მაშინ, როდესაც მოვლენები არც თუ ისე სასიამოვნოდ ვითარდება და რთულდება გამოსავლის მოძებნა, საკუთარ თავში ჩაღრმავება ერთადერთ ნათელ წერტილად შეიძლება იქცეს.

გზას, რომელსაც თვითშემეცნებისკენ მივყავართ, ყველაზე კარგად არკანა “განდეგილი” ასახავს. ეს არის იმ ყველაფრის სიმბოლო, რასაც ჩვენი გონება ფარავს. “განდეგილი” გვასწავლის, რომ ძიება საკუთარი თავიდან იწყება და შეგვიძლია, ჩვენივე ცნობიერების წყალობით გზა გავინათოთ გონების ყველაზე ბნელ ლაბირინთებშიც კი.

სულიერი მოთხოვნილებები ხშირად ფიზიკურზე მაღლა დგას. როდესაც მთელი ჩვენი არსებით ვგრძნობთ, რომ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უნდა ვიზრუნოთ, “განდეგილის” ენერგია მხსნელად გვევლინება. მედიტაცია, ვიზუალიზაცია, ქვეცნობიერთან დაკავშირება – ეს ყველაფერი სწორედ ამ არკანის არსის შემადგენელი ნაწილია.

იმისთვის, რომ ქვეცნობიერის სიღრმეებს ჩავწვდეთ, ხშირად განმარტოებაა საჭირო. განმარტოება არ ნიშნავს მარტო ყოფნას. ეს არის საშუალება საკუთარ თავთან მარტო დარჩენისთვის. და სწორედ მაშინ, როდესაც ამას ვახერხებთ, ყველაზე საინტერესო მოგზაურობა იწყება – მოგზაურობა სულიერ სამყაროში.

ხშირად დუმილი უფრო მრავლისმთქმელია. ხშირად მხოლოდ მდუმარების დროს არის შესაძლებელი იმ ჭეშმარიტების პოვნა, რასაც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უიმედოდ ვეძებდით. თუკი გვსურს, რომ ჭეშმარიტება შევიცნოთ, დუმილი უნდა შევინარჩუნოთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი შინაგანი ხმის მოსმენას.

“განდეგილი” გვაჩვენებს, რომ დგება დრო, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი დამოუკიდებლად მოქმედებებია. ვერავინ მოგვცემს ღირებულ რჩევებს ყველაზე უკეთ საკუთარი თავის გარდა; ვერავინ შეძლებს, დაგვანახოს გამოსავალი საკუთარი თავის გარდა; ვერავინ გვაჩვენებს სწორ გზას საკუთარი თავის გარდა. მხოლოდ ყველაფრის კარგად გაანალიზების შემდეგ შევძლებთ, რომ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები.

ყველა კითხვაზე პასუხი ჩვენშია. ჩვენ ისედაც ვიცით პასუხი იმ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით. ჩვენ არ გვჭირდებიან სხვა ადამიანები იმისთვის, რომ გზა გაგვიკვალონ. ამის უნარი თავადაც შეგვწევს. თავადაც შეგვიძლია გზის გაგრძელება, როდესაც ნაბიჯს წინ გაცნობიერებულად ვდგამთ, რადგან ვხედავთ სინათლეს, რომელიც წყვდიადში ანათებს; სინათლეს, რომელიც გზას გვიჩვენებს; და ეს სინათლე ჩვენს ხელთაა.

ეძიეთ თქვენში სიბრძნე. ამაში “განდეგილი” დაგეხმარებათ.