ტარო ჩემს ცხოვრებაში 2011 წელს შემოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მოულოდნელი იყო. პირიქით, რამდენიმე თვით ადრე რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ტარო აუცილებლად მექნებოდა და ასეც მოხდა. თარიღიც კი მახსოვს – 17 ნოემბერი. და ისიც მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა ტაროს დასტა მაჩუქეს.
ჩემი პირველი დასტა იყო რუსულენოვანი, სახელწოდებით “კლასიკური ტარო”, ავტორი – ირინა ბორდეი. იმ პერიოდში სწორედ რუსულენოვანი დასტები იყო ყველაზე ხელმისაწვდომი. თუმცა, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ძალიან ადვილად გავუგე ამ დასტას.
იმის გამო, რომ საქართველოში ტაროლოგიის ღრმად შესწავლისთვის არ იყო შესაბამისი პირობები, გადავწყვიტე, მე თვითონ მიმეღწია იმ მიზნისთვის, რომელიც დავისახე. საჭირო და ღირებულ მასალას ისევ და ისევ ინტერნეტში მივაგენი. თვეების მანძილზე ვკითხულობდი წიგნებს, ვუსმენდი ლექციებს, ვუყურებდი ვებინარებს, ვეცნობოდი ხალხის მოსაზრებებს და გამოცდილებებს, ვაკეთებდი საკუთარ აღმოჩენებს. გარკვეული პერიოდის მანძილზე ATA-ს (ამერიკის ტაროს ასოციაციის) წევრების სოციალურ ქსელზეც მქონდა წვდომა. ამავე პერიოდში გავიცანი საინტერესო ადამიანებიც. შემდეგ ჩემს პირად ბლოგში სხვადასხვა უფასო აქციების ჩატარება დავიწყე პრაქტიკული გამოცდილების დასაგროვებლად, მოგვიანებით კი “ტაროს სალონი” გავხსენი და გავაგრძელე ამ სფეროში მოღვაწეობა.
“ტაროს სალონის” გახსნის შემდეგ ნელ-ნელა სხვა დასტებითაც დავიწყე მუშაობა, რამაც საშუალება მომცა, უკეთ დამენახა არკანების არსი. დავიწყე სტატიების წერა და ჩემი ცოდნის გაზიარება მკითხველებისთვის. ვქმნიდი გაშლის საკუთარ ვარიანტებსაც და დავამუშავე სხვა ავტორების ისეთი მეთოდებიც, როგორებიცაა ცხოვრებისეული მისიის დადგენა და ტაროლოგიური პორტრეტის შექმნა. პრაქტიკაში ვცადე ტაროთი მედიტაცია და ჩრდილთან მუშაობა, ასევე, თილისმების დაპროგრამება და პატარ-პატარა მაგიური რიტუალების ჩატარება ტაროს არკანების გამოყენებით. მქონდა წარმატებებიც, მქონდა წარუმატებლობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო, რომ მუდმივად სიახლეების ძიებაში ვიყავი. ტარომ მთლიანად მომიცვა მეც და მოიცვა მთელი ჩემი ცხოვრებაც. ეს იყო საოცარი მოგზაურობა არკანების სამყაროში.
დღესდღეობით ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია ტაროს გარეშე. ტარო გახდა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი, განუყოფელი ნაწილი. ტაროლოგია ზუსტად ის სფეროა, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს. ჩემი მოგზაურობა არკანების სამყაროში ისევ გრძელდება, თითქმის ყოველდღე ვაკეთებ ახალ-ახალ აღმოჩენებს, მიჩნდება სხვადასხვა იდეები და ვცდილობ, ვიყო აქტიურ რეჟიმში, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ტაროს შეცნობა.
ვთვლი, რომ 2011 წელს სამყარომ იდეალური საჩუქარი გამიკეთა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ.