იყო დრო, როცა ტაროს გაშლა მხოლოდ ადამიანების პირისპირ შეხვედრით იყო შესაძლებელი. თუმცა, ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება ხალხი და ვითარდება ტექნოლოგიებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, ბევრად უფრო მარტივად მოვაგვაროთ ესა თუ ის საკითხი. სწორედ ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ დღესდღეობით ტაროთი კონსულტაციის გაწევა შესაძლებელია არამარტო პირისპირ შეხვედრით, არამედ, დისტანციურად.

დისტანციური კონსულტაცია ითვალისწინებს ტაროს გაშლას, როდესაც ტაროლოგი და კლიენტი ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან. ასეთ დროს საჭირო არაა, კლიენტი ტაროლოგის წინ იჯდეს და მონაწილეობას იღებდეს მთელ პროცესში. საკმარისია მხოლოდ კლიენტის პირადი მონაცემები და კომუნიკაციის საშუალება – კომპიუტერი ან ტელეფონი.

აღსანიშნავია, რომ ასეთი კონსულტაციები ხშირად იწვევს ადამიანების უნდობლობას.

“როგორ უნდა მიიღოთ ჩემზე ინფორმაცია, თუკი არ შევხვდებით?” – ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა კლიენტების მხრიდან. რეალურად კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა.

თუკი ტაროლოგს გააჩნია კლიენტის მონაცემები (ფოტო, სახელი და დაბადების თარიღი), ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად იცის, ვისთვის შლის ტაროს, შესაბამისად, ინფორმაციის მიღება მოხდება არა გაურკვეველი პიროვნებისთვის, არამედ, სწორედ იმ კლიენტისთვის, ვინც მას კონსულტაციისთვის მიმართა.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური კონსულტაციის საშუალებები სხვადასხვა სახისაა. ყველაზე ხშირად გამოიყენება მესენჯერები, მეილი და ტელეფონი. განვიხილოთ თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მესენჯერები

  • პლუსი: ძალიან მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ონლაინ რეჟიმში კონსულტაცია (მაგალითად, ცხოვრებისეული მისიის დადგენის ან ჩაკრების დიაგნოსტიკის დრო) და კლიენტის უშუალო მონაწილეობა გაშლის პროცესში. ასეთ დროს მომენტალურად ხდება ინფორმაციის გაცვლა, რაც კონსულტაციის სეანსს საგრძნობლად ამარტივებს.
  • მინუსი: თუკი საჭიროა ვრცელი და პუნქტებად დაყოფილი ტექსტის გაგზავნა, უმჯობესია, არჩევანი მესენჯერზე არ შეჩერდეს, რადგან ასეთი მასალის მომზადება გაცილებით მარტივია Microsoft Office Word-ში.

ელექტრონული ფოსტა

  • პლუსი: ელ-ფოსტა ერთი შეხედვით მოძველებული მეთოდია კლიენტთან ურთიერთობისთვის, თუმცა, ის შესანიშნავი საშუალებაა ტექსტური ფაილების ან ვრცელი წერილების გასაგზავნად. სწორედ ელ-ფოსტით ხდება ყველაზე სრულყოფილი შედეგების მიწოდება კლიენტისთვის. გარდა ამისა, კლიენტს წერილობითი სახის მასალა რჩება, რაც საშუალებას აძლევს, დროდადრო გადახედოს კონსულტაციის შედეგს და სხვადასხვა რჩევები გაითვალისწინოს.
  • მინუსი: ონლაინ რეჟიმში მიმოწერისთვის ელ-ფოსტა ნაკლებად მოსახერხებელია. ასევე, არ ღირს მისი გამოყენება, როდესაც საჭიროა კლიენტის უშუალო მონაწილეობა ტაროს გაშლის პროცესში.

ტელეფონი

  • პლუსი: ტელეფონით კონსულტაცია იდეალური საშუალებაა იმ შემთხვევაში, როცა კლიენტი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული თავის აზრებში და სურს, რომ ტაროს გაშლის პროცესში ნელ-ნელა დასვას შეკითხვები. ასეთ დროს ტაროლოგს შეუძლია, დაეხმაროს კლიენტს და მიაწოდოს იდეები იმის თაობაზე, თუ რა კუთხით იქნება უმჯობესი კონსულტაციის წარმართვა.
  • მინუსი: ტელეფონით კონსულტაციის გაწევას ბევრი ტაროლოგი არ თანხმდება. მიზეზი არის ის, რომ ტელეფონით კონსულტაცია საკმაოდ შრომატევადი პროცესია და თან ვერ ხერხდება იმდენად ვრცელი ინფორმაციის მიღება, როგორც ტექსტური მასალის მომზადების დროს. გარდა ამისა, კლიენტების ნაწილი ზედიზედ სვამს შეკითხვებს და არ ელოდება პასუხების მიღებას, რის გამოც ფერხდება მუშაობის პროცესი.

საერთოდ კი ეს საკითხი ძალიან ინდივიდუალურია – ზოგ ტაროლოგს მესენჯერებით მუშაობა ურჩევნია, ზოგს მეილით, ზოგს ტელეფონით, ზოგს კი შეხვედრის გარეშე არაფერი გამოსდის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ტაროლოგისთვის ტაროს გაშლა დისტანციურადაც ისევე ადვილია, როგორც პირადი შეხვედრის შემთხვევაში.