“ეაქტრა” უძველესი ირლანდიური ტერმინია და ნიშნავს “მოგზაურობას”, უფრო კონკრეტულად კი – “საიქიოს მონახულებას”. მათ შესახებ დრუიდიზმის მკვლევარი და მწერალი დუგლას მონრო საუბრობს თავის წიგნში “მერლინის დაკარგული წიგნები”.
მიჩნეული იყო, რომ საიქიოში – სხვა სამყაროში მოგზაურობის დროს (სავარაუდოდ, იგულისხმება ასტრალური სამყარო) ადამიანი განსაკუთრებულ ცოდნას იძენდა. ამ ცოდნას “ეაქტრას” უწოდებდნენ. როგორც წესი, ეაქტრები შეადგენდნენ პატარა ლექსებად გადმოცემულ საკმაოდ ღრმა შინაარსის მქონე გაკვეთილებს, რომლებსაც დრუიდები თავიანთ მოსწავლეებს გადასცემდნენ. ეს იყო სიბრძნე, რომლის შეცნობაც ყველას არ შეეძლო.
დღესდღეობით შემორჩენილია სიბრძნის 9 ეაქტრა, რომლებშიც აღწერილია კელტური მისტერიები. ესენია:
- დრუიდის ეაქტრა
- წასვლის ეაქტრა
- ბარდის ეაქტრა (Bardos – კელტურად “მომღერალი”, “პოეტი”)
- კოლუმბას ეაქტრა
- მიმართვის ეაქტრა
- შვიდი ფერის ეაქტრა
- ამერგინის ეაქტრა
- სიცოცხლის ეაქტრა
- გამარჯვების ეაქტრა
დრუიდის ეაქტრა
გვაჩუქე, ღმერთო, შენი დაცვა,
და დაცვაში – ძალა,
და ძალაში – გაგება,
და გაგებაში – ცოდნა,
და ცოდნაში – დაჯილდოვება,
და დაჯილდოვებაში – მისი სიყვარული,
და ამ სიყვარულში – სიყვარული ყოველი ცოცხალის მიმართ,
და ამ სიყვარულში ყოველი ცოცხალის მიმართ – სიყვარული ღმერთის და ყველა კეთილშობილის მიმართ…
წასვლის ეაქტრა
ჩვენ, ღმერთები, გჩუქნით თქვენ მიწას:
მაგრამ რადგან ჩვენმა ხელებმა მისცეს მას ფორმა,
ჩვენ მას ბოლომდე არ მივატოვებთ.
ჩვენ დავრჩებით თეთრ ნისლში, გაფანტულნი მთებში,
ჩვენ ვიქნებით დუმილი, დაღვრილი ტბების ზედაპირზე,
ჩვენ ვიქნებით მდინარეების მხიარული შეძახილები,
ჩვენ ვიქნებით ტყის საიდუმლო სიბრძნე.
მას შემდეგ, რაც თქვენი შვილები დაგვივიწყებენ,
ისინი გაიგონებენ ჩვენს მუსიკას მზის ციხე-სიმაგრეებში
და დაინახავენ, ჩვენი დიდი თეთრი ცხენები
როგორ აწევენ თავებს მთის ტბებიდან,
ჩამოიყრიან ღამის ცვარს თავიანთი ფაფუკი ფაფრიდან.
და ბოლოს ისინი მიხვდებიან, რომ სამყაროს მთელი სილამაზე
ბრუნდება ჩვენთან, და რომ მათი ბრძოლები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრძოლების ექოა…
ბარდის ეაქტრა
არ არსებობს ღმერთი, არსებობს მხოლოდ ის, რისი შეცნობაც შეუძლებელია.
არ არსებობს ის, რისი შეცნობაც შეუძლებელია, არსებობს მხოლოდ ის, რაც მიუწვდომელია.
არ არსებობს არაფერი მიუწვდომელი, არსებობს მხოლოდ ღმერთი.
არ არსებობს ღმერთი, არსებობს მხოლოდ ის, რაც მიუწვდომელია.
კოლუმბას ეაქტრა
მე დღეს მივმართავ ზეცის ძალას…
მზის სინათლეს!
მთვარის ნათებას!
ცეცხლის გიზგიზს!
ელვის სისწრაფეს!
ქარის სწრაფვას!
ზღვის სიღრმეს!
მიწის ურყევობას!
ქვის სიმყარეს!
მიმართვის ეაქტრა
რომ განვიბანო ცხოვრების წყლებში,
რომ ჩამოვირეცხო ყველაფერი არაადამიანური…
მე მივედი თვითგანადგურებასთან
და მიმართვის ბრწყინვალებასთან!
შვიდი ფერის ეაქტრა
მე ვარ ქვა, დამალული მიწის ქვეშ!
მე ვარ ზღვის მეწამული სიღრმე!
მე ვარ ტალღა ცისფერი ქაფით მთვარის ქვეშ!
მე ვარ ზურმუხტის ძველი ტყე!
მე ვარ მზის ყვითელი ცრემლი!
მე ვარ ნარინჯისფერი თალგამი მინდორში!
მე ვარ ცეცხლმოკიდებული კარი!
ამერგინის ეაქტრა
მე ვარ ზღვის ქარი,
მე ვარ ზღვის ტალღა,
მე ვარ ზღვის ხმა…
მე ვარ ირემი რქებზე შვიდი გამონაზარდით,
მე ვარ შევარდენი კლდის წვერზე, მე ვარ მზის ცრემლი…
მე ვარ უმშვენიერესი ყვავილებს შორის,
მე ვარ ველური ტახი ველზე,
მე ვარ ორაგული ტბორში…
მე ვარ ტბა დაბლობზე,
მე ვარ პოეზიის გორაკი,
მე ვარ ბასრი შუბები ბრძოლაში,
მე ვარ ღმერთი, რომელმაც გააჩაღა ცეცხლი გონებაში!
ჩემს გარდა სხვას ვის შეუძლია ამოხსნას უხეში დოლმენის საიდუმლო?
ჩემს გარდა სხვა ვინ განსაზღრავს მთვარის ასაკს?
ჩემს გარდა სხვა ვინ გაჩვენებთ საიდუმლო ადგილს, სადაც ისვენებს მზე?
სიცოცხლის ეაქტრა
მე მოვკვდი ქვად და ვიქეცი მცენარედ,
მე მოვკვდი მცენარედ და გავიზარდე ცხოველად,
მე მოვკვდი ცხოველად და ვიქეცი ადამიანად.
რისი მეშინოდეს? ნუთუ სიკვდილის შემდეგ მე ოდესმე მცირედ ვიქეცი?
თუ მე მოვკვდები, როგორც ადამიანი, მხოლოდ იმისთვის, რომ ვინავარდო
დალოცვილ სამეფოში; მაგრამ თუნდაც რომ ღვთაებად ვიქცე,
მე უნდა განვაგრძო წინსვლა…
გამარჯვების ეაქტრა
დადექი ილუზიებზე მაღლა!
უყურადღებო სული, რომელიც ვერ შეძლებს გაუმკლავდეს
ილუზიის დამცინავ დემონს,
მიწაზე ილუზიის მონად დაბრუნდება.
რომ გახდე ბედის მმართველი,
შენ თავდაპირველად უნდა შეიცნო საკუთარი თავი.
როცა შენ მოხერხებულად დაისვენებ საკუთარი დრაკონის ფრთებს შორის,
რომელიც არ იბადება და არ კვდება მარადისობის მანძილზე,
სამუდამოდ გაქრებიან აჩრდილები და დატოვებენ მას, რაც შენ იცი…
რადგან ცოდნა…
არ არის მათთვის, ვისი ცხოვრებაც ილუზიებს შორის მიედინება, არამედ ნამდვილი ადამიანისთვის,
რომელიც იყო, არის…
და კვლავაც იქნება – მისთვის, ვისი დროც არასოდეს დასრულდება!
აღსანიშნავია, რომ კელტური ენიდან ჩვენამდე მოღწეული თითოეული ეაქტრის ზუსტი თარგმნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ამერგინის ეაქტრა სხვადასხვა ავტორების მიერ სხვადასხვაგვარადაა ნათარგმნი. თუმცა, დუგლას მონროს ვერსია გაცილებით უფრო გავრცელებულია, ვიდრე სხვა ავტორების.