
იმბოლკის მე-9 დღის სახელწოდებაა “დათრგუნულები”.
ეს დღე უკავშირდება ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
დაფიქრდით, ვის იცნობთ ისეთს, ვისაც აქვს დეპრესია, ნევროზი, ზოგადად რომელიმე ფსიქიკური აშლილობა. დაფიქრდით, ვინ არის თქვენს გარშემო ძალადობის მსხვერპლი, ვის ამცირებენ, ვის აყენებენ შეურაცხყოფას, ვის ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობები რთული ცხოვრებისეული პირობების გამო. დაუკავშირდით ამ ადამიანს და გაუწოდეთ დახმარების ხელი. დაეხმარეთ რითიც შეგიძლიათ, თუნდაც 1 ბედნიერი დღე აჩუქეთ, რომ თუნდაც ცოტა ხნით დაივიწყოს თავის პრობლემები და დადებითი ემოციებით დაიმუხტოს. დაელაპარაკეთ, აგრძნობინეთ, რომ მარტო არ არის და მასზეც შესტკივათ გული.
შეგიძლიათ, დაეხმაროთ სრულიად უცნობ ადამიანებსაც და მიუსაფარ ცხოველებსაც, მიიღოთ მონაწილეობა რომელიმე საქველმოქმედო პროექტში და იზრუნოთ მათზე, ვინც ამას ნამდვილად საჭიროებს. გაეცით სიკეთე უანგაროდ.
თუ თავად იმყოფებით რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვენით. აკეთეთ ის, რაც სიხარულს განიჭებთ; იქონიეთ ურთიერთობა მათთან, ვინც გავიწყებთ პრობლემებს; წადით იქ, სადაც თავს მშვიდად გრძნობთ. ასევე, შეგიძლიათ, რომ დაგეგმოთ ვიზიტი ფსიქოლოგთან. კარგი იქნება, თუ თქვენი პრობლემების მოგვარებას დამოუკიდებლად არ ეცდებით და მიმართავთ მათ, ვინც ამაში დაგეხმარებათ.
დღევანდელი რიტუალი შეარჩიეთ იმის მიხედვით, რომ დააბალანსოთ თქვენი ან სხვისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ქვებიდან ატარეთ რომელიმე მათგანი:
- გამჭვირვალე კვარცი
- ლაბრადორიტი
- ვარდისფერი კვარცი
- ამონიტი
- ამეთვისტო
- ციტრინი
დღის ბოლოს განმარტოვდით ოთახში, აანთეთ სანთელი და იფიქრეთ თქვენს ემოციურ და მენტალურ პრობლემებზე. დაფიქრდით, რას წარმოადგენს მათი საფუძვლები და რა უნდა გააკეთოთ ამ პრობლემების მოსაშორებლად. კარგია, თუ იმედიტირებთ კიდეც. გააკეთეთ დღიურში ჩანაწერი, შემდეგ ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც დაკავშირებული იქნება ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებასთან და დაელოდეთ სანთლის ბოლომდე დაწვას, რომ დაასრულოთ ეს დღე.