ტაროს ენერგეტიკული წმენდა არის პროცესი, როდესაც ხდება დასტის გასუფთავება ზედმეტი და “უცხო” ენერგოინფორმაციისგან. ენერგეტიკულ წმენდას მიმართავენ მაშინ, როდესაც დასტა ახალი შეძენილი აქვთ ან მაშინ, როდესაც გრძნობენ, რომ დასტა ენერგეტიკულად ძალიან დაბინძურდა. ასეთ შემთხვევებად ძირითადად ითვლება ტაროს ხშირი გაშლა რთულ და პრობლემურ საკითხებზე, არასწორი და აბსურდული პასუხების მიღება გაშლის დროს, ტაროს გაშლა უსიამოვნო ადამიანისთვის და უცხო ან არასასურველი პიროვნების მიერ ტაროს დასტაზე შეხება. გარდა ამისა, არსებობს სხვა, ინდივიდუალური მიზეზები წმენდის ჩასატარებლად და ამას ყოველი ტაროლოგი თავად წყვეტს საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით.

წმენდისთვის ხშირ შემთხვევაში იყენებენ 4 სტიქიიდან რომელიმეს (ცეცხლი,მიწა, ჰაერი, წყალი), თუმცა, მათ გარდა პრაქტიკაში სხვა მეთოდებიც გამოიყენება. მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალური მოსაზრებების საფუძველზე:

სტიქია ცეცხლი

1.ანთებენ სანთელს (თეთრს ან შავს) და არკანებს სათითაოდ, სწრაფი მოძრაობით ატარებენ ცეცხლის ალზე ორივე მხრიდან. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რომ ბანქოები არ დაიწვას ან არ დაზიანდეს.

2.ანთებენ სანთელს (თეთრს ან შავს) და მთელ დასტას რამდენჯერმე ატარებენ სწრაფი მოძრაობით ცეცხლის ალზე.

ცეცხლის სტიქიით წმენდა საკმაოდ უხეშ წმენდად ითვლება, რადგან ნადგურდება აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაცია – დადებითიც და უარყოფითიც. ასეთი წმენდის შემდეგ დასტა ენერგეტიკული თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება იმ დასტებისგან, რომლებიც ახლახანს დაბეჭდეს. ამიტომ მანამდე, სანამ ცეცხლით წმენდას აირჩევთ, უმჯობესია, კარგად დაფიქრდეთ – ნამდვილად გსურთ თუ არა დასტაზე დაგროვებული ინფორმაციის განადგურება.

სტიქია მიწა

1.ტაროს დასტას მთვარის დაღმავალი ფაზის პერიოდში მარხავენ მიწაში. დასტა გახვეული უნდა სპეციალურ დამცავში (მაგალითად, ცელოფანი), რომ არ დაზიანდეს. ტოვებენ მთელი ღამის, იშვიათად – რამდენიმე დღის (1-10 დღე) მანძილზე.

2.ღრმა ჭურჭელში ყრიან მარილს (მარილი მიწის სტიქიის სახესხვაობად ითვლება) და დასტას მთლიანად “ძირავენ” მასში. ტოვებენ 12-24 სთ-ის განმავლობაში.

სტიქია ჰაერი

1.წვავენ საკმეველს, სურნელოვან ჩხირს ან ბალახეულს და არკანებს სათითაოდ ატარებენ კვამლში.

2.წვავენ საკმეველს, სურნელოვან ჩხირს ან ბალახეულს და მთელ დასტას მანამდე ტოვებენ კვამლში, სანამ აღნიშნული ნივთიერება ბოლომდე არ დაიწვება.

3.დასტას დებენ ღია ფანჯარასთან მთელი ღამის განმავლობაში.

სტიქია წყალი

1.დასტას დებენ ქილაში, მჭიდროდ ახურავენ სახურავს (შეიძლება ცვილით დალუქვაც) და ქილას ათავსებენ გამდინარე წყლის ქვეშ მინიმუმ 1 სთ-ის მანძილზე.

2.დასტას დებენ ქილაში, საჭიროების შემთხვევაში ახურავენ სახურავს, ქილას კი დებენ შედარებით დიდ წყლიან ჭურჭელში. ტოვებენ 12 სთ-ის განმავლობაში.

გამჭვირვალე კვარცი

მთვარის დაღმავალი ფაზის პერიოდში დასტას იღებენ ყუთიდან და დებენ მასზე გამჭვირვალე კვარცის ნატეხს. ტოვებენ 12-24 სთ-ის განმავლობაში.

მთვარის დაღმავალი ფაზა

მთვარის დაღმავალი ფაზის პერიოდში დასტას დებენ ფანჯრის რაფაზე და ტოვებენ 3-7 დღის განმავლობაში

არკანები თანმიმდევრულად

ალაგებენ დასტას შემდეგი თანმიმდევრობით:

  • მაღალი არკანები 0-დან 21-ის ჩათვლით
  • “კვერთხები” ტუზიდან მეფის ჩათვლით
  • “თასები” ტუზიდან მეფის ჩათვლით
  • “ხმლები” ტუზიდან მეფის ჩათვლით
  • “პენტაკლები” ტუზიდან მეფის ჩათვლით

ყველა არკანა განთავსებული უნდა იყოს სწორ მდგომარეობაში. საჭიროა 7 დღის განმავლობაში დატოვება.

შეარჩიეთ წმენდის სასურველი მათგანი და გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ თქვენი ტაროს დასტა ამას ნამდვილად საჭიროებს. სხვა შემთხვევაში ასეთი მოქმედების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.