ახალი წელი მოდის და მოაქვს სიახლეებიც. თუმცა, იმის გაგება, თუ რა სიახლეებს მოგიტანთ ეს წელი პირადად თქვენ, ტაროს არკანის განსაზღვრითაც არის შესაძლებელი.
იმისთვის, რომ გაიგოთ წლის პირადი არკანა, მარტივი ნუმეროლოგიური პროცედურის ჩატარება დაგჭირდებათ.
შეკრიბეთ თქვენი დაბადების დღის და ახალი წლის ციფრები, მაგალითად, 22 სექტემბერი და 2025 წელი:
2 + 2 + 9 + 2 + 0 + 2 + 5 = 22
შესაბამისად, თქვენი 2025 წლის არკანა იქნება “სულელი”. იმ შემთხვევაში, თუ მიღებული შედეგი 22-ზე მეტია, დაიყვანეთ ერთნიშნა რიცხვამდე, რომ მიიღოთ საბოლოო შედეგი. მაგალითად, თუ თქვენი შედეგი იქნება 24:
2 + 4 = 6.
და ა.შ.

რა საკითხები იქნება გააქტიურებული თქვენთვის ახალ წელს?
1.ჯადოქარი
აქტუალური თემები: ნიჭი, უნარები, ნებისყოფა, კომუნიკაბელურობა
წინ წამოიწევს თქვენი ნიჭის და უნარების წარმატებით გამოყენების საკითხი. დაწყებულ საქმეებს ადვილად მიიყვანთ ბოლომდე. რასაც ხელს მოკიდებთ, აუცილებლად მოგიტანთ სასურველ შედეგებს. ეცადეთ, რომ გააძლიეროთ თქვენი ნებისყოფა. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იდეებს, რომ შეძლოთ მათი რეალობად ქცევა. გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ.
2.ქურუმი ქალი
აქტუალური თემები: ინტუიცია, ცოდნა, სულიერება, ფსიქოლოგია, ქვეცნობიერი
გააქტიურდება ისეთი საკითხები, რაც უკავშირდება სულიერებას და ფსიქოლოგიას. გაგიადვილდებათ ადამიანების ამოცნობა და მათი გაგება. თვითგანვითარების და საკუთარი თავის შეცნობის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლები გექნებათ. ენდეთ თქვენს ინტუიციას და არ გაუკეთოთ იგნორირება იმ აღმოჩენებს, რასაც მოულოდნელად გააკეთებთ.
3.იმპერატორი ქალი
აქტუალური თემები: ოჯახი, მზრუნველობა, სტაბილურობა, კომფორტი, ერთგულება
თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ოჯახის თემას. შეინარჩუნეთ მაქსიმალურად დადებითი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, იზრუნეთ მათზე, აჩვენეთ თქვენი სიყვარული და დაუდექით გვერდით რთულ პერიოდებში. გახსოვდეთ, რომ სწორედ ოჯახში მოიპოვებთ სიმშვიდის, სტაბილურობის და კომფორტის განცდას.
4.იმპერატორი
აქტუალური თემები: კარიერა, კონტროლი, წარმატებები, წინსვლები, გამარჯვება
გააქტიურებული იქნება კარიერის და სამსახურის თემები. ზოგადად კარიერული კუთხით სერიოზული წარმატებები გელოდებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეიმუშავებთ სტრატეგიას და ხელში აიღებთ მართვის სადავეებს. თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები და გადადგით ნაბიჯები წინ. გქონდეთ საკუთარი თავის ძლიერი რწმენა და იცოდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია.
5.ქურუმი
აქტუალური თემები: რელიგია, რწმენა, ტრადიციები, განათლება, ცოდნა
თქვენს ცხოვრებაში წინ წამოიწევს ტრადიციების, რწმენის და რელიგიის საკითხი. გადააფასეთ თქვენი ღირებულებები და პრიორიტეტები. ასევე, გაეცით ცოდნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის ადეკვატურად აღქმა, მიღება და სასარგებლოდ გამოყენება. მყარად დაიცავით პრინციპები და იმოქმედეთ საკუთარი სინდისიდან გამომდინარე.
6.შეყვარებულები
აქტუალური თემები: ურთიერთობები, სიყვარული, არჩევანი, კომუნიკაცია
გააქტიურდება ურთიერთობების თემები – სასიყვარულო, მეგობრული, პარტნიორული, თანამშრომლური. ადამიანები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, ამიტომ ყურადღებით შეარჩიეთ თქვენი გარემოცვა. ასევე, გაგიადვილდებთ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ძველი პრობლემების მოგვარება სხვა ადამიანებთან. არ ჩაიკეტოთ და მაქსიმალურად ეკონტაქტეთ ხალხს.
7.ეტლი
აქტუალური თემები: მიზნები, წინსვლა, თვითკონტროლი, წარმატება
დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმ მიზნებს, რომლებსაც დაისახავთ. მოგეცემათ საშუალება, რომ ამ მიზნებს გაცილებით მარტივად მიაღწიოთ, ვიდრე ვარაუდობდით. აკონტროლეთ თავი კრიტიკულ სიტუაციებში და მოერიდეთ უკიდურესობებს. სწორად განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით რეალურ მოქმედებაზე.
8.ძალა
აქტუალური თემები: შინაგანი ძალა, სიმამაცე, ლიდერობა, გამბედაობა
წინ წამოიწევს ისეთი საკითხები, რაც თქვენგან გამბედაობას და სიმამაცეს მოითხოვს. აიღეთ კონტროლი თქვენს ხელში და გადადგით ნაბიჯი ორჭოფობის გარეშე. მიიღეთ ისეთი გადწყვეტილებები, რომლებსაც აქამდე არ იღებდით სხვადასხვა მიზეზების გამო. არაფერს შეუშინდეთ და გქონდეთ საკუთარი ძალების რწმენა.
9.განდეგილი
აქტუალური თემები: სიბრძნე, განმარტოება, საკუთარი თავის შეცნობა, სიმშვიდე
გააქტიურდება ისეთი საკითხები, რაც დაკავშირებულია საკუთარი თავის შეცნობასთან და ღრმა მედიტაციასთან. ეცადეთ, ნაკლებად მოექცეთ სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ და უსმინოთ მხოლოდ თქვენს შინაგან ხმას. ხშირი განმარტოება და სიმშვიდეში ყოფნა საშუალებას მოგცემთ, რომ სრულიად ახალი აღმოჩენები გააკეთოთ საკუთარ თავში.
10.ბედის ბორბალი
აქტუალური თემები: იღბალი, ცვლილებები, მოძრაობა, მოვლენების გამეორება, სიახლეები
თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები და ცვლილებები შემოვა. წინ წამოიწევს თემები, რომლებთანაც შესაძლოა, წარსულში უკვე გქონდათ შეხება. გაიზრდება თქვენი იღბლიანობა, ხშირად გაგიმართლებთ სხვადასხვა საკითხებში და გაგიადვილდებათ სასურველი მიზნების მიღწევა. ხელიდან არ გაუშვათ შანსები და ახალ გამოწვევებს მეტი ოპტიმიზმით შეხვდით.
11.მართლმსაჯულება
აქტუალური თემები: სამართლიანობა, იურიდიული საკითხები, გადაწყვეტილებების მიღება, წესრიგი
გააქტიურდება ისეთი საკითხები, რაც დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეული სფეროს დალაგებასა და მოწესრიგებაში. იყავით სამართლიანი. გამოიჩინეთ დიპლომატია და ტაქტი ხალხთან ურთიერთობის დროს. ასევე, აუცილებლად მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. ნებისმიერ საქმეში თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევა შესაბამის შედეგებს მოგიტანთ.
12.ჩამოკიდებული კაცი
აქტუალური თემები: მსხვერპლზე წასვლა, მოთმინება, ამტანობა, ალტრუიზმი
თქვენს ცხოვრებაში ალტრუიზმის საკითხი წამოიწევს წინ. უფრო მეტს გასცემთ, ვიდრე მიიღებთ, მაგრამ ეცადეთ, რომ ამ მხრივ შეძლებისდაგვარად დაიცვათ ბალანსი. მიზნების მისაღწევად შესაძლოა, დაგჭირდეთ მსხვერპლის გაღება, ამიტომ დაფიქრდით, რამდენად გიღირთ ასეთ მსხვერპლზე წასვლა. გამოიჩინეთ მოთმინების უნარი და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ბედნიერების მოპოვებას მხოლოდ გაცნობიერებული მოქმედებებით შეძლებთ.
13.სიკვდილი
აქტუალური თემები: ახალი ცხოვრება, ტრანსფორმაცია, ცვლილებები, სიახლეები, გათავისუფლება, წარსულისგან სამუდამოდ ჩამოშორება
დადგება პრიორიტეტების გადაფასების დრო. დაიწყებთ სრულიად ახალ ცხოვრებას და სამუდამოდ გათავისუფლდებით წარსულის იმ გადმონაშთებისგან, რაც აქამდე სერიოზულად გაბრკოლებდათ და არ გაძლევდათ წინსვლის საშუალებას. უარი არ თქვათ სიახლეებზე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამის გამო დისკომფორტი შეგექმნათ. დაისახეთ ახალი მიზნები, დაგეგმეთ ყოველი დეტალი და სინანულის გარეშე გადადგით ნაბიჯი წინ.
14.თავშეკავება
აქტუალური თემები: ჰარმონია, ბალანსი, თანასწორობა
გააქტიურდება სხვადასხვა ცხოვრებისეული სფეროების დაბალანსების საკითხი. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხელშეწყობა გექნებათ. შეძლებთ ძველი პრობლემების მოგვარებას და თავიდან აირიდებთ ახალ გართულებებს. ასევე, საგრძნობლად გაუმჯობესდება თქვენი ურთიერთობები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია.
15.ეშმაკი
აქტუალური თემები: ეგოიზმი, ცდუნება, სექსი, ვნება, მავნე ჩვევები
გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენოთ და უარი არაფერზე თქვათ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ცდუნებებზე აყოლამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, თქვენს თავს საზღვრები დაუწესოთ და იცხოვროთ საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ არავის მიაყენოთ ზიანი ამის გამო. არ მოექცეთ არავის გავლენის ქვეშ და იხელმძღვანელეთ მხოლოდ საკუთარი პრინციპებით.
16.კოშკი
აქტუალური თემები: გათავისუფლება, გამოღვიძება, სტერეოტიპების მსხვრევა, განადგურება, რადიკალური ცვლილებები
თქვენთვის პრიორიტეტული გახდება ისეთი საკითხები, რაც ეხება რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. თამამად თქვით უარი იმ ყველაფერზე, რასაც თქვენთვის აღარ მოაქვს სარგებელი. გამოდით კომფორტის ზონიდან. გათავისუფლდით ყველანაირი ნეგატივისგან, რაც ცხოვრებაში ხელს გიშლით და წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. შესაძლოა, რადიკალური ცვლილებების მიღება არც ისე მსუბუქი აღმოჩნდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ისევ თქვენი განვითარებისთვის იქნება კარგი.
17.ვარსკვლავი
აქტუალური თემები: ოპტიმიზმი, მეგობრობა, იმედი, სულიერი განკურნება, მომავლის პერსპექტივები
თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება მომავლის ისეთი პერსპექტივები, რაც აქამდე არ არსებობდა. ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებით შეძლებთ, რომ მიზნებს გაცილებით მარტივად მიაღწიოთ. დიდი როლი მიენიჭებათ მეგობრებსაც. მათი დახმარებით ყველანაირ სირთულეს გადალახავთ. არ დაკარგოთ მომავლის იმედი და ეცადეთ, უფრო მეტად განეწყოთ ოპტიმისტურად.
18.მთვარე
აქტუალური თემები: ინტუიცია, ინსტინქტები, საიდუმლოებები, გაურკვევლობა
გააქტიურდება საკითხები, რაც საიდუმლოებებს და დაფარულ ინფორმაციას ეხება. შესაძლოა, ბევრი რამ თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ თუ მოუსმენთ შინაგან ხმას და ენდობით ინტუიციას, ყველანაირ გაურკვევლობას სინათლეს მოჰფენთ. არ ენდოთ ჭორებს. გადაამოწმეთ ისეთი ინფორმაცია, რასაც თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არავის დაუჯეროთ მანამდე, სანამ არ დარწმუნდებით ინფორმაციის სისწორეში. მეტი წინდახედულობა გამოიჩინეთ და ყველაფერს მარტივად გადალახავთ.
19.მზე
აქტუალური თემები: სიხარული, წარმატება, გართობა, პოზიტივი, წინსვლა, აქტიურობა
თქვენს ცხოვრებაში წინ წამოიწევს თემები, რომლებიც სიხარულის და ბედნიერების განცდას მოგიტანთ. თქვენი აქტიურობა და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ სასურველი მიზნების მიღწევაში. რაც უფრო ენერგიული იქნებით, უფრო მეტ დადებით ცვლილებას მოიზიდავთ. გაერთეთ, ეკონტაქტეთ სასიამოვნო ადამიანებს, მეტი დრო დაუთმეთ ჰობის და გახსოვდეთ, რომ თქვენს მიერ საქმეში ჩადებული ძალისხმევა უკვალოდ არ გაქრება.
20.სამსჯავრო
აქტუალური თემები: ღირებულებები, პრიორიტეტები, კარმა, გამოღვიძება, მნიშვნელოვანი ცვლილებები, ნათესავები, წინაპრები
თქვენს ცხოვრებაში მოხდება ისეთი რამ, რაც დაგაფიქრებთ თქვენს ღირებულებებზე და პრიორიტეტებზე. მიიღებთ იმას, რაც კარმულად დაიმსახურეთ. ასევე, წინ წამოიწევს ნათესავების და წინაპრების თემაც. არ აჩქარდეთ, იმოქმედეთ გააზრებულად. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ და დაელოდეთ მოვლენების დამოუკიდებლად განვითარებას.
21.სამყარო
აქტუალური თემები: წარმატება, წინსვლა, ახალი ნაცნობები, მოგზაურობა, სხვა ქვეყანა
გააქტიურდება ისეთი საკითხები, რაც ეხება მოგზაურობას და უცხო ქვეყნებს. არ თქვათ უარი სხვა ქვეყნების მონახულებაზე, ახალ ნაცნობობაზე და ახალი შთაბეჭდილების მიღებაზე. შეგიძლიათ, შეისწავლოთ უცხო ენა. ასევე, იზრუნეთ დაწყებული საქმეების დასრულებაზე. დაუთმეთ დრო თქვენთვის საინტერესო საქმიანობებს და გახსოვდეთ, რომ მთელი სამყარო თქვენს მხარესაა.
22.სულელი
აქტუალური თემები: დასაწყისი, ახალი შთაბეჭდილებები, სიახლეები, პოზიტივი
მოემზადეთ სიახლეებისთვის. შეგიძლიათ, მაქსიმალურად განაახლოთ თქვენი ცხოვრება. დაიწყეთ მუშაობა ახალ სამსახურში, შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, გაიცანით ახალი ადამიანები, დაიწყეთ რაიმე ახლის შესწავლა. თქვენი ინტერესი რაიმე კონკრეტულის მიმართ იდეების გაჩენაშიც დაგეხმარებათ. განეწყვეთ ოპტიმისტურად და თამამად გარისკეთ შესაბამის სიტუაციებში.
ბედნიერ წელს გისურვებთ!