არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ტაროთი დაინტერესებული პიროვნება თავისთვის შლის ტაროს, ხოლო არკანების განმარტებას სთხოვს ტაროლოგს, რადგან თავად ვერ გამოაქვს აზრი მიღებული შედეგებიდან. ასევე, ხდება ხოლმე, როცა ერთი ტაროლოგისგან მიღებული შედეგების განხილვას პიროვნება მეორე ტაროლოგთან ცდილობს. მიჩნეულია, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა.
ტაროს თითოეულ არკანას ყოველი ტაროლოგი თავის შეხედულებების და აღქმის მიხედვით განმარტავს. როგორც წესი, არკანის ძირითადი არსის შეცნობის შემდეგ ტაროლოგები თავად წყვეტენ, რომელი მნიშვნელობა უფრო ახლოსაა მათ აღქმებთან და რომელი – არა. მაგალითად, არკანა “კოშკი”, რომლის არსიც მდგომარეობს რაიმეს განადგურებაში, ზოგიერთი ტაროლოგისთვის ნეგატიურ დანაკარგს წარმოადგენს, ზოგისთვის – პოზიტიურ ცვლილებას, ზოგისთვის ეს სერიოზულ სტრესთან ასოცირდება, ზოგისთვის კი – ყოველგვარი ზედმეტისგან გათავისუფლებასთან. ამ შემთხვევაში არკანის არსი ერთია, პირადი აღქმები კი – უამრავი. სწორედ ამიტომ ერთი და იგივე არკანა სხვადასხვა ტაროლოგების მიერ შეიძლება განიხილებოდეს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულად.
მაგალითად, კლიენტი სვამს შეკითხვას, თუ რა არის მოსალოდნელი მის ცხოვრებაში ფინანსური განხრით. პასუხად ამოდის “სულელი”. ტაროლოგი, რომელიც “სულელის” არკანას აღიქვამს შეცდომების დაშვების მომასწავებლად, სულელურ საქციელად და გამოუცდელობად, მიღებულ შედეგს საკუთარი აღქმების შესაბამისად განმარტავს – კლიენტს ფინანსური კუთხით ელოდება პრობლემები, რომლებიც მისივე გამოუცდელობის და შეცდომების გამო იქნება გაჩენილი. თუმცა, იგივე არკანას აბსოლუტურად სხვაგვარად განმარტავს მეორე ტაროლოგი, რომლისთვისაც “სულელი” პოზიტიურ ცვლილებებთან და სიახლეებთან ასოცირდება – კლიენტს ელოდება წარმატებები, სასიამოვნო ცვლილებები და მატერიალური კეთილდღეობის მოპოვება.
რეალურად რომელი შედეგია სწორი?
აღსანიშნავია, რომ ტარო “მუშაობს” მხოლოდ კონკრეტული ტაროლოგისთვის. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელიც ტაროლოგს ტაროს გაშლის დროს მიეწოდება, მხოლოდ მისთვისაა განკუთვნილი, რათა მხოლოდ მან (და არა სხვამ) შეძლოს ზუსტი პასუხების ამოკითხვა თითოეული არკანიდან, ანუ ინფორმაცია, რომელიც კლიენტს უნდა მიაწოდოს, მხოლოდ მისთვის იყოს გასაგები. თუკი ტაროლოგისთვის “სულელის” არკანა პოზიტივთან ასოცირდება და კლიენტისთვის გადასაცემი ინფორმაცია წარმოადგენს სასიამოვნო სიახლეებს, დიდი ალბათობით, სწორედ “სულელი” ამოვა შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ამობრუნებული “ბედის ბორბალი”, რომელიც თავის არსით უსიამოვნებებს მოასწავებს.
სწორედ ამის გამო არაა მიზანშეწონილი ერთ ტაროლოგთან მიღებული შედეგების მეორესთან “გადამოწმება”, რადგან გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული არკანები მხოლოდ კონკრეტული ტაროლოგისთვის ამოვიდა და შესაბამისად, ისინი სხვისი განხილვისთვის არ იყო განკუთვნილი. ასევე, ამის გამო არაა მიზანშეწონილი საკუთარი შედეგების სხვა ტაროლოგთან განხილვაც იმ მიზნით, რომ უფრო სრულყოფილი პასუხები მიიღოთ. უმჯობესია, თავიდანვე შეუკვეთოთ კონსულტაცია, ვიდრე ტაროლოგს მზა შედეგები მიაწოდოთ. ასეთ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ტარო მხოლოდ თქვენ “გესაუბრებათ” და თუკი ვერ ახერხებთ არკანების განმარტებას, უმჯობესია, ცოდნა გაიღრმავოთ, ვიდრე ამ მიზნით დახმარებისთვის სხვას მიმართოთ.