ტაროს კლასიკურ დასტებში არკანების ფერებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მათი საშუალებით შესაძლებელია იმის გაგება, თუ რა სახის ენერგიის მატარებელია თითოეული ფიგურა, დეტალი და საბოლოოდ – მთლიანად არკანა.

დღესდღეობით უამრავი სახის ტაროს დასტა არსებობს, სადაც ფერთა პალიტრას დიდი ყურადღება არ ექცევა და არ აქვს არავითარი სიმბოლური დატვირთვა, რადგან ასეთი დასტები შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ ავტორის გემოვნებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე. სწორედ ამის გამო ფერებს მნიშვნელობა ენიჭება ძირითადად იმ შემთხვევაში, თუ განვიხილავთ კლასიკურ ტაროს (“რაიდერ-უეითის ტარო”, “თოთის ტარო”, “მარსელის ტარო”) და არა – კლასიკური ტაროს საფუძველზე შექმნილ თანამედროვე დასტებს.

არკანების ფერები 2 ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ძირითად და დამატებით ფერებად. არკანის ძირითადი ფერის განსაზღვრა ზოგადად ძალიან მარტივია – ამისთვის უბრალოდ დააკვირდით ფონს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დამატებითი ფერებიც, რომლებითაც ფიგურები და პერსონაჟებია გაფერადებული. ფერებზე დაკვირვება საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ არკანის ენერგია.

თეთრი

თეთრი უკავშირდება სიწმინდეს, უმანკოებას, სისუფთავეს. ეს არის დაცვის, განკურნების, სიმშვიდის, სულიერი გასხივოსნების, იმედის და რწმენის ამსახველი ფერი. გარდა ამისა, თეთრი აღნიშნავს რაიმეს დასაწყისს, მაგალითად, მოგზაურობის დაწყებას სულიერ სამყაროში.

შავი

შავი უკავშირდება იდუმალებას, მისტიციზმს, შეუცნობელ სამყაროს, სიბრძნეს, ღვთიურ ცოდნას, სულის სიღრმეებს, ქვეცნობიერს. რიგ შემთხვევებში ეს ფერი აღნიშნავს უიღბლობას, ბოროტებას, სევდას, განადგურებას, დანაკარგს, სულიერ სიცარიელეს, დანაშაულის განცდას, მწუხარებას, ბნელ ენერგიას და წყვდიადს.

ნაცრისფერი

ნაცრისფერი, როგორც თეთრის და შავის კომბინაცია, აერთიანებს ორივე ფერის თვისებებს, მაგრამ ამავდროულად უკავშირდება ნეიტრალურობას. ეს არის სიბრძნის, ფორმალურობის, თანასწორობის ფერი. უარყოფით კონტექსტსში აღნიშნავს დეპრესიას, სტრესს, დაბნეულობას, უძრაობას და გადაწყვეტილების მიღების გართულებას.

წითელი

წითელი ფერი არკანებზე ასახავს აქტიურობას, ვნებას, ძალას, სიყვარულს და სიამოვნებას. ეს არის ფიზიკური ენერგიის, კარგი ჯანმრთელობის, სიცოცხლისუნარიანობის, სექსუალურობის, სიმამაცის, ენთუზიაზმის ფერი. ზოგჯერ უკავშირდება ავადმყოფობას, პრობლემებს, ჩახშულ ენერგიას, აგრესიას, გადაღლას და გაღიზიანებას.

ყვითელი

ყვითელი უკავშირდება ინტელექტს, ლოგიკურ აზროვნებას, შემოქმედებით უნარს, ნათელ გონებას, ოპტიმიზმს, საღ აზროვნებას, დადებით ენერგიას. ის არის მზის სიმბოლოც, ამიტომ თუ არკანაზე ჭარბობს ყვითელი ფერი, აქცენტი კეთდება მზის ენერგიაზეც. უარყოფითი კუთხით განხილვის შემთხვევაში ის ასახავს დაბნეულობას, არეულ აზრებს, შინაგან წინააღმდეგობებს და გაორებებს.

ლურჯი

ლურჯი აღნიშნავს სულიერებას, შინაგან სიმშვიდეს, წარმოსახვას, თავისუფლებას და შთაგონებას. ის დაკავშირებულია ასევე ინტუიციასთან, ემოციებთან და განკურნებასთან, თუმცა, უარყოფით კონტექსტში განიხილება, როგორც დისკომფორტის, დეპრესიის, დათრგუნულობის ფერი.

მწვანე

მწვანე ბალანსის, ჰარმონიის, სტაბილურობის სიმბოლოა ტაროლოგიაში. ის ასახავს რაიმეს დასაწყისს, კარგ ჯანმრთელობას, მატერიალურ სიმდიდრეს, პერსპექტივებს და ბარაქას. უკავშირდება ზრდას, ნაყოფიერებას, განკურნებას, ბალანსს. უარყოფითი თვალსაზრისით დაკავშირებულია მატერიალურ პრობლემებთან, წინააღმდეგობებთან და წინსვლის შეჩერებასთან.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერით აქცენტი კეთდება სამკურნალო ენერგიაზე, ბედნიერებაზე და თავდაჯერებულობაზე. ეს არის ვნების, მოქმედების, იდეების, სასიცოცხლო ენერგიის, ამბიციების და ენთუზიაზმის ფერი. ნეგატიურ შემთხვევაში უკავშირდება სიბრაზეს, დაბნეულობას, საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვას და ეჭვიანობას.

ყავისფერი

ყავისფერი დაკავშირებულია მატერიალურ სამყაროსთან, ბუნებასთან, ინსტინქტებთან, დაცვასთან და სულიერ სიმტკიცესთან. გარდა ამისა, ის ასახავს პრაქტიკულობას, ემოციების დეფიციტს და მიწაზე მყარად დგომას.

იისფერი

იისფერი უკავშირდება სულიერებას, უმაღლეს ძალებს, ინტუიციას, კეთილშობილებას, თანაგრძნობის უნარს. თუმცა, რიგ შემთხვევებში ის აღნიშნავს ემოციურ გადაღლას, დათრგუნვას, უმაღლეს ძალებთან კავშირის გაწყვეტას და სულიერ დისბალანსს.

ინდიგო

ინდიგო აღნიშნავს ღრმა ემოციებს, ინტუიციას და სულიერ სიმტკიცეს. უარყოფით კონტექსტში უკავშირდება წინააღდმეგობებს სულიერი ჰარმონიის მოპოვების პროცესში.

ვარდისფერი

ვარდისფერი დაკავშირებულია უანგარო სიყვარულთან, ქალურ ენერგიასთან, თანაგრძნობის უნართან და თაყვანისცემასთან. ეს არის შენდობის, შებრალების, სინაზის ფერი, რომელიც უარყოფითი სახით ვლინდება სულიერ დისჰარმონიაში, ემოციურ სიცივეში და სინანულში.

გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორებიც:

  • ნათელი ფერები მიუთითებს ენერგიაზე, რომელიც თავისუფლად ავლენს თავს
  • მუქი ფერები მიუთითებს ენერგიაზე, რომელიც აგრესიულად ავლენს თავს
  • მონაცრისფრო ფერები მიუთითებს ენერგიაზე, რომელიც პრობლემურად ავლენს თავს
  • პასტელის ფერები მიუთითებს ენერგიაზე, რომელიც ნაზად და ფაქიზად ავლენს თავს
  • მკვეთრი ფერები მიუთითებს ენერგიაზე, რომელიც ძლიერად ავლენს თავს

ფერების უკეთესი აღქმისთვის განვიხილოთ არკანა “ჯადოქარი”.

დააკვირდით ამ არკანას – რომელი ფერები ფიგურირებს?

ესენია ყვითელი, წითელი, თეთრი და მწვანე. შესაბამისად გამოიკვეთა “ჯადოქრის” თვისებები:

  • ყვითელი – ოპტიმისტი, ენთუზიაზმის მქონე ადამიანი, რომელსაც გააჩნია ლოგიკური აზროვნება და გამოირჩევა შესანიშნავი ინტელექტუალური მონაცემებით
  • წითელი – არის აქტიური, დამოუკიდებელი და ძლიერი
  • თეთრი – ის იწყებს რაღაც ახალს თავის ძალებით
  • მწვანე – საქმე, რომელსაც აკეთებს, ჰარმონიული და დაბალანსებულია

შესაბამისად, როდესაც ვიცით ფერების დანიშნულება, შეგვიძლია, განვსაზღვროთ ისიც, თუ რაზე მიგვანიშნებს არკანა.