კიმ კრანსი – მხატვარი, მწერალი, იოგი, ტაროს დასტის “The Wild Unknown Tarot” შემქმნელი
რა გაძლევთ მოტივაციას, რომ აკეთოთ თქვენი საქმე?
ყველაზე კარგად მაშინ ვმუშაობ, როდესაც დაინტრიგებული ვარ, როდესაც მსურს, გავიგო უფრო მეტი. მაშინ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ – ნახატები, ტექსტები ან შემოქმედებითი თანამშრომლობა – გამოდის განსაკუთრებული და ამაში ენერგია იგრძნობა. ცოდნის სურვილი ძლიერი რამაა და ბევრ საკითხში სწორედ ის გვაძლევს ძალას ზრდისთვის.
წარმოადგენენ თუ არა მცენარეები თქვენი სამუშაოს ან ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილს? რა მხრივ?
მე ჩაის ფანატიკოსი ვარ!!! სწორედ ასეთი გზით გავიგე უამრავი რამ მცენარეების შესახებ – მათ გემოებზე, თვისებებზე, ეფექტზე. ახლა, მაგალითად, სერიოზულად ვარ შეყვარებული ტულსის ჩაიზე. როდესაც აფრიკაში ვიყავი წინა თვეს, მას ყოველ დილით ახალ-ახალს ვკრეფდი მცენარეული ბაღიდან. მიწა იქ ძალიან მდიდარია და მე მანამდე არასოდეს გამისინჯავს ტულსი უფრო ძლიერი გემოთი.
თქვენი სამუშაო იარაღებიდან რომლის გარეშე ვერ იცხოვრებდით? (საყვარელი წიგნები, მასალები, სულიერი პრაქტიკები და ა.შ.).
- კალმები: Rotring Tikki Graphic.
- ქაღალდი: Arches Watercolor Blocks.
- წიგნები: სტივენ კინგის “წიგნის წერა” (სერიოზულად, ყველა ხელოვანმა უნდა წაიკითხოს და გადაიკითხოს ხელახლა).
- საიდუმლო იარაღი: ჩემი ყოველდღიური დილის მედიტაციური პრაქტიკა ნამდვილი ტუზია ჩემს ხელში.
რას მიმართავთ შთაგონებისთვის?
ხელოვანთა მემუარებს, ბიოგრაფიებს და ინტერვიუებს. ადვილია, უყურო სხვას და იფიქრო, რომ მათ ყველაფერი გააჩნიათ, მათი ცხოვრება იდეალურია, მათი წარმატება ადვილად მოვიდა და ა.შ. ამას მივყავართ იქამდე, რომ გვიჩნდება დაუკმაყოფილებლობის განცდა და თავს ვგრძნობთ არარაობებად. თუმცა, როდესაც კითხულობ ადამიანების ცხოვრების რეალურ ისტორიებს, გესმის, რისი გავლა მოუხდათ იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის მიეღწიათ, ხედავ ყოველ წინააღმდეგობას, რომელსაც შეეძლო მათი შეჩერება ნებისმიერ მომენტში. ამიტომ ასეთი ისტორიების კითხვა ძალიან ამაღლებს განწყობას და ჩვენ ვხედავთ ხელოვანის ნამდვილ ცხოვრებას პროექციის მაგივრად.
გაგვიზიარეთ 1 რეცეპტი (რომელიც შეიძლება მოიცავდეს განკურნების საშუალებებს, ვარჯიშს, ხელოვნების მეთოდებს, საკვებს, ვიზუალიზაციას და ა.შ. – მოახდინეთ რეცეპტის თქვენეული ინტერპრეტაცია): “იპოვნე ტალღა, იყავი ტალღაზე”.
ადვილი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას სტრესისგან განსაკურნი საშუალება:
- დახუჭეთ თვალები და დახურეთ პირი.
- დაიდეთ ერთი (ან ორივე) ხელი მუცელზე, ჭიპის ქვემოთ.
- ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით. იგრძენით, როგორ აღწევს სუნთქვა თქვენს ხელამდე. ხელი ნელ-ნელა ადის და ჩადის ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე.
- დაე, ხელმა იმოძრაოს თქვენი სუნთქვის შესაბამისად.
- განაგრძეთ მანამდე, სანამდეც შეძლებთ და გაიმეორეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც დრო გექნებათ დღის ბოლომდე. ეს ძლიერმოქმედი პრაქტიკაა, 3-4 ჩასუნთქვაც კი საგრძნობ გავლენას მოახდენს თქვენს განწყობაზე!