img_20161129_155231

ზოგჯერ ხდება, რომ ყველაზე გამოცდილ ტაროლოგსაც კი არ შეუძლია, განმარტოს ტაროს გაშლის დროს ამოსული არკანების მნიშვნელობა. ამ დროს ტაროლოგები ამბობენ, რომ “არკანები სდუმან” და წყვეტენ სეანსს.

რეალურად არკანები სულაც არ სდუმან. სდუმს ტაროლოგის ინტუიცია და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. თუ არკანებიდან “არ ჩანს” პასუხი, ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • გაშლის არასწორი მეთოდი
  • ენერგეტიკული კავშირის დარღვევა
  • ანტიპათია
  • არასწორად დასმული შეკითხვა
  • ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა
  • არასერიოზული დამოკიდებულება
  • გამოუცდელობა
  • კონცენტრაციის ნაკლებობა
  • შესაბამისი განწყობის არარსებობა
  • განმეორებითი სეანსი
  • არასწორად შერჩეული დასტა
  • აბსტრაქტული სეანსი
  • მთვარის დღის ნეგატიური გავლენა
  • აქტიური კლიენტი
  • უარყოფითი მდგომარეობა

და ა.შ.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

გაშლის არასწორი მეთოდი

მკითხაობის, კონსულტაციის და დიაგნოსტიკის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ გაშლის რა მეთოდია შერჩეული. მაგალითად, როცა კლიენტს აწუხებს 2-3 შეკითხვა, ხოლო ტაროლოგი სთავაზობს დაახლოებით 10 არკანიან გაშლას იმის გამო, რომ მიღებული იქნას უფრო ვრცელი პასუხები, შესაძლებელია, ზედმეტმა და უსარგებლო ინფორმაციამ გამოიწვიოს უკუშედეგი. ზოგჯერ პირიქით ხდება – სწორედაც რომ 1 არკანაზე მეტის ამოღებაა საჭირო 1 კითხვაზე პასუხის გასაცემად, მაგრამ არც თუ ისე ხშირად გაშლის არასწორ მეთოდებს დადებითი შედეგები არ მოაქვთ.

ენერგეტიკული კავშირის დარღვევა

ტაროთი ჩატარებული კონსულტაციის სეანსი მოითხოვს ენერგეტიკული კავშირის ჩამოყალიბებას ტაროლოგსა და კლიენტს შორის. როდესაც ტაროლოგი ვერ გრძნობს კლიენტთან ერთიანობას ენერგეტიკულ დონეზე, დიდი ალბათობით, მიღებული პასუხები იქნება აბსურდული, უშინაარსო და/ან არასაკმარისი.

ანტიპათია

ანტიპათია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სეანსის ჩატარების პროცესში. შეიძლება, ტაროლოგს და კლიენტს (ორივეს ან ერთერთს) არ მოსწონდეთ ერთმანეთი. ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო საკითხია – საქმიანი ურთიერთობის დროს ემოციებს არ უნდა მიექცეს ყურადღება, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება. ტაროლოგი, რომელსაც აღიზიანებს თავის კლიენტი და რომელსაც ემოციები უშლის ხელს მუშაობაში, ხარისხიან სეანსს ვერ ჩაატარებს. ანალოგიურად – როცა კლიენტს აღიზიანებს ტაროლოგი, შეიძლება, არ მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ სეანსი ხარისხიანად ჩატარდეს. საბოლოოდ ორივე მხარე უკმაყოფილო რჩება, ხოლო მიღებული შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

არასწორად დასმული შეკითხვა

როდესაც ტაროს გაშლის დროს შეკითხვას არასწორად სვამენ, შედეგად არასწორი ინფორმაციის მიღება ხდება. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელიც კი არის მიღებული პასუხის გაშიფრვა. მაგალითად, როდესაც კლიენტი კითხულობს, თუ როდის მოხდება ესა თუ ის მოვლენა, შედეგი ყოველთვის იქნება გაურკვეველი, რადგან ტაროს საშუალებით დროის განსაზღვრა ვერ ხერხდება. შესაბამისად, პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეკითხვა უნდა დაისვას სწორად, მაგალითად, რამდენად დიდი შანსია, რომ ესა თუ ის მოვლენა მოხდეს ამა და ამ დროს.

ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა

ზოგჯერ კლიენტი მიდის ტაროლოგთან და სთხოვს, გაუშალოს ტარო რაიმე კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ შინაგანად არ არის მზად იმისთვის, რომ მიიღოს პასუხი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, კლიენტს დაშორდა საყვარელი ადამიანი და სურს, გაიგოს, დაუბრუნდება თუ არა უახლოეს პერიოდში, მაგრამ რეალურად ელოდება დადებით პასუხს, რადგან რაიმე უარყოფითის მოსასმენად მზად არ არის. ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ მიღებული პასუხი იყოს აბსურდული.

არასერიოზული დამოკიდებულება

არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც კლიენტი კონსულტაციაზე მიდის იმისთვის, რომ გაერთოს, “გამოსცადოს” ტაროლოგი და შემდეგ არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულოს. არასერიოზული დამოკიდებულება ტაროს, ტაროლოგის და ტაროლოგიური სეანსის მიმართ ხშირ შემთხვევაში არკანების “დუმილით” სრულდება.

გამოუცდელობა

დამწყები ტაროლოგები ხშირად აწყდებიან ერთ სერიოზულ პრობლემას კლიენტებთან ურთიერთობის დროს – ამას გამოუცდელობა ეწოდება. რამდენიც არ უნდა უარვყოთ, გამოცდილებას ძალიან დიდი, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც ტაროლოგს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა, მისთვის შეიძლება ნებისმიერ მომენტში “დადუმდნენ” არკანები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდილი ტაროლოგების შემთხვევაშიც ხშირია ასეთი პრობლემა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე ახალს ცდიან, მაგალითად, თუკი შლიან ტაროს ისეთ საკითხზე, რაზეც თითქმის არ უმუშავიათ.

კონცენტრაციის ნაკლებობა

ზოგჯერ ტაროლოგი შლის ტაროს, მაგრამ გონებით კლიენტის საკითხზე კი არა, არამედ, აბსოლუტურად სხვა თემაზე ფიქრობს. კონცენტრაციის ნაკლებობა ხელს უშლის ტაროლოგს იმაში, რომ არკანებიდან მიღებული ინფორმაცია განმარტოს. ამის თავიდან ასაცილებლად ტაროლოგების გარკვეული ნაწილი სეანსის ჩატარების წინ მედიტირებს ხოლმე.

შესაბამისი განწყობის არარსებობა

როდესაც ტაროლოგს არ სურს რაიმე საკითხზე ტაროს გაშლა, მაგრამ ამას იძულებით აკეთებს, შესაძლებელია, შეექმნას პრობლემა პასუხების გაშიფრვაში. მაგალითად, კლიენტი ითხოვს იმ თემის განხილვას, რაც ტაროლოგს არ აინტერესებს (ვთქვათ, რამდენად დიდი შანსი აქვს სამსახურში დაწინაურებისთვის), მაგრამ მაინც ხდება ტაროს გაშლა (ვთქვათ, კლიენტი იხდის გაცილებით მეტს, ვიდრე ტაროლოგი ითხოვს ძირითადად). ზოგჯერ ტაროლოგი უბრალოდ დაღლილია, კლიენტი კი დაჟინებით ითხოვს სეანსის ჩატარებას. ასეთი დათმობებით ნაკლებად სავარაუდოა, მიღებული იქნას ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია.

განმეორებითი სეანსი

არსებობენ კლიენტები, რომლებისთვისაც საკმარისი არასდროსაა 1 საკითხზე 1 სეანსის ჩატარება. ისინი მუდმივად ითხოვენ ერთი და იგივე შეკითხვების დასმას თითქმის ყოველდღიურად იმ იმედით, რომ “შეიძლება, რაღაც შეიცვალა”. საბოლოოდ ტაროლოგი იღებს ან აბსურდულ შედეგებს, ან საერთოდ ვეღარ ახერხებს არკანების სწორად განხილვას.

არასწორად შერჩეული დასტა

ტაროს დასტები უამრავი სახისაა. დღესდღეობით მათი სიმრავლე საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ტაროლოგის გემოვნება სრულად იქნას დაკმაყოფილებული. თუმცა, ზოგჯერ ტაროლოგი არასწორად არჩევს სამუშაო დასტას, რაც სეანსის ჩატარების პროცესზე უარყოფითად აისახება. მიუხედავად მიმზიდველი სურათებისა, ტაროლოგი ვერ ახერხებს არკანებიდან ინფორმაციის ამოკითხვას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, დასტა შეიცვალოს.

აბსტრაქტული სეანსი

ზოგჯერ კლიენტმა არ იცის, რის შესახებ სურს ტაროს გაშლა, უბრალოდ სურვილი აქვს, რომ მისთვის სეანსი ჩატარდეს. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება არკანებიდან ინფორმაციის სწორად ან სრულყოფილად ამოკითხვა და შესაძლებელია, სეანსი საერთოდ არ შედგეს კიდეც, რადგან იმისთვის, რომ მოხდეს პასუხების მიღება, საჭიროა, დაისვას კონკრეტული შეკითხვები.

მთვარის დღის ნეგატიური გავლენა

ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, რომ ტაროლოგი ვერ ახერხებს პასუხების მიღებას არკანებიდან მთვარის დღის ნეგატიური გავლენის გამო. ეს ეხება მთვარის მე-9, მე-15, მე-19, 23-ე და 29-ე დღეებს. ამ შემთხვევაში 1 დღიანი მოცდაც საკმარისია სეანსის განმეორებით ჩასატარებლად.

აქტიური კლიენტი

იმისთვის, რომ ტაროს გაშლის სეანსი ტაროლოგმა ხარისხიანად ჩაატაროს, საჭიროა შესაბამისი ატმოსფეროს შექმნა, რაც მოიაზრებს მინიმუმ მშვიდ გარემოში ყოფნას. თუმცა, ზოგიერთ კლიენტს ეს არ ესმის და სეანსის პროცესში სვამს უამრავ შეკითხვას, რომლებზე პასუხის გაცემასაც არ აცლის ტაროლოგს, გამოთქვამს თავის აზრებს და ეჭვებს ხმამაღლა და გაუჩერებლად, ვერ ისვენებს, სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებს და ა.შ. ზოგიერთ ტაროლოგზე ასეთი კლიენტი ზეგავლენას ვერ ახდენს, მაგრამ ზოგიერთს პირიქით – ხელი ეშლება და ვერ ახერხებს ინფორმაციის მიღებას.

უარყოფითი მდგომარეობა

როდესაც ტაროლოგი ფიზიკურად, მენტალურად ან ემოციურად თავს გრძნობს ცუდად, ეს მის მუშაობის ხარისხზეც ნეგატიურად აისახება. ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს სეანსის პროცესში ვერ ხერხდება მინიმალური ინფორმაციის მიღებაც კი. ამიტომ თუკი ტაროლოგი თავს შეუძლოდ გრძნობს, უმჯობესია, სეანსის ჩატარებაზე უარი თქვას.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რაც ხელისშემშლელად მოქმედებს სხვადასხვა სიტუაციებში. თუ ვერ ხერხდება სეანსის ჩატარება, ნორმალური ტაროლოგი კლიენტს ამის შესახებ აუწყებს ხოლმე. შემდეგ კი ხდება სეანსის გადადება ან დასრულება. ეს სულაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. საჭიროა, ტაროლოგმა და კლიენტმა ერთად გაარკვიონ, რატომ ვერ ხერხდება არკანებიდან ინფორმაციის მიღება. მიზეზის აღმოჩენის შემდეგ კი ერთობლივად გადაწყვეტენ, თუ როგორ მოიქცნენ. ზოგადად კი უმჯობესია, სეანსი მომდევნო დღისთვის გადაიდოს. ეს საშუალებას მისცემს ორივე მხარეს, მიზეზები საკუთარ თავებში ეძებონ და არა – ერთმანეთში.