“ტაროს სალონის” პრაქტიკაში უამრავი შემთხვევა გვქონია, როდესაც პირველივე ცდაზე ვერ მომხდარა ცხოვრებისეული მისიის დადგენა. ძალიან ხშირად, როდესაც ვერ ამოდის მისიის არკანა, ადამიანი განიცდის დაბნეულობას, იმედგაცრუებას და შემდეგ გვეკითხება:

„რატომ ვერ მოხერხდა მისიის დადგენა?“

ზოგჯერ ისიც უკითხავთ, რაიმე ცუდს ხომ არ უკავშირდება ეს.

სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღევანდელ პოსტში.

ცხოვრებისეული მისიის დადგენა ტაროს საშუალებით საკმაოდ რთული პროცედურაა. კლიენტს მოეთხოვება, რომ:

  • ნამდვილად სურდეს თავის მისიის გაგება
  • ნამდვილად მზად იყოს თავის მისიის მისაღებად
  • ენდოს ინტუიციას

სწორედ ამის შემდეგ იწყება მისიის დადგენის პროცედურა, რომელიც კლიენტის დაახლოებით 10 წუთიან ლოდინს უდრის, მაგრამ ამ 10 წუთში საკმაოდ ვრცელი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

თუ პირველივე მცდელობაზე არ მოხდა მისიის დადგენა, ეს საშიში ნამდვილად არ არის. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ:

  • ადამიანს თავის ცხოვრებაში აქვს მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპი
  • ადამიანს რეალურად არ სურს თავის მისიის გაგება, არ აინტერესებს ეს საკითხი, მაგრამ გართობის მიზნით „მკითხაობს“
  • ადამიანი არაა მზად თავის მისიის გასაგებად თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე
  • ადამიანი მისიის დადგენის პროცესში არ ენდო თავის ინტუიციას

განვიხილოთ თითოეული მიზეზი:

ადამიანს თავის ცხოვრებაში აქვს მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპი

როდესაც ადამიანის ცხოვრებაში დგას მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპი და დაწყებულია წარსულისგან გათავისუფლების პროცესი, მისიის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება. ეს არის პერიოდი, როდესაც ხდება ღირებულებების გადაფასება, გაცნობიერება, თუ რა არის პრიორიტეტული, რა უნდა ჩაბარდეს წარსულს, რა უნდა დარჩეს აწმყოში და როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ ტაროლოგიური კუთხით ადამიანის ცხოვრებისეული მისიის შესრულების პროცესი შედგება 5 საფეხურისგან. როდესაც პიროვნება იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, თავდაპირველად უნდა მოახერხოს ამ ეტაპის გადალახვა, რადგან წინსვლის შემდეგ მოხდება მისიის უკეთ გაცნობიერება. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. “მისიის ბნელი არკანები”, რომლებიც სწორედ ასეთი გარდამავალი ეტაპის შემდეგ გარდაიქმნებიან ე.წ. “მისიის ნათელ არკანებად”. შესაბამისად, თუ წარმატებით მოხდება ეტაპის გადალახვა, ადამიანის მისიად პირდაპირ ნათელი არკანა ამოვა, ხოლო თუ ვერა – ბნელი, რომელიც მომდევნო ძალისხმევებით უნდა გარდაიქმნას ნათელ არკანად. როდესაც პიროვნება მტკიცედ დგას კონკრეტულ საფეხურზე და არ გეგმავს ცვლილებებს, ან, უბრალოდ, ჯერ კიდევ არ არის ცვლილებების დრო მოსული, მისიის დადგენა შედარებით იოლდება, რადგან შენარჩუნებულია სტაბილურობა, მომავალი გარკვეულწილად განსაზღვრულია, ხოლო გონება დამშვიდებულია და მზადაა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.

ადამიანს რეალურად არ სურს თავის მისიის გაგება, არ აინტერესებს ეს საკითხი, მაგრამ გართობის მიზნით „მკითხაობს“

ადამიანების ნაწილისთვის ტაროთი (და არამარტო) მისიის დადგენა გართობის ერთერთი საშუალებაა. როდესაც პიროვნება რეალურად არაა მონდომებული, გაიგოს თავის მისიის შესახებ და ამას მხოლოდ გასართობ საშუალებად აღიქვამს (მაგალითად, როგორიცაა ყოველდღიური ან ყოველკვირეული ასტროლოგიური პროგნოზების კითხვა), დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება მისიის დადგენა. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ასეთ სიტუაციაშიც კი პირველივე ცდაზე ამოდის მისიის არკანები, რათა პიროვნებაზე მოხდეს გარკვეული სახის ზეგავლენა და თავის ცხოვრებისთვის სხვა კუთხიდან შეხედვა.

ადამიანი არაა მზად თავის მისიის გასაგებად თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე

თუკი ფიქრობთ, რომ ყველას სურს, იცოდეს, რისთვის დაიბადა და რას წარმოადგენს მისი მისია, ცდებით. ადამიანების არც თუ ისე მცირე ნაწილი ასეთი ინფორმაციის მისაღებად არასდროსაა მზად. მიზეზი – შიში, უნდობლობა, სკეპტიციზმი… რიგ შემთხვევებში ამას დროებითი სახე აქვს, მაგალითად, როდესაც ადამიანს კონკრეტული პრობლემის გადაჭრა უფრო აღელვებს, ვიდრე მისიის გაგება. ქვეცნობიერ დონეზე მისთვის ასეთ დროს არ არის აღნიშნული ინფორმაცია ღირებული, თუნდაც ძლიერი ცნობისმოყვარეობის არსებობის შემთხვევაში. ხოლო როდესაც მისი გონება მთლიანად იქნება კონცენტრირებული მისიის გაგების სურვილზე, მიზნის მიღწევა საგრძნობლად გაიოლდება.

ადამიანი მისიის დადგენის პროცესში არ ენდო თავის ინტუიციას

ეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მისიის დადგენაში კლიენტი უშუალო მონაწილეობას იღებს, რაც მოითხოვს მისი მხრიდან ინტუიციისადმი ნდობას. თუ არ მოხდება დადგენის პროცესში გონების დამშვიდება და ინტუიციისთვის მოსმენა, ნაკლები შანსია, მისიის არკანები ამოვიდეს. როდესაც ადამიანი მთლიანად კონცენტრირებულია პროცესზე, ხშირ შემთხვევაში დადებითი შედეგის მიღება პირველივე ცდაზე ხდება.

თუ თქვენს შემთხვევაშიც მოხდა ისე, რომ პირველივე ცდაზე ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი, სანერვიულო არაფერია. მისიის დადგენის პროცედურის გამეორება შესაძლებელია მინიმუმ 7 დღეში.