2024 წელი გვიახლოვდება, რომლის არკანაც არის “ძალა”.

ეს არკანა აღნიშნავს არა ფიზიკურ, არამედ შინაგან – მენტალურ და ემოციურ სიძლიერეს. “ძალა” მიგვანიშნებს ძლიერ ნებისყოფაზე, საკუთარი თავის კონტროლზე, გარშემომყოფებზე ზეგავლენის მოხდენის უნარზე, სიმამაცეზე, გამბედაობაზე, შიშების დაძლევაზე და შინაგან სტაბილურობაზე. ეს არის არკანა, რომლის ენერგიაც ადამიანს უბიძგებს გონივრული მოქმედებებისკენ და გააზრებული ნაბიჯების წინ გადადგმისკენ.

წლევანდელი ენერგია წინ წამოწევს ისეთ თემებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება პიროვნულ თვისებებთან. შეძლებთ ადამიანების რეალური სახის დანახვას, რამაც შესაძლოა, უფრო მეტად გაგიმყაროთ დადებითი წარმოდგენები კონკრეტულ პიროვნებაზე ან პირიქით, თქვენში იმედგაცრუება გამოიწვიოს. ნუ ეცდებით თავის მოტყუებას შიშის და იმედგაცრუების გამო. მიიღეთ რეალობა ისეთად, როგორიც არის და თვალი გაუსწორეთ სიმართლეს.

ეს არის იდეალური წელი იმისთვის, რომ დაამარცხოთ შიშები, ფობიები, გამოხვიდეთ სხვა ადამიანების ზეგავლენიდან და იცხოვროთ საკუთარი სურვილების შესაბამისად. არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენს ცხოვრებაში ჩაერიოს. ასევე არავის მისცეთ უფლება, რომ მოახდინოს გავლენა თქვენს აზროვნებაზე, წარმოდგენებზე, დამოკიდებულებებზე და საბოლოო გადაწყვეტილებებზე.

აიღეთ კონტროლი თქვენს ხელში და ნუ დაელოდებით “შესაფერის” მომენტებს. არაფერი მიანდოთ დროს ან სხვა ადამიანებს. პირიქით, იმოქმედეთ გააზრებულად. გქონდეთ პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი. გახსოვდეთ, რომ ყველაზე სანდო ადამიანი თქვენს გარემოცვაში ხართ თქვენ.

არ შეგეშინდეთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმის – წამოდით სამსახურიდან, სადაც არავინ გაფასებთ; დაანგრიეთ ურთიერთობა, რომელიც გსტრესავთ; გადაყარეთ ნივთები, რომლებიც სახლში მხოლოდ ადგილს იკავებს. თამამად თქვით თქვენი სათქმელი, თამამად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და არ იფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება ამით ვინმე გაანაწყენოთ. ისწავლეთ უანგარო სიკეთის კეთება, მოთმინება, თანაგრძნობა, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მოყენების სანაცვლოდ. თქვენი კეთილდღეობა დააყენეთ პირველ ადგილზე.

დაუთმეთ დრო პიროვნულ განვითარებასაც. აღიარეთ თქვენი შეცდომები, თქვენი სუსტი მხარეები. ეს არ გამოგაჩენთ სუსტ ადამიანად. პირიქით, მათი აღიარებით შეძლებთ გამოსავლის მოძებნას და სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას. ასევე, დაფიქრდით, რომელი თვისების ან უნარის გაძლიერება გსურთ თქვენში და დაიწყეთ მის გაძლიერებაზე ზრუნვა, რადგან წლევანდელი ენერგია ამაში ხელს შეგიწყობთ. ამ წელს განსაკუთრებით გამოგადგებათ თვითდისციპლინა. გარდა ამისა, დაისახეთ ახალი მიზნები და ნელა, მაგრამ სტაბილურად გაუყევით ამ მიზნისკენ მიმავალ გზას.

ეცადეთ, რომ არასდროს აჩქარდეთ მაშინ, როდესაც დაინახავთ, რომ ესა თუ ის სიტუაცია თქვენგან მოითხოვს დაფიქრებას. სანამ ნაბიჯს გადადგამთ, მანამდე კარგად დაფიქრდით მოსალოდნელ შედეგებზე და ამ ყველაფრის პლუსებსა და მინუსებზე.

ყოველთვის, როდესაც აღმოჩნდებით მძიმე და რთულ მდგომარეობაში, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ ძალა, გადალახოთ ყველანაირი დაბრკოლება.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც. არ დაელოდოთ, როდის მოგვარდება თქვენი პრობლემა. იმოქმედეთ ისე, როგორც თავად ჩათვლით საჭიროდ – დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი ან იმკურნალეთ სახლის პირობებში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ შეინარჩუნოთ პასიური პოზიცია.

“ძალა” გვასწავლის, რომ უნდა ვიყოთ გაბედულები და არ უნდა შეგვეშინდეს სხვადასხვა გარემოებების. ამ არკანის სიბრძნის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეძლებთ თამამი ნაბიჯების გადადგმით, შიშის მოშორებით, თვითდისციპლინით, ასევე საკუთარი თავისადმი რწმენის გაძლიერებით.

2024 წელს სხვადასხვა მიზნების მიღწევისთვის გამოგადგებათ არკანა “ძალის” ბუნებრივი ქვები – ვეფხვის თვალი, კატის თვალი, ციტრინი, ძოწი, ტოპაზი, ქრიზოლიტი და ბრილიანტი. შეარჩიეთ სასურველი მათგანი და ატარეთ თან მთელი წლის განმავლობაში.

წარმატებულ და სასიამოვნო წელს გისურვებთ!