თუ თქვენ გიზიდავთ ტატუირება და ზოგადად სხეულის მოხატვის ხელოვნება, ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ სხეულზე გამოგესახათ საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი. ეს არც ისე ცუდი იდეაა, მაგრამ იმისთვის, რომ ასტროლოგიურმა ტატუმ შეიძინოს განსაკუთრებული მაგიური თვისებები, საჭიროა, სხეულის შესაბამის ადგილას დაიხატოთ.

ვერძის ნიშანი გამოისახება კისერზე და მარცხენა ლავიწთან. საშუალებას აძლევს ადამიანს, განსაზღვროს საკუთარი დანიშნულება ამ ცხოვრებაში, მოიმატოს თავდაჯერებულობა და გაიძლიეროს საკუთარი თავის რწმენა. კარგი დამხმარეა კარიერაში წინსვლისთვის, ხელს უწყობს კონცენტრირების უნარის გაძლიერებას და ყველაზე უიმედო სიტუაციებსაც კი პერსპექტიულად აქცევს. არეგულირებს სქესობრივ ლტოლვას, ხსნის სექსუალურ პრობლემებს და ზრდის პოტენციას.

კუროს ნიშანი გამოისახება მარცხენა მხარზე. ადამიანს ეხმარება უნებისყოფობის დაძლევაში, მოულოდნელ გამართლებაში, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაში, ახლობლების მიმართ ყურადღების გამოჩენაში და მიზნის მიღწევაში. აძლიერებს ინტუიციას, იღბალს, ერთგულების და დაკვირვებულობის უნარს, ასევე მონოგამიურ მოთხოვნილებებს. ხელს უწყობს სულიერ ზრდას.

ტყუპების ნიშანი გამოისახება მარცხენა მაჯის და მარჯვენა მკლავის შიდა მხარეს. მარცხენა მაჯის შიდა მხარეს გამოსახული ნიშანი ადამიანს იცავს უარყოფითი ენერგიის ზემოქმედებისგან (ჯადო, გათვალვა, წყევლა და ა.შ.), აძლიერებს ინტუიციას, ზრდის წარმატების მოპოვების შანსებს. რაც შეეხება მარჯვენა მკლავის შიდა მხარეს გამოსახულ ნიშანს, ის ადამიანს საშუალებას აძლევს, თავი დააღწიოს მუდმივ უარყოფით სიტუაციებს. ასევე ხელს უწყობს კონცენტრაციის, მოთმინების, თვითკონტროლის და თავშეკავების უნარის გაძლიერებას.

კირჩხიბის ნიშანი გამოისახება გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ხელს უწყობს ემოციური ბალანსის შენარჩუნებას, დაძაბულობის, შიშების, დეპრესიის, ეროტომანიის და ეჭვიანობის მოხსნას. ადამიანს საშუალებას აძლევს, გონება გაუნათდეს მაშინ, როცა გათავისუფლდება წარსულის ზეგავლენისგან და გააცნობიერებს, თუ რას ნიშნავს რეალურ დროში და რეალურ სამყაროში ცხოვრება.

ლომის ნიშანი გამოისახება მარცხენა ბეჭზე და ზურგის ზედა ნაწილზე. ადამიანს ემოციური დაძაბულობისგან, გაღიზიანებისგან, ენერგეტიკული დისბალანსისგან და ნევროზისგან იცავს, საშუალებას აძლევს, ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღოს და დაინახოს რეალობა გარშემომყოფებთან მიმართებაში. აძლიერებს საკუთარი თავის რწმენას და ხელს უწყობს როგორც ახლობლებთან ურთიერთობების დალაგებას, ასევე ყალბი სიყვარულის შეგრძნებისგან გათავისუფლებას.

ქალწულის ნიშანი გამოისახება მუცლის ზედა მხარეს და წელის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს. მისი გამოსახვის შემდეგ ადამიანი ხდება ტაქტიანი, საუბრობს გონივრულად და ზომიერების ფარგლებში, უძლიერდება ინტუიცია, ნათლად და გარკვევით ისახავს მიზნებს და უამრავი იდეიდან არჩევს მხოლოდ საუკეთესოებს. ქალწულის ნიშნის ტატუ ადამიანს საშუალებას აძლევს, ათასიდან გამოარჩიოს თავის მეორე ნახევარი და თავიდან აირიდოს პრობლემატური სასიყვარულო ურთიერთობები.

სასწორის ნიშანი გამოისახება წელის შუა ნაწილზე. ასეთი ტატუ ადამიანს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა, ნაკლებად მიმნდობი და გულუბრყვილო იყოს, გაამტკიცოს ჰარმონიული ურთიერთობები გარშემომყოფებთან, დაიცვას ენერგეტიკული ბალანსი და ნაკლებად გაღიზიანდეს, როდესაც აგრესიულ და კონფლიქტურ სიტუაციებში მოხვდება, ასევე სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები, არ იორჭოფოს და შეინარჩუნოს ერთგულება პარტნიორის მიმართ, არ უღალატოს მას.

მორიელის ნიშანი გამოისახება მუცლის ქვედა მხარეს. იცავს აურას ნეგატიური ენერგიისგან და გათვალვისგან, აღადგენს ენერგეტიკულ და ემოციურ ბალანსს, აშორებს სასოწარკვეთას და უიმედობას, ხელს უწყობს სულიერ გასხივოსნებას, კონცენტრაციის უნარის გაძლიერებას, წარმატების მიღწევას კარიერაში და ფულის დაგროვებას. ადამიანს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად გააკონტროლოს თავის სექსუალური სურვილები, რომ ვნებამ გონების დაბინდვა ვერ შეძლოს.

მშვილდოსნის ნიშანი გამოისახება თეძოს შიდა მხარეს. ადამიანს ეხმარება, რომ სწორად ორიენტირდეს ცხოვრებაში, აირჩიოს სწორი გზა, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, მოახდინოს კონცენტრირება იმ საკითხებზე, რაც მისთვის საჭიროა და არ დაკარგოს თავი ვნების ან სიყვარულის გამო. ხელს უწყობს მიზნის მიღწევას, დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას, ზოგადად წარმატების მოპოვებას ზედმეტი გართულებების გარეშე და შემოსავლის გაზრდას.

თხის რქის ნიშანი გამოისახება თეძოს შიდა მხარეს, მუხლებისკენ. ხელს უწყობს სულიერი კომფორტის მაქსიმალურად აღდგენას, საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან ჰარმონიის ჩამოყალიბებას, დეპრესიის და სასოწარკვეთის თავიდან აცილებას. აძლიერებს წინათგრძნობას და იღბლიანობას. ადამიანს უვითარებს უნარს, ერთმანეთისგან განასხვავოს ნამდვილი და ანგარებიანი სიყვარული.

მერწყულის ნიშანი გამოისახება როგორც თეძოზე, ასევე ფეხზე მუხლიდან წვივამდე. ადამიანს იცავს იმისგან, რომ მისი სიკეთე გამოყენებული იქნას მისსავე წინააღმდეგ. აძლიერებს თანდაყოლილ ნიჭს და დადებით თვისებებს, იზიდავს ფულს, პარტნიორთან მიმართებაში კი ხელს უწყობს ერთგულების და ჰარმონოული, კომფორტული ურთიერთობის შენარჩუნებას.

თევზების ნიშანი გამოისახება მაჯის შიდა მხარეს და წვივზე. მაჯაზე გამოსახული ტატუ აძლიერებს და ანვითარებს ინტუიციას, ადამიანს საშუალებას აძლევს, ჭკვიანური გამოსავალი მოძებნოს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, წვივზე გამოსახული ტატუ კი ადამიანს ეხმარება, სწრაფად მოახდინოს აზრების, გრძნობების, ცოდნის კონცენტრირება და ამის საშუალებით ადვილად მიაღწიოს დასახულ მიზანს, მოიზიდოს ფული და სხვა სახის მატერიალური კეთილდღეობა თავის ცხოვრებაში, გაზარდოს იღბლიანობა. სხეულის ორივე ადგილზე განთავსებული ტატუ აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას პარტნიორის მიმართ და აუმჯობესებს სასიყვარულო ურთიერთობებს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაგიური მიზნით შეგიძლიათ, გამოისახოთ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ფიგურირებს თქვენს ნათალურ რუქაში. მაგალითად, თუ თქვენი მზე არის თევზების, მთვარე კი – სასწორის ნიშანში, შეგიძლიათ, სწორედ სასწორის სიმბოლო გამოისახოთ სხეულზე და არა – თევზების.