ფირუზი
- კიანიტი
- ამეთვისტო
- მთვარის ქვა
დღის ბოლოს განმარტოვდით ოთახში, აანთეთ 1 სანთელი და გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება. დაფიქრდით, რისი შეცვლა გჭირდებათ, რა უნდა დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში, რა შეცდომებს უშვებთ, რას წარმოადგენს თქვენი ძლიერი და სუსტი მხარე, როგორ შეგიძლიათ მიზნების მიღწევა და ა.შ. შემდეგ ჩაიფიქრეთ სურვილი, რაც უშუალოდ დღის თემას – სიბრძნეს უკავშირდება და სთხოვეთ ღმერთს, სამყაროს ან თქვენს მფარველებს, რომ ეს სურვილი აგისრულოთ. საჭირო არ არის წინასწარ მომზადებული ტექსტებით ხელმძღვანელობა. მთავარია, რომ სიტყვები გულიდან მოდიოდეს.
დატოვეთ სანთელი და აცადეთ, რომ თავისით ჩაიწვას ბოლომდე. სანამ ბოლომდე ჩაიწვება, დღიურში ჩაიწერეთ განვლილი დღის მოვლენები და შთაბეჭდილებები და დაასრულეთ ეს დღე.